სერია A. XIII ტური: კარგი ფეხი ჰქონია... [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს ლიდერმა "იუვენტუსმა" შაბათს ითამაშა. მასიმილიანო ალეგრის გუნდი იოლად გაუსწორდა სპალ-ს. ამაში არაფერი იყო უცნაური და მოულოდნელი. ის კი არა, უკვე ლამის ასპროცენტიანი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ ტურინელები არავის დაუთმობენ ქვეყნის უძლიერესი გუნდის ტიტულს.

თამაშის დაწყებიდან ნახევარი საათის თავზე კრიშტიანო რონალდო კარგად გაიხსნა მირალემ პიანიჩის ფლანგურ გადაცემაზე და ახლო მანძილიდან შეაგდო. მეორე ტაიმში კი "ბებერი ქალბატონის" კონტრიერიში მარიო მანჯუკიჩმა დაასრულა მეორე და მატჩის ბოლო გოლით.


"რომა" მწვრთნელშეცვლილ "უდინეზეს" ეწვია. დავიდე ნიკოლამ ხმაურიანი გამარჯვებით
დაიწყო ფრიულურ გუნდში საქმიანობა. ერთადერთი გოლი გუნდის არგენტინელმა ლიდერმა როდრიგო დე პაულმა შეაგდო. მართალია, რომაელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ მეორე გოლიც გაუშვეს, რომელიც გაუქმდა.


როგორც მოსალოდნელი იყო, "ინტერი" ძალიან იოლად გაუსწორდა "ფროზინონეს". თანაც, ჩემპიონთა ლიგაში "ტოტენჰემთან" მატჩის წინ დაისვენა რამდენიმე ლიდერმა, მათ შორის - მაურო იკარდიმ, რომელიც მოგვიანებით ჩაერთო თამაშში. დუბლი მიითვალა ბალდე კეიტამ. ერთიც არგენტინელმა ლაუტარო მარტინესმა შეაგდო.


გადავიდეთ საკვირაო მატჩებზე. ჩვენთვის მთავარი მოვლენა მოხდა "ემპოლისა" და "ატალანტას" ზედრამატულ შეხვედრაში, რომელიც მასპინძლებმა 3:2 მოიგეს. არადა, თავიდან ორი ბურთით აგებდნენ. გამარჯვების გოლი ტოსკანელებმა მას შემდეგ შეაგდეს, რაც 89-ე წუთზე მინდორზე ლევან მჭედლიძე შევიდა. უბრალოდ, ქართველ ფორვარდს კარგი ფეხი ჰქონია...

პატარა სასწაული მოხდა ნეაპოლში, სადაც "ნაპოლიმ" აუტსაიდერ "კიევოს" ვერ მოუგო - 0:0. არადა, როგორც მოსალოდნელი იყო, ნეაპოლელები მთელი შეხვედრის განმავლობაში უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კარიერის მატჩი ჩაატარა "კიევოს" ვეტერანმა მეკარე სტეფანო სორენტინომ - მან რამდენიმე "მკვდარი" ბურთი მოიგერია.

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "ლაციო" დამატებულ დროში დაუძვრა მარცხს "მილანთან" საშინაო დაპირისპირებაში. არადა, რომაელები მთელი შეხვედრის განმავლობაში მაგრად სჯობდნენ ვიზავის. სასწაულებს სჩადიოდა ჯანლუიჯი დონარუმა, რომელმაც საკუთარ კარს საფრთხე არაერთხელ აარიდა.

...მილანელთა ერთ-ერთი იშვიათი კონტრშეტევის დროს ფრანკ კესის მიერ შორიდან დარტყმული ბურთი უოლასს შეეხო და ისე შევარდა "ლაციოს" კარში. რომაელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და საბოლოოდ საწადელს მიაღწიეს კიდეც - შეცვლაზე შესული ხოაკინ კორეა კარგად გაისარჯა და საბოლოო წერტილი დასვა.

მატჩის არბიტრს არაერთხელ მოუხდა ვიდეორეფერის გამოყენება - იყო არჩათვლილი გოლი, თამაშგარეები, თერთმეტმეტრიანებთან დაკავშირებული სადავო საკითხები და ასე შემდეგ.


სერია A. XIII ტური
უდინეზე-რომა 1:0
გოლი: 1:0 დე პაული (54)
რომა (4-2-3-1): მირანტე - სანტონი, ფასიო, ჟეზუში, კოლაროვი - კრისტანტე, ნზონზი - კლუივერტი (65. იუნდერი), ლორ. პელეგრინი (81. ძანიოლო), ელ შაარავი - შიკი (71. ჯეკო).

იუვენტუსი-სპალ 2:0
გოლები: 1:0 რონალდო (29), 2:0 მანჯუკიჩი (60)
იუვენტუსი (4-4-2): პერინი - დე შილიო, ბონუჩი, რუგანი, ალექს სანდრო (86. კიელინი) - კუადრადო, ბენტანკური, პიანიჩი, დუგლას კოშტა (72. მატუიდი) - მანჯუკიჩი, რონალდო.

ინტერი-ფროზინონე 3:0
გოლები: 1:0 კეიტა (10), 2:0 მარტინესი (57), 3:0 კეიტა (82)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დ"ამბროზიო, დე ვრეი, შკრინიარი, ასამოა - გალიარდინი, ბორხა ვალერო - პოლიტანო (83. კანდრევა), ნაინგოლანი (71. ჟოაო მარიო), კეიტა - მარტინესი (78. იკარდი).

პარმა-სასუოლო 2:1
გოლები: 1:0 ჟერვინიო (6), 2:0 ბრუნო ალვეში (25), 2:1 ბაბაქარი (36-პენ)

ემპოლი-ატალანტა 3:2
გოლები: 0:1 ფროილერი (33), 0:2 ჰატებური (40), 1:2 ლა გუმინა (42), 2:2 მაზიელო (77-საკ. კარში), 3:2 სილვესტრე (90+2)
გამოუყენებელი პენალტი: კაპუტო (39. ემპოლი)

ნაპოლი-კიევო 0:0
ნაპოლი (4-4-2): კარნეზისი - მალკუიტი, ალბიოლი, კულიბალი, ჰისაი (74. მარიო რუი) - კალიეხონი, ზელინსკი, დიავარა (59. ალანი), უნასი (58. მილიკი) - ინსინიე, მერტენსი.

ლაციო-მილანი 1:1
გოლები: 0:1 კესი (78), 1:1 კორეა (90+4)
ლაციო (3-5-1-1): სტრაკოშა - უოლასი, აჩერბი, რადუ (82. კაისედო) - მარუშიჩი, პაროლო, ბადელი, მილინკოვიჩ-სავიჩი (65. ლუკაკუ), ლულიჩი - ლუის ალბერტო (64. კორეა) - იმობილე.
მილანი (3-4-3): დონარუმა - აბატე, საპატა, როდრიგესი - კალაბრია, კესი, ბაკაიოკო, ბორინი - სუსო, ჩალჰანოღლუ, კუტრონე.

ჯენოა-სამპდორია 1:1
გოლები: 0:1 კვალიარელა (8), 1:1 პიატეკი (17-პენ)

ბოლონია-ფიორენტინა 0:0

ორშაბათი, 26 ნოემბერი
კალიარი-ტორინო 23:30

ბომბარდირები: 10 - კშიშტოფ პიატეკი (ჯენოა); 9 - კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი); 8 - ჩირო იმობილე (ლაციო); 7 - ლორენსო ინსინიე (ნაპოლი), დრის მერტენსი (ნაპოლი), მაურო იკარდი (ინტერი).

მომდევნო ტური
1 დეკემბერი: სპალ-ემპოლი, ფიორენტინა-იუვენტუსი, სამპდორია-ბოლონია
2 დეკემბერი: მილანი-პარმა, ფროზინონე-კალიარი, სასუოლო-უდინეზე, ტორინო-ჯენოა, კიევო-ლაციო, რომა-ინტერი
3 დეკემბერი: ატალანტა-ნაპოლი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული