ხვიჩა ორ ტიტულთან ახლოს, მესამეზე მთავარ ფიქრებში - "ლივერპულისთვის" შემადგენლობა გამოკვეთილია...

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში (სულ 34 ტარდება) უკვე მომავალ ჩემპიონად მონათლული, 13-ქულიანი ლიდერი და დაუმარცხებელი პსჟ ხუთეულში მყოფ "ლილს" "პარკ-დე-პრენსზე"(48 229) უმასპინძლებს - შაბათს (ჩვენი დროით უკვე კვირას, 00:05 სთ-ზე), პირველ მარტს.

ორივე ეს გუნდი შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ითამაშებს და ბუნებრივია, ცალი თვალი მისკენ უჭირავთ. პირდაპირ ამ ეტაპზე მოხვედრილი "ლილი" "ბორუსიას" სამშაბათს ესტუმრება, მეორე დღეს კი პარიზში "ლივერპულს" ელიან.

მიუხედავად იმისა, ლუის ენრიკე როტაციას ხშირად მიმართავს, მან ძალიან შეთამაშებული გუნდი ჩამოაყალიბა, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელია ორგანულად შეეწყო. გონსალო რამოში
სასტარტოში ადგილს არ იღებს, მაგრამ ეს მასზე უარყოფითად არ მოქმედებს, პირიქით. აშკარად იკვეთება, ესპანელი მწვრთნელი ლივერპულელებთან რა შემადგენლობით გასვლას აპირებს
(დონარუმა;ჰაკიმი;მარკინიოსი;პაჩო,მენდეში;
ვიტინია,რუისი,
ნევეში;ბარკოლა,დემბელე,კვარაცხელია) და მწვრთნელის მიზანი ის იქნება, ფეხბურთელებს მაქსიმალურად მოუფრთხილდეს, ძალები გადაანაწილოს, ამავდროულად კი სათამაშო ფორმა არავინ დაკარგოს.

დემბელე ძალიან შედეგიანია(17 გოლი, 4 შედეგიანი პასი), ბარკოლა სწრაფი, ხვიჩა კვარაცხელია (ჩემპიონატში ჯერჯერობით 1 გაიტანა და ორჯერ პარტნიორებს გაატანინა) კი პორტუგალიელ ნახევარმცველებთან ერთად მოედნის საოცარ ხედვას ლამაზ თამაშთან ერთად გვთავაზობს. "ლილი" ამ სეზონზე არასტაბილურია. ბრუნო გენეზიოს გუნდს უფრო შეტევაში უჭირს, გაშვებული გოლი კი თითქმის იგივე აქვს, რაც პსჟს(დაცვაში ყველაზე ცნობილი ბელგიელი მუნიეა). არადა, კანადელ ჯონათან დეივიდს 12 შედეგიანი დარტყმა და 3 საგოლე პასი აქვს. "აიაქსიდან" ზამთარში ნაყიდი ინგლისელი, ჩუბა აკპომი ნელ-ნელა "იქოქება."

პსჟ 2 აპრილს თასის ნახევარფინალში "დიუნკერკს" შეხვდება. ეს ტიტულიც ახლოსაა

Sportall.Ge

უკანასკნელ 7 შეხვედრაში პარიზელებმა "ლილს" ექვსი მოუგეს და ერთი ფრედ დასრულდა. დედაქალაქელები ბოლოს 2021 წელს დამარცხდნენ, იმ შემადგენლობიდან კი გუნდში ახლაც მხოლოდ ჰაკიმი და კომპემბე არიან, მათი მოწინააღმდეგიდან კი დეივიდი, ანდრე და ანხელ გომესი.

ზაირე-ემერი კი დაბრუნდა, მაგრამ "ლიონთან" ტრავმები ვიტინიამა და ლი კანგ-იანმა მიიღეს და თასზე არ ყოფილან. მოსალოდნელია, ისინი ჩემპიონთა ლიგისთვის მოემზადონ.

შეხვედრის მთავარი არბიტრი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრანგი მსაჯი (ტურპინთან ერთად) ლეტექსიე იქნება, რომელიც პარიზელებს ბოლოს 19 დეკემბერს, "მონაკოსთან" სტუმრად (4:2) მოგებულ შეხვედრაში მოემსახურა. ეს მატჩი იმითაა გასახსენებელი, დონარუმამ სახეზე ტრავმა რომ მიიღო, დემბელემ დუბლი შეასრულა, მონაკოელთა მწვრთნელმა კი წითელი ბარათი დაიმსახურა.

შაბათს, 20 საათზე, ზურიკო დავითაშვილის "სენტ ეტიენი" "ნიცას" მიიღებს. ქართველის გუნდი გასავარდნ ზონაშია. რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძის "ლიონს", კვირას, 18:00 საათზე, "ბრესტს" უმასპინძლებს, საუკეთესო ხუთეულში კი ჯერ ვერაფრით შეაღწევს.

altემუქრება თუ არა კვარაცხელიას გამო "ნაპოლის" სასჯელი და რამდენს მიიღებს სინამდვილეში ტრანსფერში

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული