ცნობილმა ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა ვესლი სნეიდერმა ფეხბურთელის კარიერა გასული წლის აგვისტოში, 35 წლის ასაკში დაასრულა და გვარიანად მოიმატა წონაში. მან პარასკევს ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა და კარიერის უცნობი დეტალები გაამხილა. სახელდობრ, მან ახსნა, რატომ ვერ მოიკიდა ფეხი "რეალში", რომელსაც 2007-09 წლებში ეკუთვნოდა.
"ვერ მივხვდი, როდის გახდა არაყი ჩემი საუკეთესო მეგობარი. ამას ფიზიკურად ვერც კი ვგრძნობდი. მეორე დღეს ვიღვიძებდი და უქეიფოდ საერთოდ არ ვიყავი, თითქოს წინა დღეს არც დამილევია. ვთამაშობდი, თუმცა სულ უფრო და უფრო
უარესად, კონცენტრაცია არ მყოფნიდა. საკუთარ თავს ვატყუებდი, რომ როდესაც საჭირო იქნებოდა, ფეხბურთელის ინტელექტი გადამარჩენდა, მაგრამ ფიზიკურად ვიძირებოდი.
ახალგაზრდა გახლდით, ძალიან ვაფასებდი ყურადღებასა და წარმატებას, საქმე კი სასურველად არ მიდიოდა. ნარკოტიკებს არ ვიღებდი, სამაგიეროდ, ალკოჰოლურ სასმელებს ვეძალებოდი და როკ-ენ-როლი მიყვარდა. სუპერვარსკვლავივით ცხოვრებას მივეჩვიე", - იხსენებს სნეიდერი.
მან "რეალში" ყველა ტურნირზე 66 მატჩში 11 გოლი და 12 საგოლე გადაცემა მიითვალა და მის რიგებში ლა ლიგა მოიგო.