პრემიერლიგა. XXVIII ტურის წინ: სარის კიდევ ერთი რთული გამოცდა

AutoSharing Option
შუა კვირაში პრემიერლიგის მორიგი ტურია. საჩემპიონო ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია შესული, ისევე, როგორც ბრძოლა ევროსაგზურებისთვის და გადარჩენისთვის...

ჩემპიონობის ორი პრეტენდენტით დავიწყოთ. "ლივერპული" ეთამაშება "უოტფორდს" და, რა თქმა უნდა, უპირობო ფავორიტია. მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ "უოტფორდს" კარგი შემადგენლობა ჰყავს და სიურპრიზების შეთავაზებაც სჩვევია. ამას ემატება გარკვეული პრობლემები, რომლებიც ფავორიტს აქვს შემადგენლობასთან დაკავშირებით.

"მანჩესტერ სიტი" კი "ვესტ ჰემს" 3 ქულისთვის შეერკინება. ბოლო ურთიერთშეხვედრების სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, "ქალაქელებს" მაინცდამაინც არ უნდა გაუჭირდეთ "ჩაქუჩებთან" გამარჯვება. სხვა საქმეა, რომ პეპ გვარდიოლას გუნდი ყოველთვის ვერ
თამაშობს სტაბილურად.

ტურის ცენტრალური მატჩის სტატუსი უნდა მივანიჭოთ "ჩელსისა" და "ტოტენჰემის" დაპირისპირებას. ეგაა, "ტოტენჰემიცა" და მისი მეტოქეც ვერ არიან იდეალურ ფორმაში, უფრო - პირიქით. "დეზებმა" გასვლაზე წააგეს "ბარნლისთან", "ჩელსის" კი ლიგის თასის ფინალის (რომელშიც პენალტების სერიაში დამარცხდა "მანჩესტერ სიტისთან") გამო გადაედო ტურის თამაში და ამ დროისთვის ბოლომდე დარწმუნებულნიც კი არ ვართ, რომ "არისტოკრატებს" კვლავ მაურიციო სარი დამოძღვრავს. თუნდაც იმ კურიოზის გამო, რაც იტალიელ მწვრთნელსა და მეკარე კეპა არისაბალაგას შორის ფინალურ მატჩში მოხდა...

"მანჩესტერ იუნაიტედმა", წესით, უნდა დაძლიოს "კრისტალ პალასის" წინაღობა. ეს იმის მიუხედავად, რომ ლონდონური გუნდი კარგადაა დაკომპლექტებული და გასულ ტურში "ლესტერი" მწარედ დასცა (4:1) მისსავე მოედანზე. და მაინც, "წითელ ეშმაკებს" ფავორიტის სტატუსი უნდა მივანიჭოთ.

ეგაა, გუნდში ტრავმების ეპიდემიაა. "ლივერპულთან" შეხვედრაში "იუნაიტედს" 3 ფეხბურთელი (ანდერ ერერა, ხუან მატა და ჯესი ლინგარდი) დაუშავდა და თან სამივე - პირველ ტაიმში. ეს, რა თქმა უნდა, არ არის უმნიშვნელო გარემოება. მით უმეტეს, "იუნაიტედი" სათადარიგო სკამზე მაინცდამაინც დიდი რესურსით ვერ დაიტრაბახებს.

ფაქტები
  • "ევერტონმა" ზედიზედ 2 მატჩი მოუგო "კარდიფს".
  • "ჰადერსფილდმა" ბოლო 4 თამაშში დაჯაბნა "ვულვზი".
  • "ლესტერსა" და "ბრაიტონს" შორის ბოლო მატჩი ფრედ დასრულდა.
  • "ნიუკასლსა" და "ბარნლის" შორის უკანასკნელ ორ დაპირისპირებაში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.
  • "არსენალისა" და "ბორნმუთის" ბოლო 5 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "ტოტენჰემმა" ბოლო ორ შეხვედრაში აჯობა "ჩელსის".
  • "კრისტალ პალასისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ბოლო მატჩი ფრედ დასრულდა.
  • "მანჩესტერ სიტიმ" ბოლო 5 მატჩი მოუგო "ვესტ ჰემს".

პრემიერლიგა. XXVIII ტური
სამშაბათი, 26 თებერვალი
კარდიფი-ევერტონი 23:45
ჰადერსფილდი-ვულვზი 23:45
ლესტერი-ბრაიტონი 23:45
ნიუკასლი-ბარნლი 23:59

ოთხშაბათი, 27 თებერვალი
არსენალი-ბორნმუთი 23:45
საუთჰემპტონი-ფულჰემი 23:45
ჩელსი-ტოტენჰემი 23:59
კრ. პალასი-მანჩესტერ იუნ 23:59
ლივერპული-უოტფორდი 23:59
მანჩესტერ სიტი-ვესტ ჰემი 23:59

ბომბარდირები: 17 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 15 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 12 - ედენ აზარი (ჩელსი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), სადიო მანე (ლივერპული); 11 - პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნ), ჰიუნ-მინ სონი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული