"იუვენტუსის" მაისურის ინგლისური კლუბების ფორმით დაწყებული ისტორია

AutoSharing Option
"იუვენტუსის" ოფიციალური ფორმა 2019/20 წლების სეზონისთვის ჯერ არ წარმოუდგენიათ, თუმცა ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები ფედერიკო ბერნარდესკისა და პაულო დიბალას ფოტოსესიიდან.

თვითონ ფორმის ფოტოები გაცილებით ადრე დადეს "ტვიტერზე" და გულშემატკივრების რეაქცია მკვეთრად ნეგატიური იყო. ახლა კი მათი შიშები გამართლდა.

ლოგოს შეცვლის შემდეგ "იუვენტუსმა" უკვე ზოლებზეც უარი თქვა, რომლებიც კლუბის მაისურის შემადგენელი ნაწილი 1903 წლიდან, ანუ ლამის კლუბის დაარსების დღიდან იყო. იმ დროიდან მოყოლებული, "იუვენტუსს" 30-ზე მეტი ვარიანტი ჰქონდა ფორმისა, თუმცა ზოლები ყველაზე იყო. ახალი მაისური თეთრ-შავშია, თუმცა ორ ნაწილადაა გაყოფილი და შუაში
ვარდისფერი ხაზი აქვს.

"იუვენტუსი" - ერთადერთი იტალიური კლუბია, რომელშიც გაიგეს, რომ გასართობი კომპანია უნდა გახდნენ, რათა მოახერხონ კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება, - უთხრა La Gazzetta dello Sport-ს Nielsen Sport-ის ევროპული განყოფილების ხელმძღვანელმა და სპორტული მარკეტინგის სპეციალისტმა მარკო ნაძარიმ. - შეიძლება სწრაფად შეიცვალო, თუ ამას ბაზარი მოითხოვს. მაგალითად, NBA-ს კლუბები სწრაფად ცვლიან ფორმებს და ამაზე არავინ წუხს. თანამედროვე ინტერესების გამარჯვება გარდაუვალია".

"სიტუაცია ისეთივეა, როგორიც ლოგოს შეცვლის დროს იყო, - ეუბნება Sports-ს რომეო არჯესტი, goal.com-ისა და DAZN-ის ჟურნალისტი, რომელიც კონკრეტულად "იუვენტუსზე" მუშაობს. - კლუბი სცილდება ტრადიციებს და ავანგარდიზმზე გადადის. ჩემი აზრით, ახლა ყველა ცვლილებას ბაზარი განაპირობებს. როგორც ჩანს, ბაზარს ახლა სწორედ ეს სჭირდება: მიჩვეული საგნებისთვის თავის დანებება, წარსულის შესახებ ფიქრებზე უარის თქმა".

სხვათა შორის, La Maglia Bianconera-ს ინფორმაციის მიხედვით, მეორე ფორმა იქნება თეთრ-წითელში (თეთრი მაისური, წითელი შორტი), მესამე კი - ლურჯი.

Sportall.Ge

რატომ ვარდისფერი? საიდან?

1900 წელს "იუვენტუსს" იტალიის ჩემპიონატში ოფიციალური დებიუტი ჰქონდა. კლუბის ფერები ვარდისფერი და შავი იყო - მასიმო დე აძელიოს სახელობის კლასიკური ლიცეუმის საპატივცემულოდ, რომელშიც იტალიის ჩემპიონატის დამაარსებლები სწავლობდნენ.

ფიზკულტურის გაკვეთილებზე მათ ვარდისფერ ზედებსა და შავ შორტებს ურიგებდნენ - და სწორედ ეს ფორმა იქნება საფუძვლად აღებული. კომპლექტს შავი გამაშები და შავი ჰალსტუხიც/გულსამაგრებიც დაუმატეს. ამასთანავე, ახალჩამოყალიბებულ კლუბს ფინანსური პრობლემები ჰქონდა და ვარდისფერი ქსოვილი ყველაზე იაფი გახლდათ.

Sportall.Ge

მალე ახალი პრობლემა გამოჩნდა - ფორმა ცუდად ირეცხებოდა, მალე უფერულდებოდა და ფუჭდებოდა. ამასთანავე, მოწინააღმდეგეები დასცინოდნენ, რადგან ვარდისფერი "კაცურ" ფერად არ აღიქმებოდა. ამ დროს, "იუვენტუსის" ინგლისელმა ფეხბურთელმა გორდონ ტომას სევიჯმა გუნდს შესთავაზა, ვარდისფერის ნაცვლად წითელი კომპლექტი შეეძინათ, იმის მსგავსი, რა ფორმითაც მისი მშობლიური კლუბი - "ნოტინგემ ფორესტი" თამაშობდა.

წითელი? მაშინ, საიდანღა გაჩნდა ზოლები?

შეკვეთასთან ერთად, სევიჯმა ინგლისში "იუვენტუსის" ვარდისფერი ფორმაც გაგზავნა. გზაზე ფერი ისე გაუვიდა, რომ ფაბრიკაში მიტანისას თეთრი იყო და იქ იფიქრეს, რომ იტალიელებს თეთრი მაისურები სურდათ. მსგავსი მხოლოდ "ნოთს ქაუნთის" თეთრ-შავი ფორმა ჰქონდათ და სწორედ ასეთი 15 მაისური გაგზავნეს ტურინში. სხვა გზა აღარ იყო, იტალიის ჩემპიონატი იწყებოდა და "იუვეს" მოუწია "ბიანკონერი" გამხდარიყო. ახალ ფერებში ტურინელებმა პირველად 1903 წელს ითამაშეს.

"იუვენტუსმა" ჩემპიონატის ფინალამდე მიაღწია, ხოლო 1904/05 წლების სეზონში ისტორიაში პირველად ჩემპიონობაც მოიპოვა. ტურინში გადაწყვიტეს, რომ თეთრ-შავ ფორმას წარმატება მოაქვს, ხოლო "ნოთს ქაუნთის" ისტორიაში ასეთი სიტყვები გაჩნდა:

"იუვენტუსი" ახლა ჩვენ ფორმას ატარებს, აგრესიული და ძლიერი ფერებით. "ნოთსი" მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლუბს ჩამოყალიბებაში დაეხმარა. "იუვენტუსის" ფორმას მთელ მსოფლიოში ცნობენ".

Sportall.Ge

2011 წელს "იუვენტუსმა" ამხანაგური შეხვედრა "ნოთს ქაუნთისთან" ახალი სტადიონის გახსნის ღონისძიებათა ფარგლებში გამართა. თამაში ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ვარდისფერი პირველად ბრუნდება?

არა. "იუვემ" ვარდისფერ ფორმებში ითამაშა კლუბის 90 და 100 წლისთავებზე. ასევე, ვარდისფერი იყო სათადარიგო კომპლექტის ფორმა 2003/04 და 2015/16  წლებში, ხოლო 2012/13 წლების სეზონში ვარდისფერი მესამე ფორმა იყო.

Sportall.Ge

კიდევ დიდხანს ითამაშებს "იუვენტუსი" "ადიდასის" ფორმებში?

"იუვენტუსი" და "ადიდასი" თანამშრომლობაზე 2013 წელს შეთანხმდნენ, 6-წლიანი კონტრაქტი  2015/16 (აქამდე ტურინელები 12 წლის განმავლობაში Nike-ის ფორმებით თამაშობდნენ) წლების სეზონის წინ შევიდა ძალაში. სეზონში "იუვე" ფიქსირებულ 23.35 მილიონ ევროს იღებდა და პლუს, 6 მილიონს იმის გამო, რომ პროდუქტის რეალიზაცია საკუთარ თავზე "ადიდასმა" აიღო. Nike-თან გაფორმებული ხელშეკრულებიდან "იუვენტუსი" ორჯერ ნაკლებს გამოიმუშავებდა.

2015 წლის გაზაფხულზე კონტრაქტი გადაიხედა. "იუვენტუსმა" უარი თქვა 6 მილიონზე და თვითონ დაიწყო ფორმების გაყიდვა. ამისათვის შექმნა კომპანია, სახელწოდებით - Juventus Merchandising. "ადიდასი" საკუთარ მაღაზიებში ყიდის მაისურებს და მოგებას "იუვენტუსს" არ უყოფს. "იუვე" "ადიდასისაგან" ყიდულობს საკუთარი ფორმების პარტიებს და საკუთარ საკლუბო მაღაზიებსა და ონლაინგვერდის საშუალებით ყიდის. 2017/18 წლების სეზონის მიხედვით, ტურინულმა კლუბმა 16 მილიონი ევრო გამოიმუშავა ნაცვლად გარანტირებული 6 მილიონისა. პროგნოზების მიხედვით, ეს რიცხვები მხოლოდ გაიზრდება.

2018 წლის დეკემბერში "იუვემ" და "ადიდასმა" კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე გაახანგრძლივეს. "იუვეს" ფიქსირებული შემოსავალი უკვე 51 მილიონი ევროა სეზონში.

Sportall.Ge

მართალია, რომ მეტსახელი "კუზიანები"(gobbi) დაკავშირებულია ფორმის დიზაინთან?

მეტსახელის წარმომავლობაზე საკუთარ წიგნში "ათას ერთი ისტორია დიად "იუვენტუსზე", რომელიც უნდა იცოდეთ" კლაუდიო მორეტი მოჰყვა.

საქმე ეხება 1957/58 წლების სეზონს. "იუვენტუსი" იტალიაში ერთ-ერთი პირველი  იყო, რომელმაც ისეთი მაისურებით დაიწყო თამაში, რომლებიც უფრო განიერ პერანგებს ჰგავდა. წინ გულზე V ფორმაზე იყო ამოჭრილი და როცა ფეხბურთელი გარბოდა, ფორმა ზურგზე იბერებოდა ქარის გამო, რაც მიამსგავსეს კუზს და მეტსახელი "კუზიანებიც" იქიდან მოდის.


Sportall.Ge

მომზადებულია sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან კარგი სტატიაა,რისთვისაც ჩემსგან მადლობა:)
ლაშა
10:59 03-05-2019
4

ვარდისფერი ფორმა ვერ ასწრებდა დამზადებას ჩემპიონატის დაწყებამდე და Newcastle United-ის ფორმა ფაუგზავნეს რაც მარაგში ქონდათ, იტალიესებსაც მოეწონათ და შეცვალეს ფორმა
Hitemup
16:24 03-05-2019
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული