პოლონეთი ფავორიტს ვერ გაუმკლავდა - ვინ შეაჩერებს მბაპესა და ჟირუს საფრანგეთს? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში საფრანგეთმა პოლონეთი 3:1 დაამარცხა და ზედიზედ მესამედ გავიდა მეოთხედფინალში.

მატჩის წინ პოლონელთა მწვრთნელმა მიხნევიჩმა განაცხადა, რომ ყველა საფრანგეთისა და ბრაზილიის ფინალზე ოცნებობს, მაგრამ ამისათვის ფრანგებმა ჯერ ჩვენ უნდა დაგვამარცხონო. მისმა შეგირდებმა სასტარტო შეტევები მოიგერიეს და თავად გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე. მსოფლიოს ჩემპიონები სწრაფი კონტრიერიშებით პასუხობდნენ, მბაპე აქტიურობდა, ჟირუმ კარგი მომენტი ვერ გამოიყენა. 38-ე წუთზე პოლონელებს რეალური შანსი ჰქონდათ, მაგრამ ჯერ ზილენსკის დარტყმული ბურთი მეკარე ლორისმა მოიგერია, შემდეგ კი თავისი გუნდი თ. ერნანდესმა და ვარანმა გადაარჩინეს. მოკლედ, სლავები იმაზე
გაცილებით უკეთ თამაშობდნენ, ვიდრე წინა შეხვედრაში არგენტინასთან. თუმცა, პირველი ტაიმის დასასრულს მბაპემ ჟირუ შჩენსნისთან პირისპირ გაიყვანა და მან ამჯერად შანსი ხელიდან არ გაუშვა.

ოლივიემ 52-ე გოლი გაიტანა, ანრის გაასწრო და საფრანგეთის ეროვნული გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

შესვენების შემდეგ ფრანგებმა მეტოქე საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვეს, ჟირუს გოლი მსაჯმა არ ჩათვალა, მბაპეს წაქცევისთვის პენალტი არ დანიშნა (იქამდე ლაინსმენმა თამაშგარე დააფიქსირა), ხოლო 74-ე წუთზე მბაპემ მაინც გაიტანა, შეხვედრის ბედი გადაწყდა და მწვრთნელმა დეშამმა ჟირუს და დემბელეს დასვენების საშუალება მისცა - მათ ნაცვლად შეცვლაზე კომანი და მ. ტიურამი შეუშვა. კომპენსირებულ დროში მბაპემ დუბლი შეასრულა და 5 გოლით მიმდინარე ტურნირის ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა. ბოლოს ფრანგების კარში პენალტი დაინიშნა, ლევანდოვსკიმ ვერ გაიტანა, მაგრამ დარტყმამდე ლორისმა კარი დატოვა და რობერტმა მეორე შანსი გამოიყენა.

- გრიზმანმა ნაკრებში ზედიზედ 71-ე მატჩში მიიღო მონაწილეობა და ფრანგთა შორის რეკორდი დაამყარა.
- 35 წლის ლორისმა ნაკრებში 142-ე მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით ლ. ტიურამთან ერთად რეკორდსმენია.
- მბაპე გოლი+პასის სისტემით ტურნირის ლიდერია (5+2).

დოჰა. "ტუმამა". 40 989 მაყურებელი
საფრანგეთი - პოლონეთი 3:1
გოლები: 1:0 ჟირუ (44), 2:0 მბაპე (74), 3:0 მბაპე (90+1), 3:1 ლევანდოვსკი (90+9, პენ)

მკითხველის კომენტარები / 8 /
ვინმე იტყვის კიდევ რომ მბაპეს ოქროს ბურთში კონკურენტი ჰყავს?
დავით 67
05:56 05-12-2022
3
ვინ შეაჩერებს და სენეგალი...
გავიხსენოთ წარსული. ვინძლო ისტორია განმეორდეს.
ლაშა
21:42 04-12-2022
17

სიახლეები პოპულარული