![](https://sportall.ge/pictures/image5/fdb8a8ec179baf7795cc97ab42404192.jpg)
ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში (იქ ბარსელონა ან ლივერპული) თამაში თითქმის გაინაღდა, თასზე სუსტი მოწინააღმდეგე ელის, ჩემპიონატში კი 22-ე ტურამდე 10-ქულიანი უპირატესობა აქვს. დღეს, 20:00 საათზე, უახლოესი კონკურენტი "მარსელი" ზურიკო დავითაშვილის "სენტ ეტიენს" უმასპინძლებს. აქვე გეტყვით, რომ კვირას, 18:00 საათზე, გიორგი მიქაუტაძის "ლიონი" "მონპელიეს" ესტუმრება.
![ბარკოლა დაისვენებს და კვარაცხელია დაიწყებს - "მილანის" რეკორდისკენ და გუნდი, რომელმაც ბოლოს პსჟ-ს მოუგო... Sportall.Ge](/pictures/artimages/original/16cf4556132568633effd7d2ab341294.jpg)
ლუის ენრიკეს გუნდი ფრანგულ რეკორდებს ხომ არ იმჩნევს და შიდა ასპარეზზე 34 გასვლითი შეხვედრა დაუმარცხებლად ის იქნება, რაც 90-იანი წლების ლეგენდარულ "მილანს" ჰქონდა. ამის შანსი ახლავე არსებობს.
"ტულუზა" ცუდ ფორმაშია, ვერც ჩემპიონატში იგებს და თასიდანაც გავარდა. ესპანელი კარლეს მარტინესის გუნდი ინტერნაციონალურადაა დაკომოლექტებული. აქ შეხვდებით ფრანგსაც, ნორვეგიელსაც, ვენესუელელსაც, აშშ-ს წარმომადგენელსაც, მაროკოელსაც და გაბონელსაც...
ლუის ენრიკესგან მორიგ როტაციას ველით. მაგალითად, დაცვაში ბრაზილიელმა ბერალდომ უნდა ითამაშოს, რომელიც ბოლოს მხოლოდ თასზე ვნახეთ; ლიმ რუისი უნდა ჩაანაცვლოს; რაც შეეხება შეტევას, სასტარტოში ამჯერად ბარკოლა არ იქნება და ხვიჩა კვარაცხელია (ჩემპიონატში გოლი და საგოლე პასი) დაიწყებს. ცენტრფორვარდად რამოშს ვნახავთ, დემბელე კი მარჯვნივ გადაინაცვლებს (კიდევ ერთი ვარიანტი მარჯვნივ დუეს თამაშია).
მატჩის მთავარი მსაჯი დელაჯოდია, რომელიც პარიზელებს ბოლოს 5 იანვარს, სუპერთასზე მოემსახურა.