არგენტინა გადაირია, ნაკრების საჩემპიონო აღლუმზე 5 მილიონი ადამიანი მივიდა - ფეხბურთელების ვერტმფრენებით ევაკუაცია გახდა საჭირო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ნაკრები ბუენოს-აირესში ღამის ორ საათზე ჩაფრინდა, სადაც დიდი ხნის ნანატრი თასი ჩაიტანა. აეროპორტში მილიონამდე ადამიანი მივიდა. გუნდი ბაზამდე ღია ავტობუსით გაემგზავრა და კინაღამ ტრაგედია დატრიალდა - მესი, ოტამენდი და დე პოლი სახურავზე ისხდნენ, ბოლო მომენტში შენიშნეს ელექტროგადამცემი ხაზი და დაიხარნენ. მოკლედ, აღლუმის რეპეტიცია გამოვიდა.

ქვეყნის პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა 20 დეკემბერი უქმე დღედ გამოაცხადა და დედაქალაქის ქუჩებში საზეიმოდ 5 მილიონი ადამიანი გავიდა. ცნობისთვის, ბუენოს-აირესში დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ხოლო აგლომერაციაში - 15 მილიონზე მეტი. ასეთ შემთხვევაში წესრიგის
დაცვა შეუძლებელი შეიქნა, ხალხი ცეკვავდა, მღეროდა, რამდენიმე რესპუბლიკის მოედანზე 68-მეტრიან ობელისკზე აძვრა, 24 წლის მამაკაცი ჩამოვარდა და გარდაიცვალა; ერთი ადამიანი კი მოტოციკლით გადაადგილებისას ავარიაში მოყვა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. დაწვეს საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელ კილიან მბაპეს მუყაოს კუბო.

ქუჩებში საცობების გამო "ალბისელესტეს" ავტობუსი ძალიან ნელა მიიწევდა ქვეყნის გულისაკენ. პოლიციელები ვერ ახერხებდნენ გზის გათავისუფლებას. გულშემატკივრებმა ხიდიდან სცადეს ავტობუსში ჩახტომა და 30-ზე მეტმა ტრავმა მიიღო. ნახევარმცველი ალეხანდრო გომესი ფანებს ფულს უყრიდა. ერთი სიტყვით, ეროვნულმა გუნდმა საბოლოოდ ვერ შეძლო დანიშნულების ადგილამდე მიღწევა და ფეხბურთელები უსაფრთხოების მიზნით ვერტმფრენებით გაარიდეს იქაურობას.

ხალხი კი ზეიმს განაგრძობდა. ვერც გაამტყუნებ, ისინი ხომ 36 წელი ელოდნენ ამ დღეს და ძალიან მკაცრადაც ნუ განვსჯით - ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ასეთ შემთხვევაში რა მოხდებოდა საქართველოში...

არგენტინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ფეხბურთელებისთვის მადლობის გადასახდელად ყველამ შეძლო გაერთიანება და დღესასწაული შედგა. მესი და დი მარია მშობლიურ როსარიოში გაემგზავრნენ, სადაც, ალბათ, კიდევ ერთი ზეიმი გაიმართება.

ისე როგორ იქნებოდა, რონალდოსთან რეზონანსული ინტერვიუს ამღებ ჟურნალისტ პირს მორგანს არ მოეხდინა კრიტიკულად რეაგირება. მან "ტვიტერზე" დაწერა, რომ დედაქალაქში ნაკრების ჩემპიონობა მხოლოდ ოთხმა მილიონმა ადამიანმა იზეიმა, დანარჩენმა თერთმეტმა მილიონმა კი - არა...

მკითხველის კომენტარები / 13 /
უბრალოდ ვერ წარმომიდგენია თუ რას შეუძლია იმ მასის, იმ რაოდენობის ხალხის გამოყვანა ქუჩაში როგორც ფეხბურთს. ეს არ არის მხოლოდ თამაში, ეს ბევრად უფრო მეტია...
ბრიტანელებს ძალიან დიდი დამსახურება აქვთ კაცობრიობის წინაშე ამ თამაშის გამოგონებისათვის!
ქობულეთიდან
00:21 22-12-2022
1
ასეთი რამეები მარტო ირანში თუ მოხდება, აგერ მაროკოელებიც ზეიმით დახვდნენ ნაკრებს, მაგრამ ასე ველურებივით არ მოქცეულად
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული