ხორხე სამპაოლის სარისკო გეგმა: იგუაინი სკამზე, იკარდი ძირითადში

AutoSharing Option
არგენტინიდან მოვიდა ხმები, რომ "იუვენტუსის" მეგოლე გონსალო იგუაინი, დიდი შანსია, ურუგვაისთან 1 სექტემბერს გასამართავ ზეპრინციპულ საგარეო შესარჩევ დაპირისპირებაში "ალბისელესტეს" სათადარიგო სკამზე გამწესდეს. ეს იქნება ხორხე სამპაოლის პირველი ოფიციალური მატჩი არგენტინის ნაკრების სამწვრთნელო პოსტზე, სადაც მისი დებიუტი 9 ივნისს, ბრაზილიასთან ამხანაგურ მატჩში (1:0 არგენტინელთა სასარგებლოდ) შედგა.

"ფოქს სპორტის" სამხრეთამერიკული ბიურო ამტკიცებს, რომ სამპაოლი მზადაა, ცენტრფორვარდის როლი "ინტერის" შემტევს, 24 წლის მაურო იკარდის არგუნოს. ერთი მხრივ, სამპაოლისგან ეს შეიძლება სარისკო გადაწყვეტილებაც იყოს, 29 წლის იგუაინის უდიდესი გამოცდილების და თან მატჩის მნიშვნელობის ფონზე,
თუმცა გასათვალისწინებელია ის კრიტიკაც, რაც "იუვეს" ფორვარდს ბოლო პერიოდის უღიმღამო სანაკრებო მატჩების გამო თავს დაატყდა.

ამ დროს კი თვალს გვჭრის იკარდის მაჩვენებლები - სერია A-ს 156 მატჩში მან 81 გოლი გაიტანა და 25 შემთხვევაში პარტნიორებს გაუმართა ხელი. ამის მიუხედავად, იკარდი კარგა ხანს იგნორირებული იყო არგენტინის ნაკრების მწვრთნელების მიერ და დღემდე მხოლოდ ერთი მატჩი აქვს აქტივში 2013 წლის 16 ოქტომბერს და ისიც - შეცვლაზე.

მეორე მხრივ, სამპაოლის ზურგს უმაგრებს ფანების მხარდაჭერა და ზოგადად მწვრთნელებისთვის ეს ფრიად მნიშვნელოვანი არგუმენტია. მის წინამორბედ ედგარდო ბაუსას ხომ იმასაც ედავებოდნენ მედია და გულშემატკივრები, რომ "ინტერის" თავდამსხმელი უსამართლოდ ჰყავდა იგნორირებული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
იგუაინი საერთოდ არ გამოუძახებია ამ თამაშებისთვის და სკამზე როგორ ეჯდება კი მაინტერესებს :))
თენგო
20:39 18-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული