1994 წლის სექტემბერში ვენგერი "მონაკოდან" დაითხოვეს და მან ახალი სამწვრთნელო სამსახურის ძებნა დაიწყო.
ამ დროს მას სამსახური იაპონიაში, "ნაგოიაში" შესთავაზეს. ფრანგ სპეციალისტამდე ამ კლუბში გარი ლინეკერი და დრაგან სტოიკოვიჩი თამაშობდნენ, თუმცა მათ ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწიეს.
შესაბამისად, თავიდან ვენგერსაც არავინ ენდობოდა, ფიქრობდნენ, რომ ისიც მორიგი უცხოელი იყო, რომელიც ვერაფერს მიაღწევდა.
იაპონიის "ჯეი ლიგა" მაშინ 2 წლის შექმნილი იყო. მიუხედავად ახალი მწვრთნელისა, "ნაგოიამ" სეზონი ტრადიციულად დაიწყო და
გუნდმა პირველ 8 მატჩში მხოლოდ 3 ქულა აიღო.
"ჩემსა და ფეხბურთელებს შორის კედელი იყო აღმართული. იმ წესებს, რომლებსაც ევროპაში ვიყენებდი, აქ შედეგები არ მოჰქონდა. ისინი კონკრეტულ ინსტრუქციებს ელოდნენ ჩემგან, თუმცა მე ვასწავლე მათ, თავად ეფიქრათ.
ენის ბარიერი ჩემთვის კარგიც იყო, რადგან არ ვიცოდი, რას წერდნენ და საუბრობდნენ ჩემზე", - იხსენებს ვენგერი.
მისმა მიდგომამ შედეგი მალევე გამოიღო და გუნდმა სეზონი მე-4 ადგილზე დაასრულა, შემდეგ წელს კი კლუბმა მეორე საფეხური დაიკავა.
1995 წელს ვენგერი იაპონიაში წლის მწვრთნელად დაასახელეს. მომდევნო წელს მისმა კლუბმა იმპერატორის თასი მოიგო.
როგორც იაპონელები იხსენებენ, ვენგერმა მათ ქვეყანაში თანამედროვე სამწვრთნელო ელემენტები შეიტანა.
მიუხედავად მცირე სამუშაო დროისა, ფრანგმა იაპონურ ფეხბურთში დიდი კვალი დატოვა.