პრემიერლიგა. XXV ტურის წინ: "სიტი" და "არსენალი" დიდ ბრძოლას გააჩაღებენ

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტი" და "არსენალი" დიდ ბრძოლას გააჩაღებენ. ამის თქმა აქედანვე შეიძლება. პეპ გვარდიოლას გუნდს მოგების გარდა სხვა გზა აღარ დარჩენია. თუ ასე გაგრძელდა, "ლივერპულისთვის" ნაადრევად მოგვიწევს ჩემპიონის ტიტულის მილოცვა და, კაცმა რომ თქვას, ეს იქნება სრულიად დამსახურებული ტრიუმფი.

"სიტის" დასჩემდა არასტაბილურობა. გუნდმა წინა ტურში, ყველასთვის მოულოდნელად, "ნიუკასლთან" გასვლაზე წააგო. ეს მაშინ, როცა "ქალაქელებს" ქულების დაკარგვის უფლება საერთოდ აღარ ჰქონდათ. გვარდიოლას გუნდი განსაკუთრებით ცუდად დაცვაში თამაშობს.

ამით კარგად შეუძლია ისარგებლოს "არსენალმა". სხვა საქმეა, რომ "მეთოფეებიც" ძალიან არასტაბილურები არიან ამ ბოლო დროს.
ორივე გუნდმა ძალიან კარგად იცის შეტევა. დანარჩენს უშუალოდ მინდორზე ვნახავთ. იმასაც ვნახავთ, აქვს თუ არა გვარდიოლას არსენალში რაღაც ისეთი, რაც ჯერ კიდევ უცნობია მეტოქეთათვის.

"ტოტენჰემი" ბოლო დროს ხშირად უგებს "ნიუკასლს", მაგრამ ახლა სხვა დროა და ვინ იცის, რა მოხდება ამ შეხვედრაში. ფაქტია, რაფა ბენიტესის მიერ გაწვრთნილი "ჯორდები" ძალიან კარგ ხასიათზე არიან. მათ შეძლეს და თვით "მანჩესტერ სიტი" დაამარცხეს მატჩში, რომელშიც პირველივე წუთიდან აგებდნენ...

"მანჩესტერი" წინა ტურში ძლივს გადაურჩა მარცხს "ბარნლისთან". ახლა "იუნაიტედის" მეტოქე "ლესტერია". რა თქმა უნდა, ოლე გუნარ სულშერის გუნდი ამ მატჩში ფავორიტად ითვლება. "იუნაიტედი" შეეცდება, დაამტკიცოს, რომ მოგებების გზაზე შედგომა ისევ შეუძლია.

"ბარნლი" იქით იყოს და, "იუნაიტედი"რომ მართლაც გაცოცხლდა, ამაზე ორი აზრი ნამდვილად არ შეიძლება იყოს. სულშერმა რაღაცნაირად ახალი სული შთაბერა გუნდს. თუნდაც "ბარნლისთან" შეხვედრის ბოლო 10 წუთის გახსენება რად ღირს...

კრიზისში მყოფი "ჩელსისთვის", შეიძლება, სულის მოთქმასავით უნდა იყოს უდავო აუტსაიდერ "ჰადერსფილდთან" საშინაო თამაში. "ბორნმუთთან" განცდილი კრახის (0:4) შემდეგ, მაურიციო სარის 50 წუთის განმავლობაში გამოკეტილი ჰყავდა ფეხბურთელები გასახდელში. რა შედეგს გამოიღებს ასეთი ნაბიჯები, კაცმა არ იცის. თავად სარიც მძიმე დღეშია. მას სერიოზულად დაემუქრა სამუშაოს დაკარგვის საფრთხე.

ტურის დასკვნით მატჩში ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტი "ლივერპული" "ვესტ ჰემს" ეთამაშება. იურგენ კლოპის გუნდს რთული შეხვედრა ჰქონდა შუა კვირაში "ლესტერთან". ენფილდელებს მოენატრათ ჩემპიონობა. სწორედ ამ მონატრებული ჩემპიონობის სურნელი ტრიალებს მათ სახლში...

ფაქტები
  • "ტოტენჰემმა" ზედიზედ ბოლო 3 მატჩი მოუგო "ნიუკასლს".
  • "ბრაიტონისა" და "უოტფორდის" ბოლო 4 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.
  • "ბარნლისა" და "საუთჰემპტონს" შორის უკანასკნელ 4 შეხვედრაში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.
  • "ფულჰემის" მონაწილეობით პრემიერლიგის ეგიდით გამართულ ბოლო 5 მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "ევერტონისა" და "ვულვზის" ბოლო 2 მატჩი ფრედ დასრულდა.
  • "ბორნმუთმა" ბოლო 2 შეხვედრაში მოუგო "კარდიფს".
  • "ლესტერისა" და "მანჩესტერის" ბოლო 2 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.
  • "მანჩესტერ სიტისა" და "არსენალის" ბოლო 2 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.

პრემიერლიგა. XXV ტური
შაბათი, 2 თებერვალი
ტოტენჰემი-ნიუკასლი 16:30
ბრაიტონი-უოტფორდი 19:00
ბარნლი-საუთჰემპტონი 19:00
ჩელსი-ჰადერსფილდი 19:00
კრ. პალასი-ფულჰემი 19:00
ევერტონი-ვულვზი 19:00
კარდიფი-ბორნმუთი 21:30

კვირა, 3 თებერვალი
ლესტერი-მანჩესტერ იუნ 18:05
მანჩესტერ სიტი-არსენალი 20:30
ორშაბათი, 4 თებერვალი
ვესტ ჰემი-ლივერპული 23:59

ბომბარდირები: 16 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 15 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი); 14 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 11 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული