საფრანგეთის ჩემპიონის საიდუმლოებით მოცული "მფლობელი" - პუტინის მეგობარი ლუქსემბურგელი ბიზნესმენის ისტორია

AutoSharing Option
ძალიან ბევრი გულშემატკივრის აზრით, 2020/21 წლების ევროსეზონის ყველაზე დიდი სენსაცია სწორედ "ლილის" ჩემპიონობა იყო, თან სასიამოვნო, განსაკუთრებით იმიტომ, ეს კლუბი პირველი ადგილისთვის პსჟ-ის ფონზე იბრძოდა… აქაოდა, თითქოს კონკიამ დედოფალს აჯობაო, მაგრამ ეს მთლად ასეც არ არის. მართალია, "ლილის" უკან ყატარის ემირის ფონდი არ დგას, მაგრამ ფული საკმაოდ აქვთ. გადამწყვეტი როლი კომპანიის მფლობელთა რუსულმა კავშირებმა იქონია, რომელთაც მიეცათ საშუალება მრავალმილიარდიანი სახელმწიფო კონტრაქტები გზის მშენებლობისთვის გაეფორმებინათ. ეს კი, თავის მხრივ, სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხრიდან სისწრაფისადმი სიყვარულმა განაპირობა. დაუჯერებლად ჟღერს,
ხომ? პოპკორნი მოიმარაგეთ, მართლაც დაუჯერებელი ისტორიაა…

Sportall.Ge

"ლილის" მფლობელთა ვინაობა არავინ იცის – ეს კი ლუქსემბურგის კანონმდებლობის დამსახურებაა



ევროპაში ყველაფრის გამჭირვალობა უმთავრეს პრინციპად არის ლამის ქცეული, თუმცა "ლილს" სხვა ისტორია აქვს – არავინ იცის, ვინ არის ამ კლუბის მფლობელი. როგორ მოხდა ეს? გასული წლის 22 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ კლუბი კომპანია Callisto Sporting-მა შეიძინა, რომელიც ლუექსემბურგში დარეგისტრირებული საინვესტიციო ფონდ Merlyn Partners-ის შვილობილი კომპანიაა.

რამდენიმე დღით ცნობილი გახდა, რომ კომპანია Mediapro-მ ლიგა 1-თან სატრანსლაციო კონტრაქტი გაწყვიტა, არადა, ლიგა მათგან წელიწადში 780 მილიონ ევროს იღებდა. კლუბები რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ, ერთ-ერთი ყველაზე მეტი ვალი კი "ლილს" აღმოაჩნდა. ფრანგულ კლუბს ამერიკული ბანკი JP Morgan-ის (სუპერლიგას რომ აფინანსებს/და) და ფონდ Elliott Management-ის 123 მილიონი ევრო მართებდა. მას შემდეგ, რაც ლიგა 1 კონტრაქტის გარეშე დარჩა, "ლილს" ამერიკული დელეგაცია ეწვია.

ამერიკელებმა კლუბს ვალების მაშინვე დაფარვა მოსთხოვეს. ეს "ლილს" არ შეეძლო. ამიტომ ასეთი გამოსავალი იპოვეს: მევალეები კლუბს ვალში წაიღებდნენ და იმავე ფასად Callisto Sporting-ს მიჰყიდდნენ. ასეც მოხდა.

საინტერესო ის არის, რომ ჟერარ ლოპესი უბედური საერთოდ არ ჩანდა, არადა, წარმატებული ბიზნესი აწაპნეს. კლუბში არაფერი შეცვლილა, მხოლოდ ლოპესმა დატოვა ხელმძღვანელის პოზიცია… სხვა 1 თანამშრომელიც კი არავის გამოუცვლია…

Sportall.Ge

აი, Callisto-სა და ფონდ Merlyn-ის უკან ვინ იდგა, საიდუმლოდ დარჩა. პრეზიდენტად "რენის" ექსხელმძღვანელი ოლივია ლეტანი დანიშნეს, რომელიც მფლობელებზე ცოცხალი თავით ერთ სიტყვასაც არ ამბობს.

ფრანგმა ჟურნალისტებმა ჩაატარეს გამოძიება და განაცხადეს, რომ სავარაუდო მფლობელი, შესაძლოა, ნიდერლანდელი ბიზნესმენი მარტენ პეტერმანი ყოფილიყო, რომელიც JP Morgan-ში დიდი ხანი მუშაობდა, შემდეგ კი საკუთარი ჰეჯ-ფონდი Merlyn Advisors-ი ჩამოაყალიბა, რომლის სახელიც "ლილის" მყიდველი ფონდის სახელს ჰგავს…

თებერვალში პეტერმანმა ფონდის მიერ კლუბის ყიდვა დაადასტურა და ის ფრანგული ფეხბურთის მაღალი პოტენციალით ახსნა. თუმცა საიდუმლოს თავი მაინც არ მოხსნია. ლუქსემბურგში, ევროპის მასშტაბით, ცხოვრების ყველაზე მაღალი დონეა, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-თი კი ყატარის შემდეგ მსოფლიოში მეორეა. სწორედ ამ ქვეყანაშია რეგისტრირებული Merlyn Partners-ი და მიზეზი ის გახლავთ, რომ ლუექსემბურგი ევროპული ოფშორია… აქ დარეგისტრირებულ კომპანიებს მფლობელთა ვინაობის დამალვის უფლება კანონმდებლობით აქვთ.

2021 წელს Le Monde-ის, Le Soir-ის, The Miami Herald-ის, Sueddeutsche Zeitung-ისა და კიდევ სხვა გამოცემების ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს კვლევა OpenLux-ი. ამ რეპორტის მიხედვით, ლუქსემბურგში 15 000 ფონდი მუშაობს და მათი მთლიანი აქტივები 4,5 ტრილიონ ევროს უდრის, ეს კი სხვა ნებისმიერი ქვეყნის მაჩვენებელზე მეტია.

Merlyn Partners-ი, რომელმაც "ლილი" იყიდა, ამ 15 000-დან ერთ-ერთია და მის უკან, შესაძლოა, ნებისმიერი ვინმე იდგეს, თავად კლუბის ყოფილი მფლობელი ჟერარ ლოპესიც კი, რომელსაც შეიძლება ფეარ-პლეის პრინციპების დარღვევა არ უნდოდა და ვალის თავისი სახსრებით გადახდა, ამიტომ გამოსავალი იპოვა… თან ეს ლოპესი ლუქსემბურგის მოქალაქე და საკმაოდ მდიდარი ბიზნესმენია. ახალი მფლობელი მართლაც რომ არსებობდეს, ლოპესის როლი გუნდის განვითარებაში უდიდესია. ლიგა 1-ში დარჩენისთვის მებრძოლი გუნდი საფრანგეთის ჩემპიონი გახადა, ინოვაციური მიდგომების საშუალებით განავითარა, რამეთუ შემადგენლობა, რომელიც ჩემპიონი გახდა, სწორედ მისი ფულით შეიკრიბა.

მილიარდები კი ლოპესმა Skype-ის გაყიდვით იშოვა, რამაც სპორტში ინვესტიციების განხორციელების საშუალება მისცა


ჟერარ ლოპესი 1972 წელს ლუექსემბურგში, ქალაქ ეშში, ესპანელი ემიგრანტის ოჯახში დაიბადა, რომელსაც ხორცის მაღაზია ჰქონდა.

"ჩვენი ოროთახიანი ბინის ფანჯრები იმ მოედანს გადაჰყურებდა, სადაც ადგილობრივი გუნდი "ფოლა ეში" (ქართველებისთვის ნაცნობი კლუბია, საჩხერის "ჩიხურამ" ევროპა ლიგის 1-ელ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაჯაბნა) თამაშობდა. ასე რომ, ფეხბურთი ბავშვობიდან შემიყვარდა, მაგრამ ესპანურ გუნდებს ვგულშემატკივრობდი, პატრიოტი ვიყავი და ლა ლიგის თამაშებს არ ვაცდენდი. შემდეგ კი მივხვდი, ბედნიერი იქ უნდა გავმხდარიყავი, სადაც ვცხოვრობდი", - იხსენებს ლოპესი.

Sportall.Ge

ლოპესმა კი პირველი ფული პროგრამირებით ისწავლა, სხვადასხვა კომერციული ფირმისთვის პროგრამებს წერდა. აი, ინტერნეტის გამოჩენამ კი ფრთები შეასხა. როცა მე-20 საუკუნის 90-იანებში ყველა ინტერნეტს 1-წლიან მოდად თვლიდა, ლოპესს განსხვავებული აზრი ჰქონდა და მისი კომერციული მნიშვნელობა მალევე შეამჩნია.

თავიდან ლოპესმა მანქანების გაქირავებისა და სიგნალიზაციების დამონტაჟების საიტების კეთება დაიწყო. კონკურენტი არ ჰყავდა. ისიც აკეთებდა საიტებს და შემდეგ ყიდდა. 22 წლის ასაკში პირველი მილიონი იშოვა, თუმცა ამაზე გაჩერებას არ აპირებდა. მალე Mangrove Capital Partners-ი ჩამოაყალიბა, საინვესტიციო ფონდი, რომელიც ინოვაციურ ტექნოლოგიურ სტარტაპებს მთელ მსოფლიოში ეძებდა და მათში ფულს აბანდებდა. ყველაზე დიდი გარიგება კი 2003 წელს დადო, როცა შვედურ-დანიურ-ესტონური კომპანია Skype-ი იყიდა. მასში ლოპესმა 20 მილიონი ევრო ჩადო, თუმცა ეს საკმარისი არ იყო და სხვა პარტნიორების ფულიც დაამატა. უკვე 2005 წელს ჟერარმა ამ პარტნიორებთან ერთად Skype eBay-ს 2,5 მილიარდ დოლარად მიჰყიდა. ფრანგული გამოცემების მიხედვით, ლოპესს აქედან 400 მილიონი დოლარი დარჩა.

Sportall.Ge

ფული რომ გაუჩნდა, თავისი ოცნებების ასრულება დაიწყო. ჯერ "ფოლა ეში" იყიდა და მეორე დივიზიონში მაჩანჩალობიდან ქვეყნის ჩემპიონი 82 წლის შემდეგ პირველად აქცია. მაგრამ ლუქსემბურგული ფეხბურთი მისთვის ძალიან უმნიშვნელო იყო. შემდეგ მანქანებზე გადაერთო. Top Gear-ის წამყვანების ინფორმაციით, ჟერარ ლოპესს 85 სპორტული მანქანა ჰყავს და მის კოლექციაში 1950/60-იანი წლების მრბოლელთა ბოლიდებიც მრავლად არის.

Sportall.Ge
ლოპესი ფორმულა 1-ის ბოსთან ერთად

ლოპესი პუტინს პირად მეგობარს უწოდებს და სწორედ მისი საშუალებით, რუსეთის ფედერაციასთან მილიარდიანი კონტრაქტები აქვს გაფორმებული


2010 წელს რუსულ დიდ არხებზე გავიდა სიუჟეტი, თუ როგორ მართავდა რუსეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი F1 Renault-ის ბოლიდს. ეს ტესტი ლენინგრადის მხარის ერთ-ერთ გზაზე გაიმართა. პუტინს მოეწონა მართვა, დიდი ხანი "გონკაობდა", ხოლო როცა ტესტი დაასრულა, მის გვერდით Renault-ის ფორმაში გამოწყობილი მელოტი კაცი იდგა. რუსულ პრესას არ უთქვამს, ვინ იყო ის, ევროპელებმა კი ადვილად იცნეს – კომპანია Renault-ის მფლობელი, ლუქსემბურგელი ჟერარ ლოპესი.


პუტინს Renault-ი შემთხვევით არ აურჩევია. იმავე წელს, პუტინის ტესტამდე, რენომ ხელშეკრულება АвтоВАЗ-თან გააფორმა და "სამეფო რბოლებში" პირველი რუსი პილოტი ვიტალი პეტროვი გამოჩნდა. Renault-ის გუნდის ყიდვის შემდეგ ლოპესმა პირველი, რაც გააკეთა, სწორედ Lada-სა და პეტროვთან გაფორმებული კონტრაქტი იყო. ფორმულა 1-ის გუნდის სამართავი პაკეტი კი Genii Capital-ის საშუალებით 2009 წლის ბოლოს იყიდა, თვე-ნახევარში კი რუსებთან ხელშეკრულებები გააფორმა. პეტროვი კი ფორმულა 1-ში მამამისის წყალობით მოხვდა, რომელიც ბიზნესმენია და კარგი სანაცნობო წრე ჰყავს. მთავარი კი მათ შორის ილია ტრაბერია, 90-იანების სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, მეტსახელად "ანტიკვარი".

Sportall.Ge

ტრაბერი უამრავი ჟურნალისტური და საპოლიციო გამოძიების მთავარი გმირია, რომელიც 90-იანებში პეტერბურგის საზღვაო პორტს აკონტროლებდა, საიდანაც ნავთობი და ნავთობპროდუქტები რუსეთიდან გადიოდა. გამტან კომპანიებში ყველაზე მსხვილი ფირმა Gunvor-ი იყო, პუტინის ახლო მეგობარი გენადი ტიმჩენკოს კომპანია. მაშინდელი პორტის ხელმძღვანელებს შორის "გაზპრომის" ამჟამინდელი ხელმძღვანელები ალეკსეი მილერი და ალეკსანდრ დიუკოვი იყვნენ.


იქამდე კი, 2009 წელს, ტრაბერი შვეიცარიაში, საკუთარ ვილაში ცხოვრობდა, სოფელ ტურ დე ვილში, ჟენევის ტბის სიახლოვეს, სადაც მას ჟერარ ლოპესი დაუმეზობლდა, რომელმაც სახლი ჩარლი ჩაპლინის შთამომავლებისაგან იყიდა. Le Monde-თან ინტერვიუში ლოპესმა აღიარა, რომ ტრაბერთან ფორმულა 1-ის საკითხები განიხილა, მათ შორის, პეტროვის პილოტად დაყენებაც. სხვა ინტერვიუში კი ის აღნიშნა, რომ Renault-ის მფლობელი რაც გახდა, ტესტები ვის არ მოუწყო, არაბი პრინცებიდან დაწყებული, ჰოლივუდის ვარსკვლავებით დასრულებული, თუმცა პუტინის ტესტ-დრაივი მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

Sportall.Ge

El Pais-თან ინტერვიუში ლოპესი აღფრთოვანებით საუბრობდა:

"პუტინის ქალაქგარე ვილაზე წავედით და დიდი ხანი ვისაუბრეთ. ბრწყინვალე საღამო იყო, ბაღში ფორტეპიანო უკრავდა, პუტინი ცხოველებს საკუთარი ხელით აჭმევდა. მკითხა, ჩემთვის უკეთესი იქნებოდა თუ არა, ხალხს რომ გაეგო, მასთან ვმეგობრობდი. მე მაშინვე თავი დავუკარი და მაშინვე ჩემთვის რუსეთის ყველა კარი გაიღო. არადა, პრეზიდენტს არსად დაურეკავს, ერთი ბრძანებაც კი არ გაუცია."

ლოპესის სიტყვები ტრაბახად შეიძლებოდა აღგვექვა, მაგრამ იმ შეხვედრის შემდეგ ლუქსემბურგელის კომპანიებმა რუსეთში გიგანტური ტენდერების მოგება დაიწყო, მათ შორის, სტრატეგიული ობიექტების მშენებლობებზე.

რუსეთში სამუშაოდ ლოპესმა შვედეთში ფონდი Rise Capital-ი გამოიყენა, რომლის მთავარი პატრნიორი რუსეთში სამშენებლო კომპანია ВИС-ი გახლავთ. ტელეკომპანია "დოჟდის" ინფორმაციით, "ვისის" მიერ მოგებული 5 მსხვილი ტენდერიდან 4-ში Rise Capital-იც მონაწილეობს და მათი სრული ღირებულება 180 მილიარდი რუბლია (დაახლოებით, 2 მილიარდ 100 მილიონი ევრო). ამას გარდა, არსებობს მათი შვილობილი კომპანია ВИС Трансстрой, რომელმაც არქტიკაში რკინიგზის გასაყვანად 112 მილიარდი რუბლის ტენდერი მოიგო. პროექტი შეჩერდა, რადგან ადგილობრივ ხელისუფლებას ფული არ ეყო და დახმარებას ცენტრიდან ელიან. Rise Capital-ი კრასნოდარის მხარეშიც აპირებს საქმიანობის დაწყებას…

Sportall.Ge

შვედური Aftonbladet-ი და ბრიტანული the Guardian-ი წერდნენ, რომ ტენდერების მოგების სანაცვლოდ პუტინმა ლოპესს ერთი დელიკატური მომსახურება სთხოვა. ლოპესმაც შეასრულა და Rise Capital-ის სახელით ბრიტანეთის კონსერვატიულ პარტიას 400 000 ფუნტი გადაურიცხა, რომელსაც ეს თანხები ბრექსიტის შესახებ არსებულ რეფერენდუმში გამარჯვებისათვის სჭირდებოდა. გარდა ამისა, Aftonbladet-ი იმასაც წერდა, რომ Rise Capital-ი აფინანსებს შვედურ მემარჯვენე პარტიას, რომელიც რუსეთის კრიტიკას მხარს არ უჭერს. ასევე, Rise Capital-ის საშუალებით ლოპესის რუსი პარტნიორები დასავლეთიდან იაფი კრედიტების აღებას ახერხებენ, რაც პირდაპირი მოთხოვნით, სანქციების გამო არ გამოუვათ.


ლოპესი ყველაზე დიდი სააგენტო ფირმის შექმნას გეგმავდა, თუმცა ფიფამ ხელი შეუშალა – შემდეგ კი "ლილი" იყიდა



მაღალშემოსავლიან რუს ბიზნესმენებთან ურთიერთობის დალაგების პარალელურად, ჟერარი მთავარ ოცნება – ფეხბურთზე, უარს არასდროს ამბობდა. 2012 წელს Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კომპანიის შექმნას აპირებდა, რომელიც ფეხბურთში 500 მილიონ ევროს ჩადებდა, ფეხბურთელების ყიდვა-გაყიდვის უფლებებს მოიპოვებდა. იგივე გეგმა ჰქონდა კლუბების მიმართაც, რომელთაც დაბალ ფასში იყიდდა, აქტივებს გაუზრდიდა და უფრო ძვირად გაასხვისებდა.

ფრანგულმა გამოცემა Mediapart-მა ლოპესის კომპანიის პრეზენტაცია გამოაქვეყნა, რომელსაც Kick Partners-ი ერქვა. აი, რას შეიცავდა გეგმა:

მთავარ საფეხბურთო ქვეყნებში 20-ზე მეტი ფილიალის გახსნა; 20-30 დიდი საფეხბურთო აგენტი, რომლებიც მასთან თანამშრომლობას დათანხმდებოდნენ და ფულს საკომისიოების სახით მიიღებდნენ; 500 ფეხბურთელზე მეტის ყოლა კონტრაქტებით; Kick Partners-ისთვის სუფთა 100 მილიონი ევრო საკომისიოებიდან და გლობალური სააგენტო ბაზრის 10%-ის მოცვა. პრეზენტაცია ასე მთავრდებოდა: "ამიტომ გვქვია ჩვენ Kick Partners-ი, ყველას პანღურებს ამოვცხებთ!" მაშინ გამოცემა წერდა, რომ ეს მთელ ფეხბურთს გადაატრიალებდა…

Kick Parpners-მა რამდენიმე საფეხბურთო აგენტს კონტრაქტი გაუფორმა. პირველი კლიენტები კი ლუკაშ ფაბიანსკი ("არსენალის" სათადარიგო მეკარე) და სერჟ ორიე ("ტულუზას" ლიდერი) იყვნენ, რომელთაც კომპანიამ ახალი კლუბები მოუძებნა. ნაბიჯები ამ მხრივ ბრაზილიაშიც გადაიდგა.

Sportall.Ge

თუმცა პროექტს ბოლო სტარტზევე მოეღო: 2014 წელს ფიფამ აკრძალა ფეხბურთელზე უფლებების მესამე პირისთვის გადაცემა, რაც Kick Partners-ის გეგმის მთავარი ნიშა იყო. 2015 წელს რავად კასისი გარდაიცვალა, პროექტის ხელმძღვანელი და 2017 წელს ლოპესმა Kick Partners-ის დასრულების შესახებ გამოაცხადა…

ამ დროს უკვე დაიწყო ახალი პროექტი – 80 მილიონ ევროდ "ლილი" იყიდა, იმ დროს ლიგა 1-ის აუტსაიდერი. ლოპესი გულშემატკივრებს მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრას დაჰპირდა და თავისი სიტყვა შეასრულა.

დასაწყისი კი რთული გამოუვიდა – ვალების გამო ფედერაციამ "ლილს" ახალი ფეხბურთელების დარეგისტრირება აუკრძალა. სწორედ ამიტომ დასჭირდა ვალის JP Morgan-ისა და Elliott Management-ისგან აღება. ახალი მთავარი მწვრთნელი კი ლამის მოსვლისთანავე გააგდეს, რადგან მარსელო ბიელსა ჩილეში მომაკვდავ მეგობართან გამოსამშვიდობებლად ისე გაემგზავრა, რომ კლუბი არც კი გააფრთხილა. ლოპესი კი ყველაზე რთულ მომენტშიც კი ფიქრობდა, რომ ყველაფერს სწორად აკეთებდა, რადგან მას გეგმა ჰქონდა, რომელსაც მიჰყვებოდა.

Sportall.Ge

ლოპესის გათვლა კლუბის კაპიტალიზაციისა და მოთამაშეების სატრანსფერო ფასის გაზრდაზე ჰქონდა, შემდეგ კი მათ გაყიდდა.

"ჩვენ ხელოვნური ინტელექტის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტორები ვართ. ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ ჩვენი შესაძლებლობები კონკურენტებისას სჯობს. შიშველმა სტატისტიკამ, შესაძლოა, რეალობა ვერ აჩვენოს, როცა ფეხბურთელის შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ. ჩვენ არა მხოლოდ ფეხბურთელის სტატისტიკურ მონაცემებს ვაანალიზებთ, არამედ იმასაც, თუ რა ზეგავლენას ახდენს ფეხბურთელის მოედანზე ყოფნა მის გვერდით მყოფებზე. უარავი სიტუაცია განიხილება. შესაბამისად, საუკეთესო გამოსავალი ცხადი ხდება და ის ფეხბურთელთა ნიჭზე არანაკლებ მნიშვნელოვანია."

აბსტრაქტულად კი ჟღერდა, მაგრამ ლოპესის გეგმამ იმუშავა: 2019/20 წლების სეზონიდან მოყოლებული, "ლილი" საფრანგეთის ჩემპიონატში ყველაზე წარმატებული "გამყიდველი" გახდა: ზედიზედ ორ სეზონში ტრანსფერებიდან 100 მილიონ ევროზე მეტი იშოვა. რამდენიმე ტრანსფერი კი ნამდვილ სენსაციად იქცა, მაგალითად, 18 მილიონად ნაყიდი ნიკოლა პეპე 2 წელში "არსენალს" 80 მილიონად მიჰყიდეს (ამ საიდუმლოებით მოცულ ტრანსფერზე ცალკე სტატია გვეწერა. მას "მეთოფეების" ესპანელი სპორტული დირექტორი შეეწირა, რომელსაც პეპეს სანაცვლოდ 2-ჯერ მეტის გადახდაში დასდეს ბრალი). ვიქტორ ოსიმჰენი, რომელშიც 22,4 მილიონი ევრო გადაიხადეს, 1 წლის შემდეგ "ნაპოლიში" 70 მილიონ ევროდ გაამგზავრეს.

Sportall.Ge

ეს კი ლოპესის სტრატეგია იყო: ის ამბობდა, რომ მზად იყო, ყოველ წელს ძირითადი შემადგენლობის 6 ფეხბურთელი გაეყიდა, თუ მათ სანაცვლოდ სამნიშნა ციფრის ტოლ მილიონებს მიიღებდა. მოთამაშეების წასვლამ კი შედეგზე გავლენა არ უნდა მოახდინოს, მათ ტალანტების ახალი პარტია ჩაანაცვლებს, რომლებსაც უფრო იაფად იყიდიან. და ასე ყოველ სეზონში უსასრულობამდე…

წლევანდელ სეზონში კი "ლილის" გაყიდვებმა უკვე 137 მილიონი ევრო შეადგინა: ზაფხულში ოსიმჰენისა და გაბრიელის ("არსენალში" 26 მილიონ ევროდ) ტრანსფერებს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ სუმარე ("ლესტეში" 23 მლნ ევრო) და მენიანი ("მილანში, 15 მლნ ევრო) დაემატნენ. არადა, მათ სანაცვლოდ, "ლილმა" თავის დროზე, ჯამში, 1 მილიონი ევრო გადაიხადა. ყველაზე დიდი შენაძენი კი გიორგი ჩაკვეტაძის ექსთანაგუნდელი, კანადელი ჯონათად დეივიდი იყო, რომელშიც "გენტს" 25 მილიონი ევრო გადაუხადეს. როგორც ჩანს, "ლილში" მის, მინიმუმ, სამჯერ ძვირად გაყიდვას აპირებენ.


შესაძლოა, ლოპესის ყიდვა-გაყიდვა მხოლოდ "ლილით" არ შემოიფარგლოს – France Football-ის ინფორმაციით, მაისის დასაწყისში ლუქსელმბურგელმა ბიზნესმენმა "საუთჰემპტონის" ჩინელ მფლობელებს კლუბის სანაცვლოდ 125 მილიონი ევრო შესთავაზა. სამხრეთელები, "ლილის" მსგავსად, პერსპექტიული ფეხბურთელების ყიდვითა და მათი ძვირად გასხვისებით არიან გამორჩეულები…

არა მხოლოდ ფეხბურთელები, ლოპესისთვის პრობლემა არც მწვრთნელების ცვლილებებია… ცოტა ხნის წინ გაჩემპიონებული გუნდიდან მთავარი მწვრთნელი გალტიე გაუშვეს…

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა იყო გაგიტყდათ?
Giorgi
08 ივნისი 2021 17:44
1
ესე გემრიელად, გაზეთში დიდი ხანია არაფერი წამიკითხავს. ბრავო ავტორს!
Ds
08 ივნისი 2021 12:55
1
აი, ეს საჭირო იყო!
ანას ქმარი
07 ივნისი 2021 15:29
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული