იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის უმნიშვნელოვანესი შეხვედრისთვის ემზადება, რომელშიც მისი მეტოქე ესპანეთის ეროვნული გუნდი იქნება. ლიპიმ ამ მატჩის შესახებ ილაპარაკა და არც სხვა საინტერესო საკითხები დაუტოვებია ყურადღების მიღმა...
- შეუძლია თუ არა იტალიის ნაკრებს ესპანეთის უპირველესი გუნდის დამარცხება?
- რა თქმა უნდა, ეს არ არის შეუძლებელი,
- როგორ შეაფასებდით იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ჯამპიერო ვენტურას მუშაობას?
- პირველ რიგში, მე ვაფასებ მის გამბედაობას და სიმამაცეს. ის ყველანაირად ცდილობს, გზა გაუხსნას ახალგაზრდა, ნიჭიერ ფეხბურთელებს. როცა მწვრთნელი ამას აკეთებს, ეს ნებისმიერ შემთხვევაში დასაფასებელია. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ დასრულდება ესპანეთთან შეხვედრა. მე მჯერა, რომ იტალიის ნაკრები უთუოდ მოიპოვებს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს და მომავალ მუნდიალზე "სკუადრა აძურას" ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის რანგში ვიხილავთ.
- ახალგაზრდა იტალიელი ფეხბურთელებიდან ვის გამოარჩევდით?
- ახალგაზრდულ ნაკრებში ბევრი საინტერესო ფეხბურთელია - ბერნარდესკი, დონარუმა, პელეგრინი... მინდა, აღვნიშნო "ატალანტას" ფეხბურთელები. მართალია, მათ გუნდები შეიცვალეს, მაგრამ სხვადასხვა კლუბის ძირითად შემადგენლობაში მაინც თამაშობენ. მინდა, ახალგაზრდა მოთამაშეებს წარმატება ვუსურვო. ისინი ჩვენი ფეხბურთის ხვალინდელი დღეა.
- ვილაპარაკოთ ჩემპიონთა ლიგაზეც. გჯერათ, რომ იტალიური კლუბები წარმატებით ითამაშებენ?
- "იუვენტუსი" "ბარსელონასთან" ერთად მოახერხებს ჯგუფური ბარიერის დაძლევას. მიმაჩნია, რომ ჯგუფის მოგების მშვენიერი შანსი აქვს "ნაპოლისაც". რაც შეეხება "რომას", მას ძალიან გაუჭირდება. ისინი ჯგუფში "ჩელსისა" და "ატლეტიკოსთან" ერთად არიან. დამეთანხმებით, ამ გუნდებთან ჭიდილი ძალიან ძნელია.
- თქვენი აზრით, რატომ გადავიდა ბონუჩი "მილანში"?
- ვფიქრობ, რაღაც ისეთი მოხდა ფეხბურთელსა და კლუბს შორის, რაც ჩვენთვის უცნობია.
- შესაძლებლად მიიჩნევთ "იუვენტუსის" შედარებით სუსტ ასპარეზობას მიმდინარე სეზონში?
- "იუვენტუსი" მაინც სრულყოფილ გუნდად წარმომიდგენია. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აქვეა "ნაპოლი". ეს გუნდი ძალიან ტექნიკურ, შემტევ და სწრაფ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას. ჩემი აზრით, "ნაპოლი" ბოლომდე გაუწევს კონკურენციას "იუვეს".
- უკანასკნელად, "ბებერმა ქალბატონმა" 1996 წელს მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ბოლო სამ სეზონში კი ორ ფინალში იწვნია მარცხი. ეს რითი უნდა ავხსნათ?
- მოდით, ნუ მივაწერთ ამას ზებუნებრივ ძალებს. უბრალოდ, ჩემპიონთა ლიგაზე კონკურენცია ძალიან გაიზარდა. მადრიდის "რეალი" შესანიშნავი გუნდია. მან კარდიფულ მატჩში ისე ითამაშა, რომ დაიმსახურა ლიგის მოგება. ამის მიუხედავად, "იუვეს" შეუძლია, ახალი ძალით იაროს სანუკვარი მიზნისკენ. თითქმის უკვე შეგვიძლია დიბალა ჩავთვალოთ მსოფლიო დონის შემსრულებლად. გუნდში მივიდნენ ფეხბურთელები, რომელთაც შეუძლიათ, კიდევ უფრო უკეთესი გახადონ თამაშის ხარისხი. გადაჭარბების გარეშე ვიტყვი - ვვარაუდობ, რომ "იუვენტუსი" ამ სეზონშიც შეძლებს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლას.
- რას იტყვით მილანური კლუბების თაობაზე?
- "ინტერი" ლუჩანო სპალეტიმ ჩაიბარა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მწვრთნელის გუნდში მიყვანა ნიშნავს უცილობელ წარმატებას. რაც შეეხება "მილანს", ამ გუნდს შესანიშნავი სატრანსფერო პოლიტიკა აქვს და ეს უკვე ჩანს.
- როგორია თქვენი აზრი რომაულ კლუბებზე?
- მე ძალიან მომწონს სიმონე ინძაგის მუშაობის სტილი. ის იდეების ნამდვილი გენერატორია. რაც შეეხება "რომას", მას ჰყავს ახალი მწვრთნელი და ეს ყოველთვის მოითხოვს გარკვეულ დროს. თან არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ რომაელებს ფრანჩესკო ტოტის გარეშე მოუწევთ თამაში, ის კი წლების განმავლობაში იყო გუნდის ლიდერი. "რომას" მოუწევს შეგუება იმასთან, თუ როგორ ითამაშოს ტოტის გარეშე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"