სერია A-ს 36-ე ტურში "იუვენტუსმა" ტურინში "სამპდორია" 2:0 დაამარცხა და ტურნირის დასრულებამდე 2 ტურით ადრე გახდა ჩემპიონი.
"ბიანკონერიმ" ზედიზედ მეცხრედ მოიპოვა სკუდეტო (ეს ტოპ 5 ლიგების რეკორდია), სულ კი 36-ედ გახდა ჩემპიონი.
"იუვეს" გასულ ტურშიც შეეძლო ვადამდე მოეპოვებინა ოქროს მედლები, მაგრამ "უდინეზესთან" ბოლო წუთზე გაუშვა გოლი და 1:2 დამარცხდა.
გასული 5 მატჩიდან "ბებერმა ქალბტონმა" მხოლოდ 1 მოიგო, ხოლო "სამპდორიამ" უკანასკნელი 5 შეხვედრიდან 2-ჯერ სძლია.
პირველ ტაიმში ტრავმები მიიღეს "იუვენტუსის" ფეხბურთელებმა დანილომ და დიბალამ და შეცვალეს, 45+7-ე წუთზე კი რონალდომ ანგარიში გახსნა, 68-ე წუთზე ბერნარდესკიმ მეორედ დალაშქრა გენუელთა კარი და გამარჯვებულის ვინაობაც გამოვლინდა. 77-ე წუთზე მსაჯმა პიანიჩთან უხეშობისათვის სტუმართა ნორვეგიელი ნახევარმცველი ტორსბიუ გააძევა, თუმცა ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა. 89-ე წუთზე კრიშტიანოს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ პენალტიდან ბურთი ხარიხას გაარტყა.
რონალდომ სეზონის რესტარტის შემდეგ 10 გოლი გაიტანა - ყველაზე მეტი ევროპის ტოპ 5 ლიგაში. მის ანგარიშზე იტალიის მიმდინარე ჩემპიონატზე 31 გოლია, რომელთაგან 12 თერთმეტმეტრიანით გაიტანა. მან კარიერაში 31-ე ტურნირი მოიგო - მესამე "იუვენტუსში".
61 წლის სარი სკუდეტოს მომპოვებელი ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელი გახდა.