ახლა ან არასოდეს. არგენტინამ ხორვატიას სძლია - მესი სანუკვარი ოცნების ახდენას მიუახლოვდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინამ ხორვატიას 3:0 მოუგო და ისტორიაში მეექვსედ, 2014 წლის შემდეგ კი პირველად გავიდა ფინალში.

როგორც მოსალოდნელი იყო გუნდებმა მატჩი ფრთხილად დაიწყეს, ტემპი მაღალი არ იყო. თავიდან უპირატესობას ხორვატები ფლობდნენ, თუმცა უხიფათოდ უტევდნენ. სადღაც მეოცე წუთისთვის თამაში გათანაბრდა, არგენტინელებმა მეტოქის ნახევარზე აიწიეს. ფერნანდესის დარტყმული ბურთი მეკარე ლივაკოვიჩმა მოიგერია. შემდეგ მასთან პირისპირ გასული ალვარესი გოლკიპერმა წააქცია და მესიმ პენალტი უზადოდ შეასრულა. 39-ე წუთზე ალვარესმა ცენტრიდან დრიბლინგი წამოიწყო და ბურთიანად შევიდა კარში. ამას სამხრეთამერიკელთა კუთხური მოჰყვა და მაკალისტერის თავით დარტყმული
ბურთი ლივაკოვიჩმა ძლივს მოიგერია.

შესვენების შემდეგ სლავების მწვრთნელმა დალიჩმა ცვლილებებით სცადა თამაშის გამწვავება, შეუტიეს, რითაც მეტოქეს კონტრიერიშების საშუალება მიეცა და შანსი მესიმ ვერ გამოიყენა. მერე მესი გვარდიოლს გაექცა და ალვარესს დუბლი შეასრულებინა, რომელიც მწვრთნელმა სკალონიმ შეცვალა, საფინალოდ დაასვენა და მოედანზე დიბალა შეუშვა. ეგ იყო და ეგ, "ალბისელესტემ" კლასით დაჯაბნა ვიზავი და თამაში ლოგიკურ დასასრულამდე მშვიდად მიიყვანა.

18 დეკემბერს, ფინალში, არგენტინა საფრანგეთსა და მაროკოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

შორეულ კატარში არგენტინიდან დაახლოებით 50 ათასი გულშემატკივარი ჩავიდა, რომელთა დიდ ნაწილს ფინანსურად სულაც არ ულხინს, ამისათვის ფულს, შესაძლოა, მთელი წელი აგროვებდნენ, მაგრამ ეს ამად უღირთ, რამეთუ მიზანი დიადია - თავიანთ მესამე ტიტულს მიუახლოვდნენ. ხორვატია შესანიშნავი გუნდია, პატარა ქვეყნის წარმომადგენლებმა კვლავ ბოლომდე იბრძოლეს, გამარჯვებისთვის ყველაფერი გაიღეს, მაგრამ ფინალში ღირსეული გავიდა. ალბათ, ასე ჯობია სანახაობისთვის, ასე ჯობია მისი უდიდებულესობა ფეხბურთისთვის. ზეიმი გრძელდება.

რაც შეეხება მესის, ეს უკვე სულ სხვა ლეოა, საკუთარ თავს არ ჰგავს, ხშირად აღარაა მოედანზე ჩვეულად მშვიდი (დღევანდელი შეხვედრა არ იგულისხმება), ხანდახან მარადონასავით გაცხარებულია, ისეთი კერპია, როგორიც გუნდს სჭირდება და რომელიც წინ მიუძღვის, მიუძღვის თავისი კარიერის მწვერვალისკენ, რამეთუ ეს მისი ბოლო შანსია - ახლა ან არასოდეს.

. მესიმ მუნდიალებზე 25-ე მატჩი ჩაატარა და მათეუსის რეკორდი გაიმეორა. ამას გარდა, მე-11 გოლი გაიტანა, ბატისტუტას გაასწრო და არგენტინის ნაკრების ისტორიაში რეკორდსმენი გახდა.
. არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატებზე ხუთივე ნახევარფინალი მოიგო.
. ხორვატია მუნდიალებზე პირველად დამარცხდა 2+ გოლით.

ლუსაილი. "აიკონიკი". 88 966 მაყურებელი

არგენტინა - ხორვატია 3:0
გოლები: 1:0 მესი (37, პენ), 2:0 ალვარესი (39), 3:0 ალვარესი (69)

მკითხველის კომენტარები / 32 /
მარტო არგენტინამ და მესიმ კი არ გაიმარჯვეს,დღეს გაიმარჯვა ფეხბურთმა
კაკო
01:05 14-12-2022
4
მესი რომ რონალდოზე დიდი ფეხბურთელია აქამდეც ცხადი მარტო იმიტომ რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ქონდა წაგებული და ამჯერად ალბათ მოიგებს მარადონასთან ბევრი პარალელია მაგრამ მაშინდელი ფეხბურთი უფრო შემოქმედებითი იყო
მესი
01:10 14-12-2022
1

სიახლეები პოპულარული