5 წლის წინ ჩინეთში გადაწყვიტეს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები მიეზიდათ და მათ ევროპული ბაზრისთვისაც კი მიუწვდომელ ხელფასებს სთავაზობდნენ. პირველ რიგში, აზიას სამხრეთამერიეკელმა მიაშურეს. ბევრს მიუნხენის "ბაიერნისა" და "ბარსელონას" ინტერესიც დაავიწყდა, ასაკსა და მომავალ კარიერასაც არ მიაქციეს ყურადღება და აზიაში გაიქცნენ. 15-20 მილიონი ევრო წელიწადში - ზედმეტად ტკბილი ციფრია, რათა ტიტულებსა და გულშემატკივართა აღიარებაზე იფიქრო.
ხატაეთის საფეხბურთო ამბების ერთერთი სიმბოლო ოსკარი გახდა, რომელმაც "ჩელსიში" გაიბრწყინა, 25 წლისას "სტემფორდ ბრიჯის" მომავალ ვარსკვლავად და გუნდის ლიდერად თვლიდნენ. ოსკარმა მართლაც ბრწყინვალედ დაიწყო, გაუტანა "იუვენტუსს". შემდეგ
ხუან მატასთან ერთად კარგი დუეტი შექმნა, პრემიერლიგა და ევროპა ლიგა მოიგო. თუმცა, ანტონიო კონტეს "არისტოკრატებში" მისვლის შემდეგ ბრაზილიელმა სკამზე გადაინაცვლა: ის იტალიელის გეგმებში არ შედიოდა და თამაშიც თითქმის არ უწევდა.
შემდეგ კლუბს 75 მილიონი ევრო შესთავაზეს, "ჩელსიში" არც უფიქრიათ. ხოლო 20-მილიონიანმა ხელფასმა ოსკარიც ზედმეტი ფიქრებისგან გაათავისუფლა.
"არ ვთვლი, რომ ეს უკან გადადგმული ნაბიჯია. ჩინეთში დიდ პროექტს ქმნიან. მომავალში ჩინური ლიგა მსოფლიოს ერთერთი წამყვანი ჩემპიონატი გახდება. როცა სათამაშოდ ევროპაში მიდიხარ, ამას არა ფულისთვის, არამედ კარგი კლუბების გამო აკეთებ. იგივე ისტორია უნდა იყოს ჩინეთთან დაკავშირებითაც. ეს ლიგა მსოფლიოში ერთერთი უძლიერესი უნდა გახდეს,"- თქვა ოსკარმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.
აზიაში გადაბარგების შემდეგ ოსკარი ანაზღაურების მხრივ მსოფლიოს ტოპ-15 ფეხბურთელს შორის მოხვდა. თუმცა ნაკრები დაივიწყა: ბოლოს "სალესაოში" 2015 წელს გამოიძახეს, როცა "ჩელსიში" თამაშობდა. 2018 წელს კი აღიარა, რომ არც კი ადარდებდა: ოსკარს აღარ რცხვენოდა, რომ აღმოსავლეთში ფულის საკეთებლად წავიდა.
"ჩინეთს უდიდესი ეკონომიკური ძალა აქვს. ფეხბურთელს ასეთ შეთავაზებაზე უარის თქმა არ შეუძლია. ნებისმიერი მოთამაშე და ნებისმიერი მშრომელი ფულს ახლობლების დასახმარებლად შოულობს. მე ღარიბ ბრაზილიურ ოჯახში გავიზარდე, ჩვენ არაფერი გაგვაჩნდა. ახლა რაც გვაქვს, ჩემი სამსახურის გამოა. ყველაფერი რაც მაქვს, თავად გამოვიმუშავე.
არ მადარდებს მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშებ თუ არა. მე ოჯახსა და მომავალზე ვფიქრობ. არ მინდა უბედური და ღატაკი ვიყო, სიბერეში კი მუნდიალზე ნათამაშევი შეხვედრების მოგონებებით ვიცხოვრო,"- ციტირებს ბრაზილიელს La Pelotona.
ხატაეთში კი ოსკარზე გიჟდებიან. მან მართლაც ძალიან ბევრი გააკეთა, რათა "შანხაი სიპგს" საჩემპიონო გვირგვინი "ხუანჭო ევერგრანდისათვის" ჩამოერთმია: მაგალითად, 2018 წლის ოქროს სეზონში ოსკარი ლიგაში გოლს+პასი (12+22) საუკეთესო იყო. 2020 წლის ბოლოს კლუბთან კონტრაქტი ჰალკს დაუმთავრდა და ბრაზილიაში დაბრუნდა. ოსკარმა კი ჯერ კიდევ 2019 წელს გააგრძელა ხელშეკრულება ძველი პირობებით და ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდა. შესაძლოა, ეს სპეციალურად გააკეთეს, რადგან იქამდე რამდენიმე კვირით ადრე ხელფასის ჭერის განსაზღვრის საკითხს განხილვა დაიწყეს, რომელიც 2024 წლამდე ფეხბურთელს ვერანაირად ვერ შეეხება.
მიუხედავად ამისა, აშკარაა, რომ ოსკარს ჩინეთში მობეზრდა. ბოლო ორი სეზონია არც ისე კარგად თამაშობს და პრესასთან უფრო და უფრო ხშირად საუბრობს "შანხაი სიპგიდან" წასვლაზე. ჯერ ამბობდა სერია A-ში მინდაო, ახლა კი "ჩელსი" წამოსცდა.
"ჯერ ჩინეთის დატოვებაზე არ ვფიქრობ. აქ ბრწყინვალე პროექტი აქვთ, თუმცა კარიერის ბოლოს "ჩელსიში" დაბრუნებას ვისურვებდი. ინგლისის პრემიერლიგაში კარგი ისტორია შევიქმენი, ისეთ ასაკში მივედი, როცა ბრაზილიელებს გულშემატკივრები დიდად არ ენდობიან. შევძელი და ეს სტერეოტიპი შევცვალე. როცა ასაკში შევალ, იგივე მინდა გავიმეორო. ჯერ კიდევ კარგად ვთამაშობ, კარგი სტატისტიკაც მაქვს, წესით, "ჩელსიში" ჩემთვის ადგილი უნდა გამოინახოს,"- განაცხადა 29 წლის ფეხბურთელმა Yellow and Green Football-თან ინტერვიუში.
უფრო და უფრო სარწმუნოა, რომ ეს სიტყვები პოპულიზმიდან საკმაოდ შორს არიან. ჩინეთში ჭანჭიკებს მოუჭირეს: სახელფასო ჭერმა აჩვენა, რომ ქვეყანაში მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების მიწვევით დაინტერესებული ისე აღარ არიან, როგორც ადრე და არც მსოფლიოს უძლიერესი ლიგის შექმნაზე ოცნებობენ.
ოსკარს, კი, როგორც ჩანს, ყელში ამოუვიდა. საკმაო ფული იშოვა და უკან უნდა დაბრუნება, იქ, სადაც ფეხბურთს ემოციებისთვის თამაშობენ და არა საბანკო გადარიცხებისთვის.
მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით