23 აპრილს, პრემიერლიგის 31-ე ტურის გადატანილ მატჩში "საუთჰემპტონი" სტუმრად "უოტფორდს" დაუზავდა - 1:1.
ამ მატჩში ანგარიში მერვე წამზე "საუთჰემპტონის" 32 წლის ირლანდიელმა თავდამსხმელმა შეინ ლონგმა გაიტანა და პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა.
აქამდე რეკორდი "ტოტენჰემის" ყოფილ ნახევარმცველს, ლედლი კინგს ეკუთვნოდა, რომელმაც 2000/01 წლების სეზონში "ბრედფორდის" კარი მეათე წამზე დალაშქრა.
სხვათა შორის, ტურნირზე ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიკიც "საუთჰემპტონის" ფეხბურთელმა შეასრულა - 2015 წელს, სადიო მანემ, რომელიც მაშინ ამ გუნდში თამაშობდა, "ასტონ ვილასთან" მოგებულ შეხვედრაში (6:1) 3 გოლი 2 წუთსა და 56 წამში გაიტანა.