ლეგენდარული ფეხბურთელები, რომლებმაც 2017 წელს კარიერა დაასრულეს [PHOTO]

AutoSharing Option
2017 წელს საფეხბურთო კარიერა ძალიან ბევრმა ვარსკვლავმა დაასრულა და ბუცები ლურსმანზე ჩამოჰკიდა.

ბოლო, ვინც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რიკარდო კაკა იყო.

ამ სტატიაში გავიხსენებთ იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც მიმდინარე წელს კარიერა დაასრულეს.

ფრანჩესკო ტოტი

2017 წლის 17 ივლისს ფრანჩესკო ტოტიმ მსოფლიოს აცნობა, რომ ბუცებს ლურსმანზე ჰკიდებდა. ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი კარიერის განმავლობაში მხოლოდ "რომას" მაისურს ირგებდა.

"შესანიშნავი გრძნობაა. ყოველთვის მსურდა, კარიერა "რომას" ფორმაში დამესრულებინა. ეს კლუბი ყოველთვის ჩემს გულში იქნება.

აქ შესანიშნავი 27 წელი გავატარე და აქ ყველაფერი მიყვარს", -
განუცხადა კლუბის საიტს ტოტიმ კარიერის დასრულების შემდეგ.

"ჩესკოს" "ჯალოროსის" შემადგენლობაში 619 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც ყოფილმა კაპიტანმა საკუთარ ანგარიშზე 250 გოლი ჩაიწერა.

ტოტი ''რომაში" დარჩა და დღეს კლუბში ერთ-ერთი ტექნიკური დირექტორის პოზიციას იკავებს.

Sportall.Ge

ფრენკ ლამპარდი

სუპერ ფრენკმა კარიერის დასრულების შესახებ 2017 წლის დასაწყისშივე გვაუწყა. ლეგენდარული ნახევარმცველის საფეხბურთო საწყისები "ვესტ ჰემს" უკავშირდება, თუმცა მისთვის განსაკუთრებული, რა თქმა უნდა, ''ჩელსიში'' გატარებული 13-წლიანი კარიერაა.

"ძალიან ამაყი ვარ იმ ტიტულებით, რომლებიც კარიერაში მოვიგე. უბედნიერესი ვარ, რომ ჩემი ქვეყნის მაისური 100-ზე უფრო მეტჯერ მოვირგე.

ასევე არ დამავიწყდება 300-ზე მეტი გოლი, რომლებიც კარიერაში გავიტანე", - დაწერა "ინსტაგრამზე" ლამპარდმა.

ლამპარდი 147 გატანილი გოლით ''ჩელსის'' ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

როგორც მან განაცხადა, მწვრთნელობა სურს, თუმცა, ამჟამად, "სკაი სპორტის" საფეხბურთო ექსპერტია.

Sportall.Ge

ფილიპ ლამი

გასული სეზონის დასრულების შემდეგ საფეხბურთო კარიერა დაასრულა ფილიპ ლამმაც. მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარული მცველი ასევე "შტუტგარტის" მაისურას ირგებდა, სადაც 2 წელი განათხოვრებული იყო.

"ვცდილობდი, რომ ყოველთვის ლიდერი ვყოფილიყავი. ამიტომ ყოველ ვარჯიშზე ბოლომდე ვიხარჯებოდი.

ვფიქრობ, რომ კარიერის განმავლობაში რაღაც მნიშვნელოვანს მივაღწიე, ახლა კი შეჩერების დროა", - აღნიშნა ლამმა.

გერმანიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს 7-ჯერ 'ბუნდესლიგა", თითოჯერ კი "ჩემპიონთა ლიგა" და მსოფლიო ჩემპიონატი აქვს მოგებული.

ლამს თავისი მომავალი ჯერ არ გადაუწყვეტია, თუმცა მას "ბაიერნში" სპორტული დირექტორის პოზიციას სთავაზობენ.

Sportall.Ge

ჩაბი ალონსო

2017 წელს საფეხბურთო კარიერა დაასრულა ჩაბი ალონსომაც. ესპანელი ბოლოს მიუნხენის "ბაიერნის" მაისურს ირგებდა.

კარიერის განმავლობაში კი იგი ასევე "სოსიედადის", "ეიბარის", "ლივერპულის" და მადრიდის "რეალის" ფორმით ასპარეზობდა.

"იცოცხლო, გიყვარდეს... ფეხბურთი შესანიშნავი თამაში და ბრწყინვალე გრძნობაა. ვფიქრობ, წასვლის დროს მოვიდა", - აღნიშნა ალონსომ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რას აპირებს სამომავლოდ ბასკი ფეხბურთელი.

Sportall.Ge

რიკარდო კაკა

2017 წელს ბოლო ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელმაც ბუცები ლურსმანზე ჩამოჰკიდა, რიკარდო კაკაა.

"მილანის" ლეგენდარულ ფეხბურთელს "სან პაულოში", "რეალსა" და "ორლანდო სიტიში" უთამაშია.

კაკა განსაკუთრებით "როსონერის" ტიფოზებს უყვართ, სადაც 193 შეხვედრაში 70 გოლის ავტორი გახდა.

როგორც ბრაზიელმა აღნიშნა, მას მომავალში მწვრთნელობა სურს. 

Sportall.Ge




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული