პრემიერლიგა. XXII ტური: დავიდ გმირი და სოლსკაიერის მოგებათა სერია [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს საღამომდე "ლივერპული" 7 ქულით იქნება წინ "მანჩესტერ სიტიზე", ამ საღამოს მერე კი, მინიმუმ, შეინარჩუნებს პოზიციას, რომელიც ამ გუნდებს შორის ბოლო უშუალო დაპირისპირების შემდეგ მიიღო და რომელსაც გარკვეული გავლენა ექნება საჩემპიონო ტიტულზე...

...მაგრამ დავიწყოთ თავიდან. დეკლან რაისმა მწარე ალიყური უთავაზა "არსენალს". მისი ერთადერთი გოლით "ვესტ ჰემმა" მოიგო ლონდონური დერბი. თამაში თანაბარი იყო. ბოლო დროის ტრადიციის შესაბამისად, "არსენალი" ვერ გამოიყურებოდა კარგად. უნაი ემერის გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი აკლდა, თუნდაც ჰენრიხ მხითარიანი, მაგრამ ასეთ უკბილო თამაშს ამით ვერავინ გაამართლებს.

რაისი 19 წლისაა. ის
ლონდონში დაიბადა, მაგრამ ირლანდიის ნაკრებში თამაშობს, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგეა. "არსენალი" ამ შეხვედრაში მხოლოდ რამდენიმე მომენტს დასჯერდა.

"ჩვენი თამაში შორს იყო იდეალურისგან და ეს ფაქტია. რატომ არ შევიყვანე განაცხადში მესუთ იოზილი? მატჩისთვის ფეხბურთელები ავარჩიე სათამაშო ფორმის მიხედვით. იოზილთან ერთადაც წაგვიგია. ერთი ფეხბურთელის ყოფნა თუ არყოფნა ნამდვილად არ წყვეტს თამაშის ბედს", - თქვა ნამატჩევს ემერიმ.


"ლივერპულმა"რთული გასვლითი მატჩი მოუგო "ბრაიტონს". ერთადერთი გოლი 11-მეტრიანის ნიშნულიდან გავიდა. პენალტი მოჰამედ სალაჰის დიდებულ სოლოს მოჰყვა, რომელიც მასპინძლებმა წესების დარღვევის გარეშე ვერ შეაჩერეს. საფეხბურთო სასჯელის უმაღლესი ზომა თავად "ფარაონმა" აღასრულა.

"ჩვენ 7 ქულით ვუსწრებთ "სიტის", მაგრამ ჩემთვის ეს სხვაობა საერთოდ არაფერია. მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინაა და ამ ბრძოლებში ბოლომდე გვმართებს მობილიზება", - თქვა ნამატჩევს იურგენ კლოპმა.


"ჩელსიმ" პედროსა და ვილიანის "დახატული" გოლებით შინ "ნიუკასლს" აჯობა. შუაში კირან კლარკმა თავით შეაგდო და მასპინძლები ანერვიულა, თუმცა მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და ფავორიტმა ოთხეულში ადგილი გაიმყარა. ლონდონელებმა მაინცდამაინც დამაჯერებლად ვერ ითამაშეს, მაგრამ გამარჯვებულებს არასოდეს ასამართლებენ და ნურც ჩვენ ვიზამთ ამას.

"მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ. ჩვენ გვჭირდება შემადგენლობის გაძლიერება. დღეს ჟორჟინიოს პრობლემები შეექმნა და სათადარიგოთა სკამზე არ მყავდა ფეხბურთელი, რომელიც მას შეცვლიდა. სესკ ფაბრეგასმა დაგვტოვა და კლუბის ხელმძღვანელობამ იცის ჩემი აზრი - მისი შემცვლელი გვჭირდება. მინიმუმ ერთი ფეხბურთელი უსათუოდ უნდა დავიმატოთ, სხვანაირად ძალიან გაგვიჭირდება", - თქვა "ჩელსის" მწვრთნელმა მაურიციო სარიმ.


ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "ტოტენჰემმა" შინ 0:1 წააგო "მანჩესტერ იუნაიტედთან". ერთადერთი გოლი პოლ პოგბას გადაცემის შემდეგ მარკუს რაშფორდმა შეაგდო. მთლიანობაში ძალიან თვალსასეირო შეხვედრა გამოვიდა. მომენტები ორივე გუნდის კართან შეიქმნა.

განსაკუთრებით უნდა გამოვარჩიოთ დავიდ დე ხეას შესანიშნავი თამაში. ესპანელმა ისეთი ბურთები მოიგერია... გავრისკავთ და ვიტყვით, რომ მეკარის ასეთი თამაში კარგა ხანია, არ გვინახავს.


ფაქტები
  • დეკლან რაისმა პირველი გოლი გაიტანა "ვესტ ჰემის" შემადგენლობაში.
  • ჟუნიორ სტანისლასის შემდეგ რაისი გახდა პირველი თინეიჯერი, ვინც "ვესტ ჰემის" რიგებში შეაგდო.
  • "ლივერპულმა" ზედიზედ მე-7 თამაში მოუგო "ბრაიტონს".
  • "ბრაიტონმა" მიმდინარე სეზონში პირველად ვერ გაიტანა საშინაო შეხვედრაში.
  • "ლივერპულმა" მიმდინარე სეზონის ყველა შეხვედრაში შეაგდო.
  • "ჩელსიმ" მიმდინარე სეზონში მეორე მატჩი მოუგო "ნიუკასლს".
  • "მანჩესტერ იუნაიტედმა" ოლე გუნარ სულშერის ხელმძღვანელობით ექვსივე მატჩი მოიგო, მათ შორის, ერთი - ლიგის თასზე.

პრემიერლიგა. XXII ტური
ვესტ ჰემი-არსენალი 1:0
გოლი: 1:0 რაისი (48)
არსენალი (3-4-2-1): ლენო - მუსტაფი (59. რემზი), პაპასტატოპულოსი, კოსიელნი - მეიტლანდ-ნაილსი (69. ბელერინი), გენდუზი, ჯაკა (59. ტორეირა), კოლაშინაცი - ობამეიანგი, ივობი - ლაკაზეტი.

ბრაიტონი-ლივერპული 0:1
გოლი: 0:1 სალაჰი (50-პენ)
ლივერპული (4-2-3-1): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, ფაბინიო, ვან დაიკი, რობერტსონი - ვაინალდუმი, ჰენდერსონი - შაჩირი (72. მილნერი), ფირმინო, მანე (89. კეიტა) - სალაჰი (90+6. ორიგი).

ბარნლი-ფულჰემი 2:1
გოლები: 0:1 შიურლე (2), 1:1 ბრაიანი (20-საკ. კარში), 2:1 ოდოი (23-საკ. კარში)

კრ. პალასი-უოტფორდი 1:2
გოლები: 1:0 კეტკარტი (38-საკ. კარში), 1:1 კეტკარტი (67), 1:2 ქლევერლი (75)

ლესტერი-საუთჰემპტონი 1:2
გოლები: 0:1 უარდ-პროუსი (11), 0:2 ლონგი (45+2), 1:2 ნდიდი (58)

ჩელსი-ნიუკასლი 2:1
გოლები: 1:0 პედრო (9), 1:1 კლარკი (40), 2:1 ვილიანი (57)
ჩელსი (4-3-3): არისაბალაგა - ასპილიკუეტა, რიუდიგერი, დავიდ ლუიზი, ალონსო - კანტე, ჟორჟინიო, კოვაჩიჩი (63. ბარკლი) - ვილიანი, პედრო (81. ჰადსონ-ოდოი), აზარი (87. ჟირუ).

ევერტონი-ბორნმუთი 2:0
გოლები: 1:0 ზუმა (61), 2:0 კალვერტ-ლიუინი (90+5)

ტოტენჰემი-მანჩესტერ იუნ 0:1
გოლი: 0:1 რაშფორდი (44)
ტოტენჰემი (4-1-2-1-2): ლორისი - ტრიპიერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, დევისი - უინქსი (81. ლორენტე) - სისოკო (43. ლამელა), ერიქსენი - ალი - სონი, კეინი.
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - იანგი, ლინდელიოფი, ჯოუნსი, შოუ - ერერა, მატიჩი - ლინგარდი (83. დალოტი), პოგბა (90+2. მაკტომინი), მარსიალი (73. ლუკაკუ) - რაშფორდი.

კარდიფი-ჰადერსფილდი 0:0

ორშაბათი, 14 იანვარი
მანჩესტერ სიტი-ვულვზი 23:59

ბომბარდირები: 14 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 10 - ედენ აზარი (ჩელსი), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 9 - რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), რიჩარლისონი (ევერტონი), კალუმ უილსონი (ბორნმუთი).

მომდევნო ტური
19 იანვარი: ვულვზი-ლესტერი, ბორნმუთი-ვესტ ჰემი, ლივერპული-კრ. პალასი, მანჩესტერ იუნაიტედი-ბრაიტონი, ნიუკასლი-კარდიფი, საუთჰემპტონი-ევერტონი, უოტფორდი-ბარნლი, არსენალი-ჩელსი

20 იანვარი: ჰადერსფილდი-მანჩესტერ სიტი, ფულჰემი-ტოტენჰემი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული