პრემიერლიგის 24-ე ტურში "მანჩესტერ სიტიმ" "ეტიჰადზე" 3:0 დაამარცხა "ტოტენჰემი".
ანგარიში 23-ე წუთზე პენალტით როდრიმ გახსნა, შემდეგ კი გიუნდოგანმა დუბლი შეასრულა. მეკარე ედერსონმა საგოლე პასი გააკეთა და როდესაც გიუნდოგანმა თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, მისი შესრულება მოისურვა, მაგრამ ბერნარდო სილვამ ამის უფლება არ მისცა.
"მანჩესტერ სიტიმ" ზედიზედ 16 მატჩი მოიგო, 11 მშრალი ანგარიშით, ბურთების სხვაობა 43:5, 53 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "ლესტერს" 7 ქულით უსწრებს და 18 თებერვალს სტუმრად "ევერტონს" შეხვდება.
"სიტიმ" ზედიზედ 6 საშინაო მატჩში მშრალი ანგარიშით 119 წლის შემდეგ პირველად იმარჯვა და საკლუბო რეკორდი გაიმეორა.
"ტოტენჰემმა" კი უკანასკნელი 6 მატჩიდან 5 წააგო, 36 ქულით მე-8 პოზიციაზეა და 21 თებერვალს "ვესტ ჰემს" დაუპირისპირდება.