საფრანგეთი VS ბელგია - ბელგიის ოქროს თაობა თუ ახალგაზრდული საფრანგეთი

AutoSharing Option
ფინალი ფინალამდე - ასე შერაცხეს საფრანგეთისა და ბელგიის ნაკრების დაპირისპირება მედიაში. ბევრის აზრით, სწორედ ბადის ამ ნახევარშია მსოფლიოს მომავალი ჩემპიონი და ახლა უბრალოდ უნდა დადგინდეს, რომელი? საფრანგეთი თუ ბელგია...

"ლურჯები" "წითელი ეშმაკების" წინააღმდეგ - ძალიან მაგარი დაპირისპირება გველის.

ქაღალდზე ბელგიაც და საფრანგეთიც უფრო ძლიერი გუნდები არიან, ვიდრე მეორე ნახევარფინალის მონაწილე ხორვატია და ინგლისი. ასე რომ, ამ წყვილის გამარჯვებულს ფინალში ფავორიტის სტატუსი გარანტირებული აქვს.

ბელგიის ნაკრები ამ მუნდიალზე ერთ-ერთ ყველაზე თვალსასეირო ფეხბურთს თამაშობს. ახლა "წითელ ეშმაკებსა" და მუნდიალის ფინალს შორის (რომლისთვისაც
ბელგიას არასოდეს მიუღწევია) დიდიე დეშამის ახალგაზრდული (მუნდიალზე მეორე ყველაზე ახალგაზრდული გუნდი სწორედ საფრანგეთს ჰყავს) გუნდი დგას.

ბელგიის ამ თაობას უკვე კარგა ხანია უწოდებენ "ოქროს თაობას". როგორც იქნა, ნაკრებმა შესაფერისი შედეგიც დადო - მუნდიალის ნახევარფინალში გასვლა უკვე ძალიან დიდი მიღწევაა, თუმცა რობერტო მარტინესის გუნდს აშკარად მეტი სწადია. სხვათა შორის, არ დაგვავიწყდეს, რომ ესპანელი თავკაცის ასისტენტი ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა ტიერი ანრია.

ამ ორი გუნდის ბოლო დაპირისპირება მუნდიალზე 1986 წელს მექსიკაში შედგა. ეს იყო მე-3 ადგილისთვის მატჩი. 90 წუთი 2:2 დასრულდა, ფრანგებმა მხოლოდ დამატებით დროში შეძლეს გამარჯვება - 4:2.

ორივე გუნდს მრავლად ჰყავს ლიდერი შეტევის ხაზში - ანტუან გრიზმანმა პლეი-ოფის ზედიზედ ორ მატჩში გაიტანა, ბელგიაში კი ვირტუოზულად თამაშობს ედენ აზარი, მის ანგარიშზე 2 გოლი და 2 საგოლე პასია. ბრწყინვალეა რომელუ ლუკაკუც, რომელიც ბომბარდირობისთვის იბრძვის, ისევე, როგორც ფრანგთა თინეიჯერი ლიდერი კილიან მბაპე. ფრანგებს ჰყავთ ოლივიე ჟირუ, რომლის წყალობითაც ყოველი ჩაწოდება მეტოქის საჯარიმოში სახიფათოა. სამაგიეროდ, ბელგიას კევინ დე ბრუინი ჰყავს, რომელმაც ცრუცენტრფორვარდის პოზიციაზე დიდებულად ითამაშა და ბრაზილიასთან მატჩში კარგი გოლიც გაიტანა.

ბელგიელებს არ ეყოლებათ მარჯვენაფლანგელი თომას მონიე, პსჟ-ის ფეხბურთელი დისკვალიფიცირებულია. მის ფუნქციებს ძირითადად ნასერ შადლი შეითავსებს. მონიეს გამო, შესაძლოა, 3-4-3 სისტემა 4-3-3-ად გადაკეთდეს და შადლიმ მარჯვენამცველობა შეითავსოს. ამ შემთხვევაში გუნდის ძირითადში შეიძლება მუსა დემბელე გამოჩნდეს და არა კარასკო.

ცხადია, შუა ხაზში ვიტსელისა და ფელაინის ტანდემს არაფერი ემუქრება. ამ დუეტმა წინა მატჩში კარგად იმუშავა. შეტევის სამეული იგივე დარჩება, რომელუ ლუკაკუ ისევ მარჯვნიდან შეუტევს და ცენტრში დე ბრუინი იმოქმედებს.

ფრანგთა ბანაკში ეჭვობენ, რომ ჯიბრილ სიდიბე და სამუელ უმტიტი თამაშს ვერ შეძლებენ. სიდიბე ისედაც არ განიხილება სასტარტოში, მას მერე, რაც ბენჟამენ პავარმა თავი კარგი თამაშით გამოიჩინა. საყრდენ ხაზზე პოგბასა და კანტეს წყვილი შეუცვლელია. ბლეზ მატუიდი დისკვალიფიკაციის მოხდის მერე ბრუნდება. მეტი ცვლილება "ლე ბლოს" შემადგენლობაში მოსალოდნელი არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდი წინა მუნდიალზე საკმაოდ ახლოს მივიდა, მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში თამაშის გამოცდილება ამ გუნდების არც ერთ ფეხბურთელს არ აქვს.

დიდიე დეშამი (საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი): "ჩვენ მზად ვიქნებით ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ თამაშისთვის, როგორიც უნდა იყოს მისი შემადგენლობა. თომას მონიე არ იქნება, მაგრამ ბელგია აქ შემთხვევით არ მოხვდა. ჩემს ფეხბურთელებს რამდენიმე ვარიანტისთვის ვამზადებ და არც ერთი ეს ვარიანტი არ არის დაკავშირებული ბელგიელთა შემადგენლობასთან. მე კონცენტრირებული ვარ ჩემი გუნდის თამაშზე. ტიერი ანრის ძალიან დიდ პატივს ვცემ.

ერთადაც გვითამაშია, როცა მე კარიერას ვასრულებდი, ის კი გაცილებით ახალგაზრდა იყო. ახლა ანრი რთულ სიტუაციაშია, ფეხბურთში კი ეს ხშირად ხდება. ის ახლა უნდა დაჯდეს სათადარიგოთა სკამზე საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ თამაშში. ანრიმ კარგად იცოდა, როცა ბელგიელთა წინადადებას თანხმდებოდა, რომ ეს დრო შეიძლება დამდგარიყო. თუმცა პირადად ძალიან მიხარია, რომ ტიერის ხვალ ვნახავ".

უგო ლორისი (საფრანგეთი): "ბედნიერი ვარ, რომ ტიერი ანრისთან ერთად თამაში მომიწია ორი სეზონის განმავლობაში საფრანგეთის გუნდში. ის დიდი ფეხბურთელი და ნამდვილი ჯენტლმენია. ცოტა უცნაური იქნება მისი მოწინააღმდეგის ბანაკში ხილვა. დარწმუნებული ვარ, ხვალ მისი გული ორად იქნება გაყოფილი, რადგან ის ყოველთვის ფრანგად რჩება".

ფაქტები
  • მუნდიალზე ბელგიამ, ერთის გარდა, ყველა თამაშში მოახერხა მინიმუმ 2 გოლის გატანა.
  • ბელგიის 5 მატჩიდან ამ მუნდიალზე 4-ში 2.5 გოლი და მეტი გავიდა.
  • საფრანგეთის ნაკრების 9 გოლიდან ამ მუნდიალზე 6 კილიან მბაპემ და ანტუან გრიზმანმა გაიტანეს.
  • საფრანგეთისა და ბელგიის ბოლო 4 ურთიერთდაპირისპირებიდან 3-ში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.
  • ორივე გუნდმა შეძლო ამ მუნდიალზე ისეთი თამაშის შემოტრიალება, რომელსაც თავიდან აგებდა.

1/2-ფინალი. სანკტ პეტერბურგი. კრესტოვსკი
საფრანგეთი-ბელგია
სავარაუდო შემადგენლობები
საფრანგეთი (4-2-3-1): ლორისი - პავარი, ვარანი, უმტიტი, ლ. ერნანდესი - კანტე, პოგბა - მბაპე, გრიზმანი, მატუიდი - ჟირუ
ბელგია (3-4-3): კურტუა - ალდერვეირელდი, კომპანი, ვერტონგენი - შადლი, ფელაინი, ვიტსელი, კარასკო - ლუკაკუ, დე ბრუინი, აზარი
არბიტრი: ანდრეს კუნია (ურუგვაი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ინგლისი ჩემპიონია
Lasha
19:33 10-07-2018
0
ფინალი იქნება ბელგია ინგლისი და ინგლისი გახდება მსოფლიოს ჩემპიონი.
zaza
17:38 10-07-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული