შეხვედრა ზუსტად ისეთი სცენარით წარიმართა, როგორსაც ველოდით. "კიევო" დაცვაში იჯდა და მხოლოდ ფავორიტის იერიშებს იგერიებდა. თამაშის სცენარზე იმოქმედა იმანაც, რომ მასპინძელი ძალიან ადრე დარჩა კაცნაკლული, შეხვედრა კი სულაც 9 მოთამაშით ჩაამთავრა. ნავსი სამი ხედირამ გატეხა, ვინც ბერნარდესკის პასით გაიტანა. მერე კი დუგლას კოშტას დაუფასა გარჯა გონსალო იგუაინმა.
თამაშის დასრულების შემდეგ "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა თქვა, რომ "კიევოს" რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენამ მნიშვნელოვნად გააიოლა მისი გუნდის ამოცანა. ისე კი, ალბათ, "იუვენტუსს" უფრო იოლად უნდა მოეგო.
კვლავ აქტუალური რჩება კითხვა - რა სჭირს "ინტერს"? მილანურმა კლუბმა გასვლაზე სპალ-ი ვერ გატეხა. არადა, მილანელებს ეს ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაეკეთებინათ. "ინტერმა" ბევრი მომენტი ვერ გამოიყენა, მაგრამ ლუჩანო სპალეტის გუნდს საჩუქარი მასპინძელთა მცველმა ვიკარიმ გაუკეთა. სულელური ავტოგოლით "ინტერი" მეორე ტაიმის დასაწყისში დაწინაურდა.
მერე კი მოხდა ის, რაც სულ ხდება ხოლმე ამ ბოლო დროს. "ინტერი" გაუმართლებლად ჩაჯდა დაცვაში და მეტოქეს შეტევების განვითარების საშუალება მისცა. უკვე დამატებული დრო მიდიოდა, როცა პალოსკიმ ანგარიში სტანდარტული სიტუაციის შემდეგ გაათანაბრა. ეს იყო ნამდვილი შოკი "ინტერისთვის".
"თუ ჩვენ ვერ ვიპოვით ბალანსს და შესაბამის მენტალიტეტს, წინ ვერ წავალთ. მე სულ ვამბობდი, რომ გვექნებოდა ჩავარდნა მაშინაც კი, როცა ვიგებდით. ასეც მოხდა. ვქმნით უამრავ მომენტს, მაგრამ ვერ ვიყენებთ", - თქვა სპალეტიმ ნამატჩევს.
"ნაპოლიმ" შინ შანსი არ დაუტოვა "ბოლონიას". მართალია, თამაშის დასაწყისშივე გამოცდილმა როდრიგო პალასიომ სტუმრები დააწინაურა, მაგრამ სკუდეტოზე მონადირე "ნაპოლიმ" თამაში გამოასწორა და საბოლოოდ სასურველ შედეგსაც ეწია.
მატჩის გმირი გახდა ბელგიელი დრის მერტენსი, ვინც დუბლი მიითვალა. "ბოლონიას" დამრიგებელმა რობერტო დონადონიმ კი დაიჩივლა, "ნაპოლის" რომ 11-მეტრიანი დაუდეს, ასეთით მხოლოდ გრანდებს თუ ასაჩუქრებენო.
ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "მილანმა" 2:1 მოუგო "ლაციოს". ძალიან კარგი თამაში გამოვიდა. ყველაზე სამართლიანი შედეგი, ალბათ, ფრე იქნებოდა, მაგრამ საფეხბურთო ფორტუნამ უფრო ჯენარო გატუზოს გაწვრთნილ გუნდს გაუღიმა.
ანგარიში ჰაკან ჩალჰანოღლუს პასის შემდეგ პატრიკ კუტრონემ გახსნა. უნდა აღინიშნოს, რომ მას შემდეგ, რაც "როსონერის" გატუზო წვრთნის, კუტრონე შესანიშნავად ათამაშდა.
ანგარიში მალევე გათანაბრდა. ლუკას ლეივას პასის შემდეგ ადამ მარუშიჩი საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდა. "მილანს" გამარჯვება ჯაკომო ბონავენტურას გოლმა მოუტანა, ვინც კალაბრიას პასი დაუფასა. "ლაციოს" ჰქონდა შანსები, თუმცა არ გაუმართლა. განსაკუთრებით მარკო პაროლოს მომენტი უნდა ვახსენოთ.
ამ ხუმრობა-ხუმრობაში "მილანმა" ზედიზედ მესამე თამაში მოიგო, მე-7 ადგილზე აჩოჩდა და ევროპალიგაში გამსვლელთა ზონას მიუახლოვდა.
ფაქტები
- 2017 წლის მარტის შემდეგ "მილანმა" პირველად შეძლო ზედიზედ 3 მატჩის მოგება.
- აგვისტოს შემდეგ პატრიკ კუტრონემ ("მილანი") პირველი გოლი გაიტანა.
- "ნაპოლიმ" მიმდინარე სერია A-ში ყველაზე მეტი (18) ქულა დააგროვა იმ შეხვედრებში, რომლებშიც თავიდან მეტოქე იყო დაწინაურებული.
- "ინტერმა" პირველად ითამაშა ზედიზედ 4 ფრე 2004 წლის ნოემბრის შემდეგ.
- მაურო იკარდი ("ინტერი") სპალ-თან მატჩის პირველ ტაიმში მხოლოდ 5-ჯერ შეეხო ბურთს - ყველაზე ცოტაჯერ, ვიდრე ამ შეხვედრის ნებისმიერი სხვა მონაწილე.
- გონსალო იგუაინმა ("იუვენტუსი") სერია A-ში 706-წუთიანი პაუზის შემდეგ გაიტანა.
- "ატალანტამ" მიმდინარე სერია A-ში ზედიზედ მე-4 გასვლითი მატჩი მოიგო - პირველად 1991 წლის შემდეგ და მეორედ - კლუბის ისტორიაში.
სერია A. XXII ტური
სასუოლო-ატალანტა 0:3
გოლები: 0:1 მაზიელო (30), 0:2 კრისტანტე (83), 0:3 ფროილერი (86)
გაძევება: კოლდანიგა (90+7. სასუოლო)
კიევო-იუვენტუსი 0:2
გოლები: 0:1 ხედირა (67), 0:2 იგუაინი (88)
იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - დე შილიო, ბენატია, ბარძალი, ასამოა (72. ლიხტშტაინერი) - ხედირა, პიანიჩი, სტურარო (52. ბერნარდესკი) - დუგლას კოშტა, იგუაინი (89. ბენტანკური), მანჯუკიჩი
გაძევება: ბასტიანი (37. კიევო), კაჩატორე (61. კიევო)
სპალ-ინტერი 1:1
გოლები: 0:1 ვიკარი (48-საკ. კარში), 1:1 პალოსკი (90)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დ"ამბროზიო, შკრინიარი, მირანდა, კანსელო - ვესინო, ბორხა ვალერო (90. რაფინია) - კანდრევა (46. ედერი), ბროზოვიჩი (87. გალიარდინი), პერიშიჩი - იკარდი.
კროტონე-კალიარი 1:1
გოლები: 1:0 ტროტა (29-პენ), 1:1 ჩიგარინი (45)
გაძევება: პიზაკანე (45+2. კალიარი)
ფიორენტინა-ვერონა 1:4
გოლები: 0:1 ვუკოვიჩი (11), 0:2 კინი (20), 0:3 კინი (46), 1:3 ჟილი (53), 1:4 ფერარი (55)
ჯენოა-უდინეზე 0:1
გოლი: 0:1 ბეჰრამი (61)
გაძევება: სამირი (64. უდინეზე)
ნაპოლი-ბოლონია 3:1
გოლები: 0:1 პალასიო (1), 1:1 მბაიე (5-საკ. კარში), 2:1 მერტენსი (37-პენ), 3:1 მერტენსი (59)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰისაი, კულიბალი, კირიკეში, მარიო რუი - ჟორჟინიო (74. დიავარა), ალანი, ჰამშიკი (66. ზელინსკი) - კალიეხონი, მერტესი, ინსინიე (80. როგი)
ტორინო-ბენევენტო 3:0
გოლები: 1:0ფალკე (3), 2:0 ნიანგი (40), 3:0 ობი (45)
გაძევება: ბელეცი (33. ბენევენტო)
მილანი-ლაციო 2:1
გოლები: 1:0 კუტრონე (15), 1:1 მარუშიჩი (20), 2:1 ბონავენტურა (44)
მილანი (4-3-3): დონარუმა - კალაბრია, ბონუჩი, რომანიოლი, ანტონელი (71. აბატე) - კესი, ბილია, ბონავენტურა - სუსო (81. ბორინი), კუტრონე (71. ანდრე სილვა), ჩალჰანოღლუ.
ლაციო (3-5-1-1): სტრაკოშა - ბასტოსი, დე ვრეი (74. მარკი), რადუ - მარუშიჩი (83. ნანი), პაროლო, ლუკას ლეივა (52. ანდერსონი), მილინკოვიჩ-სავიჩი, ლულიჩი - ლუის ალბერტო - კაისედო
რომა-სამპდორია 0:1
გოლი: 0:1 საპატა (80)
რომა (4-3-3): ალისონი - ფლორენცი, მანოლასი, ჟეზუში, კოლაროვი - პელეგრინი (70. დეფრელი), სტროოტმანი, ნაინგოლანი - უნდერი (72. პეროტი), ელ შაარავი (78. ანტონუჩი), ჯეკო.
გამოუყენებელი პენალტი: ფლორენცი (39. რომა)
ბომბარდირები: 20 - ჩირო იმობილე (ლაციო); 18 - მაურო იკარდი (ინტერი); 16 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია); 14 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 13 - დრის მერტენსი (ნაპოლი); 10 - ედინ ჯეკო (რომა), გონსალო იგუაინი (იუვენტუსი).
მომდევნო ტური
3 თებერვალი: სამპდორია-ტორინო, ინტერი-კროტონე
4 თებერვალი: ვერონა-რომა, ატალანტა-კიევო, ბოლონია-ფიორენტინა, კალიარი-სპალ, იუვენტუსი-სასუოლო, უდინეზე-მილანი, ბენევენტო-ნაპოლი
5 თებერვალი: ლაციო-ჯენოა
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"