ინგლისის პრემიერლიგის მე-17 ტურში "ლივერპულმა" "ნიუკასლს" უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.
ანგარიში ჯონჯო შელვიმ მე-7 წუთზე გახსნა. შემდეგ მერსისაიდელები გააქტიურდნენ და 4-წუთიან მონაკვეთში "კაჭკაჭების" კარი 2-ჯერ აიღეს. წონასწორობა დიეგო ჟოტამ 21-ე წუთზე აღადგინა, მოჰამედ სალაჰმა კი 25-ე წუთზე "წითლები" წინ გაიყვანა.
საბოლოო ანგარიში 87-ე წუთზე ტრენტ ალექსანდერ არნოლდმა დააფიქსირა. ინგლისელმა სპორტსმენმა მარტინ დუბრავკას კარი შორი მანძილიდან ყუმბარისებური გასროლით აიღო.
17 ტურის თავზე "ლივერპული" 40 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას 19 დეკემბერს, "ტოტენჰემის" წინააღმდეგ გამართავს.
"ნიუკასლი" 10 ქულით მე-19 პოზიციას იკავებს.
შემდეგ ტურში (19 დეკემბერს) "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლებს.
"ჩელსიმ" "ევერტონს" უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
ლონდონელებმა ანგარიში 70-ე წუთზე გახსნეს, რის ჯეიმსის გადაცემის შემდეგ თავი მეისონ მაუნტმა გამოიჩინა.
"კანფეტებმა" წონასწორობის აღდგენა 74-ე წუთზე ჯარად ბრანტვეიტის გოლის წყალობით მოახერხა.
ამრიგად, "არისტოკრატები" 37 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება, 1-ელადგილოსან "სიტისთან" კი ჩამორჩენა 4 ქულა გახდა. ლონდონელები მომდევნო შეხვედრას 19 დეკემბერს, "ვულვზის" წინააღმდეგ გამართავენ.
"ევერტონი" 19 ქულით მე-14 პოზიციას იკავებს. შემდეგი ტურის მატჩი, სადაც მერსისაიდელები "ლესტერს" უნდა შეხვედროდნენ, გადადებულია. ამიტომ, სავარაუდოდ, რაფაელ ბენიტესის შეგირდები მომდევნო დაპირისპირებას 26 დეკემბერს, "ბარნლის" პირისპირ ჩაატარებენ.