ძალიან იმედგამაცრუელებლად დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელ რონალდოსთვის, რომლის გუნდი მეოთხედფინალში მაროკოსთან 0:1 დამარცხდა.
რონალდოსთვის "მანჩესტერიდან" აბარგების შემდეგ მძიმე დარტყმა იყო ის, რომ ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდო და ბოლომდე ისეთი პატივით ვერ მოექცნენ, როგორც ვთქვათ, "ალბისელესტეში" ლეო მესის, რომელიც თანანაკრებელებისთვის ნამდვილი კერპია. კრიშტიანოს შემცვლელმა გონსალო რამუშმა მერვედფინალში შვეიცარიასთან ჰეთ-თრიკი შეასრულა, დღეს კი მაროკოელთა მწყობრ დაცვასთან ვერაფერს გახდა. ვერც 51-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა რონალდომ გამოიჩინა თავი
და ნამატჩევს ცრემლები ვერ შეიკავა.
რონალდოს სტატისტიკა
- ხუთჯერ იასპარეზა მუნდიალზე და მხოლოდ ერთხელ გადალახა 1/4-ფინალური ბარიერი.
- მიმდინარე ტურნირზე მხოლოდ 1 გოლი გაიტანა - განასთან პენალტი.
- პლეი-ოფის 8 შეხვედრაში ვერცხერთხელ ვერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
- ამ სეზონში ყველა ტურნირზე მის ანგარიშზე 23 მატჩში 4 გოლია.
ძმა მისმა დამ, კატია ავეირუმ გაამხნევა: "აი, რა მიკლავს გულს. საბოლოო ჯამში ყველაზე მნიშვნელოვანი ახლობელი ადამიანები არიან. ვამაყობ ჩემი ძმით და იმ ისტორიით, რომელიც მან დაწერა. ისტორია ბრძოლითა და დიდებით აღსავსე, განსაკუთრებით დიდებით. შენთან ვარ, ძმაო, სიკვდილამდე!"
თებერვალში რონალდო 38 წლის გახდება, მან მსოფლიო ფეხბურთში ისტორია შექმნა, მაგრამ არაფერია მარადიული და ალბათ, მოვიდა დრო ევროპულ ფეხბურთსაც დაემშვიდობოს, ნაკრებსაც და მშვიდად დაასრულოს კარიერა საუდის არაბეთში. სამწუხაროა, თუმცა ასეთია რეალობა.