სალაჰი "ბარსელონაში"? ეგვიპტელი და მერსისაიდელები კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან...

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, მოჰამედ სალაჰს "ლივერპულთან" არსებული კონტრაქტი 18 თვეში ეწურება, მერსისაიდული კლუბის გულშემატკივრები კი ამ ფაქტზე უკვე ნერვიულობენ.

ამ სეზონში ეგვიპტელმა შესანიშნავი ფორმა აკრიფა, მისი წყალობით ინგლისელები შესანიშნავად გამოიყურებიან და ყველა ტურნირზე ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად გვევლინებიან.

როგორც Liverpool Echo აცხადებს, მოჰამედსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს, თუმცა შეთანხმება ჯერ კიდევ არ შემდგარა.

"რამდენჯერმე ვთქვი, თუ ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული, მაშინ "ლივერპულში" დარჩენა მინდა, თუმცა გადაწყვეტილება გუნდის ხელმძღვანელობამ უნდა მიიღოს.

პრობლემა კონტრაქტის პირობებში მდგომარეობს. ფინანსური მხარე მნიშვნელოვანი რამაა. თუ კომპეტენტური პირები
პატივს გცემენ, მაშინ ყველაფერს გაიღებენ შენ შესანარჩუნებლად, თუმცა გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, მხოლოდ ფინანსური კუთხით არ მივიღებ.

არსებობს საკითხები, როგორიცაა გუნდისა და მწვრთნელის ამბიცია, თუ რა სურთ მათ. ეს ყველაფერი მე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაში დამეხმარება" - განაცხადა სალაჰმა.

"ფიორენტინასა" და "რომაში" თამაშის შემდეგ ეგვიპტელი ლონდონის "ჩელსიში" გადაბარგდა, სადაც თავი დიდად ვერ წარმოაჩინა. აი, "ლივერპულში" კი უკვე მეგავარსკვლავად მოგვევლინა, მისით კი კატალონიის "ბარსელონა" ინტერესდება.

"ვნახე, რომ ხავი ერნანდესი ჩემით ინტერესდება. ეს ყველაფერი მახარებს, რადგან "ბლაუგრანა" დიდებული გუნდია. ამ მომენტისთვის მირჩევნია სათამაშოდ პრემიერლიგაში დავრჩე, რადგან ინგლისში საუკეთესო ლიგაა, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს".

შეგახსენებთ, "მოს" ამ სეზონში ორ ტურნირზე (ჩემპიონთა ლიგასა და პრემიერლიგაში) 20 შეხვედრა დაუგროვდა, ჯამში კი თავი 19 გოლითა და 9 ასისტით გამოიჩინა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული