პრემიერლიგა. XXVII ტურის წინ: "ლივერპულის" შეჩერება პრესტიჟის საქმეა

AutoSharing Option
"ოლდ ტრაფორდზე" იმედი გაცოცხლდა. ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობა იქით იყოს და, ოლე გუნარ სოლსკაიერის ხელმძღვანელობით "იუნაიტედი" ინგლისის თასსა თუ პრემიერლიგაში ძალიან კარგად თამაშობს.

ჩემპიონობასთან ძალიან ახლოს მყოფი "ლივერპულის" შეჩერება კი "წითელი ეშმაკებისთვის", უბრალოდ, პრესტიჟის საქმეა.

სოლსკაიერის ბოსტანში ლოდების სროლა დიდი ვერაფერი საქმეა. არავინ დავობს იმაზე, რომ "პარი სენ-ჟერმენი" ამ დროისთვის უკეთესადაა დაკომპლექტებული, ვიდრე "იუნაიტედი".

საშინაო ასპარეზზე კი "მანჩესტერი" უბრალოდ დიდებულია და ასეთი რომ ყოფილიყო თავიდანვე, დასტურ იბრძოლებდა ჩემპიონობისთვის, ახლა კი გუნდის მთავარი მიზანი ოთხეულში მოხვედრაა.

"ლივერპულის" ლიდერები კი თითქოს თანდათან შორდებიან
ოპტიმალურ სათამაშო ფორმას, მაგრამ ვნახოთ, ეს შეიძლება დროებითი მოვლენაც იყოს. თანაც, არავინ იცის, რას იზამენ ისინი ერთ კონკრეტულ შეხვედრაში, რადგან ნებისმიერ მათგანს შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა.

ერთი მხრივ, "ჩელსის" სულზე მოუსწრო მატჩის გადადებამ, მაგრამ ახლა არანაკლებ მნიშვნელოვანია ლიგის თასის ფინალი, რომელშიც "არისტოკრატები" იმ "მანჩესტერ სიტის" ხვდებიან, ვისთანაც ცოტა ხნის წინ 0:6 შერცხვნენ.

როგორც უნდა იყოს, ბევრს უკვე გამოაქვს განაჩენი - მაურიციო სარის დრო უკვე ამოიწურა. "სარი-ბოლის" სრული ფიასკო - ასე შეგვიძლია დავახასიათოთ "არისტოკრატთა" მიერ ბოლო დროს ნაჩვენები შედეგები.

"ტოტენჰემმა" კი უნდა შეძლოს "ბარნლის" დამარცხება. მით უმეტეს, იმ დიდებული წარმოდგენის შემდეგ, რომელიც გუნდმა დადგა ჩემპიონთა ლიგაზე "დორტმუნდთან" შეხვედრაში. თანაც, თანდათან ფერზე მოდიან გუნდის ტრავმირებული ლიდერები.

სანახაობრივი თამაშის მოლოდინი გვაქვს ლონდონში, სადაც "არსენალი" დაუხვდება "საუთჰემპტონს". თუ უნაი ემერის მიერ გაწვრთნილ გუნდს უნდა, კვლავ იბრძოლოს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის, მაშინ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოიგოს. რა თქმა უნდა, "მეთოფეები" ფავორიტები არიან, მაგრამ ემერის გუნდისგან ყველაფერია მოსალოდნელი.

ფაქტები
"ვესტ ჰემმა" ზედიზედ ორჯერ მოუგო "ფულჰემს".
"ტოტენჰემმა" უკანასკნელ 2 შეხვედრაში დაამარცხა "ბარნლი".
"ნიუკასლმა" ბოლო ამდენივე თამაშში აჯობა "ჰადერსფილდს".
"კრისტალ პალასმა" 3 შეხვედრაში აჯობა "ლესტერს".
"არსენალისა" და "საუთჰემპტონის" ბოლო 3 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.
ანალოგიური მაჩვენებელი დაფიქსირდა "მანჩესტერისა" და "ლივერპულის" ბოლო 2 მატჩში.

პრემიერლიგა. XXVII ტური
პარასკევი, 22 თებერვალი
კარდიფი-უოტფორდი 1:5
ვესტ ჰემი-ფულჰემი 3:1

შაბათი, 23 თებერვალი
ბარნლი-ტოტენჰემი 16:30
ბორნმუთი-ვულვზი 19:00
ნიუკასლი-ჰადერსფილდი 19:00
ლესტერი-კრ. პალასი 21:30

კვირა, 24 თებერვალი
არსენალი-საუთჰემპტონი 18:05
მანჩესტერ იუნ-ლივერპული 18:05

ბომბარდირები: 17 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 15 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი); 14 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 12 - ედენ აზარი (ჩელსი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), სადიო მანე (ლივერპული).

ლიგის თასი. ფინალი
კვირა, 24 თებერვალი
ჩელსი-მანჩესტერ სიტი 20:30

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული