პრემიერლიგა. XVII ტურის წინ: შეტევა დაცვის წინააღმდეგ

AutoSharing Option
გასული უქმეების შემდეგ პრემიერლიგას ახალი ლიდერი ჰყავს - "ლივერპული", რომელიც ძალიან კარგად უძლებს უაღრესად დაძაბულ რიტმს და პრემიერლიგის დარად, ნაყოფიერად ირჯება ჩემპიონთა ლიგაშიც, სადაც იურგენ კლოპის გუნდმა პლეი ოფში გააღწია.

"ლივერპული" ახლა ფავორიტია "მანჩესტერ იუნაიტედთანაც", რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში საგარეო მარცხი იწვნია "ვალენსიასთან". "წითელი ეშმაკების" დამრიგებელი ჟოზე მოურინიო დაცვითი ფეხბურთის აპოლოგეტად ითვლება, კლოპი კი - პირიქით.

"ლივერპულს" გარკვეული პრობლემები აქვს დაცვაში. კარგა ხანია, დაშავდა ჯო გომესი. ასევე დაიწერა იმის თაობაზე, რომ "ნაპოლისთან" შეხვედრაში ტრავმა მიიღო ცენტრალურმა მცველმა ჟოელ მატიპმა. ვნახოთ, შეძლებს
თუ არა ის გამოჯანმრთელებას.

"სიტი" ეთამაშება "ევერტონს" და, რა თქმა უნდა, ფავორიტია. ეგაა, ლივერპულელები ყველა შეხვედრაში შმაგად იბრძვიან, თუნდაც ფავორიტებთან და პეპ გვარდიოლას გუნდსაც არ ელოდება იოლი თამაში. თან "სიტის" ხასიათის გამოკეთება მართებს, რადგან წინა ტურში საგარეო მარცხი "ჩელსისთან", ლიდერობის დათმობად დაუჯდა.

წესით, წარმატებული სერია უნდა გააგრძელოს "ჩელსიმ". ბოლო დროს მაურიციო სარის გაწვრთნილ გუნდს შედარებით არასტაბილურობა კი დასჩემდა, მაგრამ "ბრაიტონს" უნდა აჯობოს. სარი ბოლო დროს ძალიან თავმდაბლობს, მაგრამ თქმა რად უნდა იმას, რომ ამჯერადაც მხოლოდ 3 ქულა ექნება დაგეგმილი.

რთული გასვლითი შეხვედრა ელის "არსენალს" "საუთჰემპტონთან", მით უმეტეს, თუ "მეთოფეთა" დაცვაში არსებულ პრობლემებს გავითვალისწინებთ. გუნდს ხანგრძლივი ვადით გამოაკლდა ცენტრალური მცველი რობ ჰოლდინგი. "საუთჰემპტონი" მიმდინარე სეზონში ვერაფერი ბედენაა, მაგრამ ამ ტრადიციულმა კლუბმა ოდესმე უნდა მოუმატოს. თან არ დაგვავიწყდეს. "წმინდანებს" ახალი მწვრთნელი ჰყავთ - "ლაიპციგის" ექსბოსი რალფ ჰაზენჰუტლი. ახალი მწვრთნელის ფაქტორი კი ძალიან ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს.

ფაქტები
  • "სიტისა" და "ევერტონის" ბოლო 2 შეხვედრაში ორივემ გაიტანა მინიმუმ ორი გოლი მაინც.
  • "კრისტალ პალასმა" ბოლო 2 შეხვედრაში მოახერხა "ლესტერის" დამარცხება.
  • "ჰადერსფილდისა" და "ნიუკასლის" ბოლო 2 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.
  • "ტოტენჰემმა" ბოლო შეხვედრაში 3:0 მოუგო "ბარნლის".
  • "უოტფორდისა" და "კარდიფის" ბოლო 2 შეხვედრაში ორივემ შეაგდო.
  • "ვულვზი" და "ბორნმუთი" ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ოთხივეჯერ ორივემ გაიტანა.
  • "ჩელსი" სულ ორჯერ შეხვდა "ბრაიტონს" და ორივე თამაში მოუგო.
  • "საუთჰემპტონისა" და "არსენალის" ბოლო 2 მატჩში ორივემ გაიტანა.
  • ანალოგიური მაჩვენებელი დაფიქსირდა "ლივერპულისა" და "მანჩესტერის" შემთხვევაში.

პრემიერლიგა. XVII ტური
შაბათი, 15 დეკემბერი
მანჩესტერ სიტი-ევერტონი 16:30
კრ. პალასი-ლესტერი 19:00
ჰადერსფილდი-ნიუკასლი 19:00
ტოტენჰემი-ბარნლი 19:00
უოტფორდი-კარდიფი 19:00
ვულვზი-ბორნმუთი 19:00
ფულჰემი-ვესტ ჰემი 21:30

კვირა, 16 დეკემბერი
ბრაიტონი-ჩელსი 17:30
საუთჰემპტონი-არსენალი 17:30
ლივერპული-მანჩესტერ იუნ 20:00

ბომბარდირები: 10 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი); 9 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 8 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), გლენ მარეი (ბრაიტონი), კალუმ უილსონი (ბორნმუთი), რიჩარლისონი (ევერტონი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული