ამსტერდამის "აიაქსმა" გუშინ, 15 მაისს "გრააფსხაფი" დაამარცხა და ჰოლანდიის ჩემპიონატი მოიგო. ალბათ, არავის გაუხარდებოდა ასე ლაღად და ლამაზად მოთამაშე გუნდს სეზონი მნიშვნელოვანი ტიტულის გარეშე რომ დაემთავრებინა.
"აიაქსმა" ერედივიზიონში 86 ქულა დააგროვა და 3 ქულით გაასწრო პსვ-ს. ამსტერდამულმა კლუბმა 34-დან 28 თამაში მოიგო და 119 გოლი გაიტანა. დუშან ტადიჩმა ჩემპიონატის ბომბარდირობა ლუუკ დე იონგთან გაიყო, ორივე ფეხბურთელმა 28-28 გოლი გაიტანა.
გუშინ გამართულ შეხვედრაში ანგარიში ლასე შონემ გახსნა. დანიელმა საჯარიმო დარტყმიდან ლამაზი გოლი გაიტანა. "გრააფსხაფის" ფეხბურთელებმა ანგარიში პირველივე ტაიმში გაათანაბრეს, თუმცა მალევე "აიაქსი" ისევ წინ გავიდა. მეორე ტაიმში ტადიჩმა ორჯერ გამოიჩინა თავი და ამსტერდამელები ჰოლანდიის ჩემპიონები 2014 წლის შემდეგ პირველად გახდნენ.
ალბათ, ცუდი ის გახლავთ, რომ ძალიან კარგი კოლექტივის დაშლის პროცესი უკვე დაიწყო, მაგრამ იმედია, გუნდი არ გადაუხვევს დამახასიათებელ სტილს და ახალ რესურსსაც იპოვის. წლევანდელი "აიაქსი" თანამედროვე ფეხბურთიდან აბსოლუტურად განსხვავებულ, სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა და ის საფეხბურთო სამყაროს სჭირდება.