არგენტინა 1978: შავი ზოლის საიდუმლო

AutoSharing Option
შოტლანდიელმა მკვლევარმა და პროფესორმა დევიდ ფორესტმა ცოტა ხნის წინ არგენტინაში იმოგზაურა, სადაც ერთ უცნობ ისტორიას მოჰფინა ნათელი. იცით, რატომ იყო 1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კარის ძელების ქვედა ნაწილი შავად შეღებილი? სწორედ ამ საიდუმლოების კლევას მოანდომა მისტერ ფორესტმა თითქმის 40 წელიწადი და, როგორც იქნა, უტყუარ პასუხს მიაგნო...

არგენტინაში მოგზაურობის ამბავი და "შავი ზოლის" საიდუმლოება მან პოპულარული ბრიტანული გამოცემა "გარდიანის" ფურცლებიდან გაგვანდო...

"მაშინ სულ რაღაც 10 წლის ვიყავი და ფეხბურთში ბევრი არაფერი გამეგებოდა. შეიძლება, როგორც ყველა მოსწავლეს, არდადეგების პერიოდში მეც რამე სხვა
გართობი უნდა მეძებნა, მაგრამ პერუსთან პირველივე მატჩში ჩემი ქვეყნის ნაკრების მარცხით გამოწვეულმა იმედგაცრუებამ ჩემი ზაფხული რადიკალურად შეცვალა...

იმ ჩემპიონატიდან მეხსიერებამ არცთუ ბევრი რამ შემომინახა. პირველივე დღეებში, რატომღაც, ყურადღება მივაქციე ყველა სტადიონზე შავად შეღებილი კარის ძელის ქვედა ნაწილს, რომელიც ხასხასა მწვანე მინდორთან, ქათქათა ბადეებთან და ულამაზეს გოლებთან უჩვეულო კონტრასტს ქმინდა, უჩვეულოსა და რაღაც საიდუმლოებით მოცულს...

თითქმის მთელი 40 წლის განმავლობაში ეს "შავი ზოლი" ტვინს მიღრღნიდა და არ მასვენებდა. ამ საიდუმლობის ამოხსნის დაუოკებეული წყურვილით ვიყავი შეპყრობილი. არც დოკუმენტურ ფილმებში, არც მსოფლიოს ჩემპიონატისადმი მიძღვნილ წიგნებსა და სხვა წყაროებში პასუხს ვერ მივაგენი, ვიდრე არგენტინაში არ ვიმოგზაურე. იქ გავიცანი კაცი, რომელმაც "შავი ზოლის" საიდუმლო გამანდო, მაგრამ მანამდე...

* * *
10 წლისამ, რა თქმა უნდა, არაფერი ვიცოდი, რა ხდებოდა 1978 წლის ივნისში არგენტინის საფეხბურთო მოედნებს მიღმა. ეს ის პერიოდია, როცა ამ სამხრეთამერიკულ ქვეყანაში გენერალ ხორხე ვიდელას სისხლიანი სამხედრო რეჟიმი მძვინვარებს. სასტიკმა ხუნტამ, ხუთწლიანი მმართველობის პერიოდში, ირგვლივ სისხლის გუბეები დააყენა, ათიათასობით ადამიანი მოკლა, ბევრიც გაუჩინარდა და დღემდე მათი ასავალ-დასავალი არავინ იცის.

ბუენოს აირესის ქუჩებში, ხალხმრავალ ადგილებში იყო მოწყობილი სპეციალური ცენტრები, სადაც ხალხს რეჟიმისადმი დაუმორჩილებლობის გამო სიკვდილის პირამდე სცემდნენ და აწამებდნენ...

სხვათა შორის, ერთ-ერთ ასეთ კლუბს ერქვა "ატლეტიკო" - "ბოკა ხუნიორსის" სტადიონ "ლა ბომბონერას" სიახლოვეს, რომელიც ბუენოს აირესში ჩასულმა მაშინვე მოვინახულე.

მანამდე კი იყო გასეირნება წიგნის ბაზრობაზე, რომელიც არგენტინის დედაქალაქის გარეუბან პალერმოშია, ხოლო შემდეგ - ვიზიტი სახელგანთქმულ რესტორან "დონ ხულიოში", იმავე უბანში.

"დონ ხულიოში" ვზივარ, "კილმესის" ლუდს ვსვამ და წიგნის ბაზრობაზე ნაყიდ, მსოფლიოს ჩემპიონატისადმი მიძღვნილ სპეციალურ, უხვად ილუსტრირებულ გამოცემა "არგენტინას 78-ს" ვფურცლავ...

"რას ათვალიერებთ"? - უხმოდ "მეკითხება" ნიკაპაწეული, ცნობისმოყვარე ოფიციანტი. მეც უხმოდ ვაჩვენებ ფოტოს, რომელზეც გამოსახულია საფრანგეთის ნაკრების მეკარე ჟან-პოლ ბერტრან-დემანი, არგენტინასთან მატჩში ზურგით ძელს რომ მიენარცხა და მძიმედ დაშავდა...

"აჰ, ფრანგი ხართ, არა?" - ინტერესდება ესპანურად მოლაპარაკე, ცნობისმოყვარე ოფიციანტი, რომელსაც უხეირო ესპანურითვე ვპასუხობ, რომ ამ შემთხვევაში ფრანგი მეკარე (რომელსაც გულწრფელად თანავუგრძნობდი მძიმე ტრავმის გამო) ნაკლებად მაინტერესებს და ვუთითებ იმავე ფოტოზე, სადაც კარგად ჩანს შავად შეღებილი ძელის ქვედა ნაწილი - "აი, რა მაინტერესებს-მეთქი" - ვუხსნი.

გაკვირვებული მიყურებს... და უცებ თვალებში სხივი უკიაფდება. მირჩევს, მოვინახულო "ესტადიო მონუმენტალი", სადაც არგენტინასა და ჰოლანდიას შორის 1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართა...

გადის ერთი კვირა და "მონუმენტალზე" ვარ. არგენტინული სეზონის მთავარი მატჩი, სუპერკლასიკო "რივერსა" და "ბოკას" შორის. რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნებოდა იმ დიდებული ფინალის დარი მატჩი - უგოლო ფრე, დაბალი ხარისხის ფეხბურთი, მხოლოდ ემოცია, მაგრამ მაინც დაუვიწყარი სპექტაკლი, რომლისთვისაც ნამდვილად ღირს დროის "დაკარგვა".

ვზივარ "მონუმენტალზე", ვიხსენებ ძველ ვიდეო თუ ფოტოკადრებს და მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ სტადიონზე თითქმის არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ... სადღაც გაქრა ის შავი ზოლი.

მეორე დღე და ისევ "მონუმენტალი". როგორღაც ვახერხებ და შევდივარ ლამაზ, კარგად მოვლილ გაზონზე. აი, დაახლოებით იმ ადგილას ვდგავარ, საიდანაც მარიო კემპესმა მეორე გოლი გაიტანა ფინალში... მეც მინდა, დაახლოებით ისეთივე სლალომი ჩავატარო, მაგრამ... არ "გამომდის"...

ამ დროს, ვხედავ შუა ხნის კაცს, ხელების ქნევით მიახლოვდება და გაბრაზებული მანიშნებს - აბა, წადი აქედან, ნუ მიფუჭებ ამ ნალოლიავებ მინდორსო!.. არ ვრეაგირებ და პირდაპირ ვეკითხები - სად გაქრა ის ძველი კარები, თავისი ქათქათა ბადეებით-მეთქი? გაოცებული მომჩერებია, მე კი "შეტევას" არ ვწყვეტ და მთავარ კითხვას ვუსვამ - რა იცით იმ შავი ზოლების შესახებ, რომლითაც ძელების ქვედა ნაწილი იყო შეღებილი-მეთქი?

მიხსნის, რომ შავი ზოლებით კარები პირადად "დაამშვენა". ეს უკვე დიდი საქმეა, მაგრამ მე მაინტერესებს მთავარი - რატომ? რა მიზნით? მას "მონუმენტალის" ერთ-ერთ ოთახში შევყავარ. კედლებზე დიდი შავ-თეთრი ფოტოებია. ერთ-ერთიდან ნაცნობი სახე შემომყურებს - ღმერთო, სად მინახავს ეს კაცი?! - დაახლოებით 40 წლამდე მამაკაცი, გაღიმებული სახით, ლეოპოლდო ლუკეს (არგენტინის ნაკრების ფორვარდი მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონატზე - რედ) ვარცხნილობით...

ჩემი მეგზური ხვდება, რომ მამაკაცი მეცნობა. "სტადიონის მომსახურე პერსონალია. ეს ჯგუფი მსოფლიოს ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტთან ერთად მუშაობდა, ეს კი, ასე დაჟინებით რომ უცქერთ, ესეკილ ვალენტინია", - მიხსნის მასპინძელი.

ესეკილ ვალენტინი... რა თქმა უნდა, მარტო გვარ-სახელი არაფერს მეუბნება, მაგრამ სახე, თვალები... აჰ, ეს ხომ ის არის!.. კი, ნამდვილად ის არის! წყალი არ გაუვა!..

* * *
ცოტა ხანში ისევ ვაღებ "დონ ხულიოს" შესასვლელ კარს. ჩემი ნაცნობი ოფიციანტი, იგივე ესეკილ ვალენტინი, ერთ-ერთ მაგიდასთან დგას და კლიენტს ღვინოს უსხამს. კარის გაღების ხმაზე ჩემკენ იხედება და წამით ჩერდება. ვუახლოვდები. ერთმანეთს თვალს თვალში ვუყრით. ორივეს გვეღიმება. რა თქმა უნდა, ესეკილი უკვე ხვდება, რატომ ვარ ისევ აქ...

რამდენიმე წუთში მზით განათებულ მაგიდასთან ვსხედვართ, "პეპსის" ვწრუპავთ და გულახდილად ვსაუბრობთ...

..."მაშინ ძალიან დიდი პრობლემები გვქონდა, - ჰყვება ესეკილი, - საორგანიზაციო კომიტეტი, ფეხბურთელები... ყველას ერთი პრობლემა გვქონდა. კარგად მახსოვს, რას ეუბნებოდა ლუის მენოტი (არგენტინის ნაკრების მაშინდელი მწვრთნელი - რედ) თავის ფეხბურთელებს - თქვენ თავი უნდა დადოთ და გაიმარჯვოთ არა ხუნტისთვის, არამედ - უბრალო ხალხისთვის!..

რაც შეეხება შავ ზოლს... ხალხში მაშინ დიდი პროტესტი იყო, მაგრამ ეს იყო ჩუმი პროტესტი. ჩვენც გვინდოდა, რაღაცნაირად გამოგვეხატა ეს პროტესტი, მაგრამ ფორმას ვერ ვპოულობდით... ძალიან დიდი იყო შიში და ისეთი რამ უნდა გაგვეკეთებინა, რასაც ხუნტა ვერ მიხვდებოდა და თან ფიფას სტანდარტსაც არ დაარღვევდა...

ბოლოს, გადავწყვიტეთ, რომ პროტესტის ნაცვლად, უფრო იოლი გამოსავალი იქნებოდა, პატივი მიგვეგო ხუნტის მიერ დახვრეტილთა ხსოვნისა და უგზოუკვლოდ დაკარგულებისთვის. ეს კი ისე უნდა გაგვეკეთებინა, რომ მთელ მსოფლიოს დაენახა, ყველა ტელეკამერას დაეფიქსირებინა...

ამიტომაც გადავწყვიტეთ კარის ძელების ქვედა ნაწილის შავად შეღებვა, მაგრამ თან უნდა დაგვესაბუთებინა, რომ ფერების ასეთი შეხამება შეეფერებოდა ქვეყნის ისტორიას, კულტურას... ამას ითხოვდა სისხლიანი ხუნტა... მოკლედ, ასეთი იყო ჩვენი მოკრძალებული წვლილი ათიათასობით არგენტინელის ხსოვნის უკვდავსაყოფად"...

...ვგრძნობ, როგორ "გვაჭერს" მზე. ესეკილს მადლობას ვუხდი, წიგნზე სამახსოვრო ჩანაწერს ვაკეთებინებ, ბოლოს კი ერთმანეთს ხელს ვართმევთ და გასასვლელისკენ ვტრიალდები...

"მოიცა", - მეძახის ესეკილი. ვჩერდები. ალბათ, რაღაც დარჩა სათქმელი, - "არ გინდათ, გაიგოთ, იყო თუ არა ჩაწყობილი არგენტინა-პერუს მატჩი"?..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
იმ დღეს ბრაზილიამ 4:0 მოიგო და ფაქტიურად განაღდებული ქონდა შემდეგ ეტაპზე გასვლა. არგენტინა-პერუს თამაში მოგვიანებით დაიწყო და არგენტინამ უკვე იცოდა, რომ უფრო დიდი ანგარიშით უნდა მოეგოთ ვიდრე ბრაზილიას. მახსოვს პერუს მეკარე, რომელიც მანამდე სასწაულებს აკეთებდა და დაფრინავდა, არგენტინასთან გოლებს იღლიის ქვეშ უშვებდა. ეს ნამდვილად ჩაწყობილი იყო.
არჩილ
18:41 12-10-2019
0
მაგ თამაშს ვუყურე და ვფიქრობ მიცემული თამაში იყო პერუ ის გუნდი არიყო იმდროს რო წაეგო ამხელა ანგარიშით ძალიან მაგარი გუნდი ყავდა და აღარაფელს ვამბობ იმაზე რო კუბილასი ყავდათ სამხრეთ ამერიკის კოინტინენტის ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელი.რომელმაც საეჭვოთ ააცილა ცარიელ კარს ორჯერ ბურთი.არადა ეგეთი ფეხბურთელები იშვიათად აკეთებენ ამას თან ზედიზედ.
quTaiseli
12:47 17-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული