"ჯვაროსანთა" მეტოქის, სომხეთის ნაკრების ფეხბურთელს მათი გუნდისთვის იდეალურ მწვრთნელად კლოპი მიაჩნია

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეორე გათამაშებაზე საქართველოს ნაკრების მეტოქის, სომხეთის ეროვნული გუნდის თავდამსხმელმა ალექსანდრ კარაპეტიანმა ("სოჭის" ფეხბურთელია) "როსიისკაია გაზეტას" ინტერვიუ მისცა და მომავალ ტურნირზე თავიანთი შანსიც შეაფასა.

- როგორ აღიქვით სომხეთის ნაკრების მწვრთნელად ხოაკინ კაპაროსის დანიშვნა?
- მწვრთნელად უცხოელის დანიშვნამ არ გაგვაკვირვა. რა თქმა უნდა, გამიხარდა. გამოცდილი სპეციალისტია. 100%-ით დაგვეხმარება. გავიგე, რომ კიბოთია დაავადებული. მიუხედავად ამისა, მუშაობას აგრძელებს. ეს მის ხასიათზე მეტყველებს.

- მწვრთნელის გამო გაურკვევლობა ხელს გიშლიდათ?
- არა, ამას ყურადღებას არ ვაქცევდით. რა აზრი აქვს ფიქრს, თუ ასეთი რამ შენზე არ არის
დამოკიდებული? ვინც უნდა იყოს მწვრთნელი, უნდა იმუშაო და გაიმარჯვო.

- სომხეთის ნაკრებისთვის იდეალური მწვრთნელი ვინ იქნებოდა?
- იურგენ კლოპი. მისი შვილის წინააღმდეგ გერმანიაში ვითამაშე. მაშინ კლოპი "მაინცში" მუშაობდა. მახსოვს, თავისი შვილის თამაშის სანახავად მოვიდა, ხალხი მასთან მივიდა, სურათები გადაიღეს. იმ მატჩს ჩემი მამა დაესწრო, კლოპს გამოელაპარაკა. ვერავინ იფიქრებდა, თუ ასეთი ტოპი გახდებოდა.

- მისი შვილი რომელ პოზიციაზე თამაშობდა?
- დაცვაში. მახსოვს, გრძელი თმები ჰქონდა. მოედანზე არავის არაფერს უთმობდა, აგრესიული იყო. მხითარიანმა კლოპზე ბევრი რამ მომიყვა. მითხრა, რომ ფანტასტიკური მწვრთნელი და ადამიანია.

- შემდეგ შესარჩევ ციკლში სომხეთს დიდ ტურნირზე გასვლის რეალური შანსი აქვს?
- ჩვენ ევრო 2020-ზეც კარგი შანსები გვქონდა. მხითარიანს ტრავმა რომ არ მიეღო, ყველაფერი შეიძლებოდა სხვაგვარად მომხდარიყო. ჩვენს გუნდში, მის გარდა, ყველას შეცვლა შეიძლება, ის შეუცვლელია.

- უკანასკნელ ხანს  ყველაზე განხილვადი მატჩი იტალიასთან 1:9 წაგებაა. ეს რა იყო?
- დღემდე შოკში ვარ. თითქოს მათი ყოველი შეტევა გოლით სრულდებოდა. მეჩვენებოდა, რომ რაღაც ცუდ ფილმში ვთამაშობდი, სადაც ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გინდა. შემდეგ ლაპარაკობდნენ, რომ არასწორი ტაქტიკა ავირჩიეთ, რომ 5 მცველით არ უნდა გვეთამაშა და ა.შ. მწვრთნელსაც ლანძღავდნენ, რასაც ასევე არ ვეთანხმები. უბრალოდ, იმ შეხვედრისთვის ვერ განვეწყვეთ. იმედია, მსგავსი რამ აღარ განმეორდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული