მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალში უელსმა საკუთარ მოედანზე უკრაინა 1:0 დაამარცხა.
წვიმიან ამინდში მატჩი ორივე გუნდმა ყოველგვარი დაზვერვის გარეშე, შეტევებით დაიწყო, თავიდან უპირატესობას ვერც ერთი ვერ ფლობდა, აშკარა საგოლე მომენტები თითქმის არ იქმნებოდა, თუმცა უფრო სახიფათონი სტუმრები იყვნენ და მეკარე ჰენესის რამდენიმეჯერ მოუწია თამაშში ჩართვა. მასპინძლები კი რიკოშეტით დაწინაურდნენ, როდესაც საჯარიმოდან ბეილის დარტყმული ბურთი საკუთარ კარში იარმოლენკომ ჩაჭრა. 41-ე წუთზე ალენმა საჯარიმოში იარმოლენკო წააქცია, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ ჩათვალა.
შესვენების შემდეგ უკრაინელები ინიციატივას დაეუფლენ, იერიშზე გადავიდნენ, სწრაფი კონტრშეტევისას კი რამზიმ კარგი შანსი ვერ გამოიყენა. შემდეგ დამატებაზე ცარიელ კარში გატანა იარმოლენკომ ვერ მოახერხა. პეტრაკოვის შეგირდებს შუა მეორე ტაიმში დაღლა დაეტყოთ, უელსელებმა კიდევ ორი მომენტი შექმნეს - ერთხელ ბურთი ძელს მოხვდა, მეორეჯერ კი ჯონსონს გატანა ბუშანმა არ დაანება. ბოლოს უკრაინელები შტურმზე გადავიდნენ, დოვბიკის თავით დარტყმული ბურთი ჰენესიმ მოიგერია, უელსმა გაიმარჯვა და მუნდიალის საგზური მოიპოვა.
კარდიფი. „კარდიფ სიტი“. 33 280 მაყურებელი
უელსი - უკრაინა 1:0
გოლი: იარმოლენკო (34 საკ. კარში)