15 აპრილს, პრემიერლიგის 34-ე ტურში "არსენალმა" გასვლაზე 1:0 მოუგო "უოტფორდს".
ერთადერთი გოლი მატჩის დასაწყისში "მეთოფეთა" თავდამსხმელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა მეკარე ბენ ფოსტერის მიერ დაშვებული შეცდომის შემდეგ გაიტანა. ობას გასვლით მატჩში ბოლოს გოლი 4 თვის წინ ჰქონდა გატანილი. გაბონელი ფორვარდის ანგარიშზე ინგლისის მიმდინარე ჩემპიონატზე გატანილი 18 გოლია და მასზე 1 გოლით მეტი მხოლოდ მოჰამედ სალაჰსა და სერხიო აგუეროს აქვთ გატანილი.
აღსანიშნავია, რომ მე-11 წუთზე მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა ტროი დინმა "არსენალის" ნახევარმცველ ლუკას ტორეირას იდაყვი ჩაარტყა და მსაჯმა კრეიგ პოუსონმა გააძევა.
"არსენალი" 66 ქულით მეოთხე ადგილზეა და 21 აპრილს "კრისტალ პალასს" შეხვდება.
უოტფორდი. "ვიკარეჯ როუდი". 20 480 მაყურებელი
უოტფორდი - არსენალი 0:1
გოლი: ობამეიანგი (10)
გაძევება: დინი (11)