"ჩემი გატანილი გოლები არ ახსოვთ" - გონსალო იგუაინი არგენტინის ნაკრებიდან წასვლაზე

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" არგენტინელმა თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა სანაკრებო კარიერა დაასრულა, - ამის შესახებ 31 წლის თავდამსხმელი Instagram-ზე წერს.

"ეს გადაწყვეტილება მივიღე, რადგან ოჯახთან მეტი დროის გატარება მსურს. ვფიქრობ, რომ ჩემს ქვეყანას ყველაფერი მივეცი, რაც შემეძლო. ახლა მთლიანად "ჩელსიზე" ვარ კონცენტრირებული", - წერს გონსალო იგუაინი.

Fox Sports-თან საუბრისას კი არგენტინელი ფორვარდი ამბობს, რომ ხალხს მისი გატანილი გოლები არ ახსოვს.

"ხალხი მხოლოდ იმ მომენტებს იხსენებს, სადაც ვერ გავიტანე, მაგრამ ჩემი გატანილი გოლები არ ახსოვთ. დარწმუნებული ვარ, ყველამ აღნიშნა ბელგიასთან გატანილი გოლი (2014 წლის მეოთხედფინალში
იგუაინის მიერ გატანილი გამარჯვების მომტანი გოლი).

როცა ვიღაცას ბოროტად აკრიტიკებ, ეს ყველას ვნებს. ვხედავდი, როგორ იტანჯებოდა ჩემი ოჯახი, თუმცა ეროვნული ნაკრებისთვის ყველაფერი გავაკეთე.

ერთია, როცა ამბობ, რომ გუნდმა დასახულ მიზანს ვერ მიაღწია, მაგრამ როცა უუნარობაში გადანაშაულებენ, ეს ძალიან რთულია", - თქვა იგუაინმა.

31 წლის თავდამსხმელს არგენტინის ეროვნულ გუნდში 75 მატჩი აქვს გამართული, სადაც 31 გოლი გაიტანა. ის ნაკრებთან ერთად 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა, ორჯერ კი კოპა ამერიკის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული