"მანჩესტერ სიტის" შესაძლოა, უეფას ფინანსური ფეირ-პლეის დარღვევისათვის ევროტურნირებიდან ორი სეზონით მოკვეთა არ აკმარონ, - იტყობინება "ინდეპენდენტი".
გამოცემის მტკიცებით, არაა გამორიცხული, "ქალაქელებს" პრემიერლიგაში ქულები დააკლონ, რამეთუ ეს დარღვევა შიდა ტურნირსაც ეხება. პრემიერლიგის შესაბამისმა კომიტეტმა უკვე განიხილა აღნიშნული საკითხი და "სიტისთვის" ქულების ჩამოკლება სავსებით რეალურია.
მეტიც, ინგლისის საფეხბურთო ლიგამ ახლახან შეცვალა წესები იმგვარად, რომ კლუბები მსგავს სიტუაციაში ლიგა 2-ში, ანუ რანგით მე-4 დივიზიონში დააქვეითონ.
როგორც გაუწყეთ, მანკუნიანური კლუბი გამოტანილ ვერდიქტს სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) გაასაჩივრებს. "ტელეგრაფის" ცნობით, თუ აპელაცია ვერ მოიგეს, მწვრთნელი
პეპ გვარდიოლა გუნდს დატოვებს. უკვე ასახელებენ მის შესაძლო მემკვიდრეებს და ყველაზე რეალურ კანდიდატად უმუშევარ მაურისიო პოჩეტინიოს მიიჩნევენ.