უეფამ ამსტერდამის "აიაქსის" მეკარე ანდრე ონანა ანტისადოპინგო წესების დარღვევის გამო 12-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
2020 წლის 30 ოქტომბერს, არაგეგმიური შემოწმების შემდეგ, 24 წლის ფეხბურთელის ორგანიზმში ფურასემიდი იპოვეს.
დისკვალიფიკაცია ძალაში დღეიდან შევიდა და ის ყველა სახის შეჯიბრებას ეხება.
"აიაქსმა" გაარკვია, რომ 30 ოქტომბერს კამერუნელმა მეკარემ თავი ცუდად იგრძნო და ცოლისთვის გამოწერილი წამალი მიიღო.
კომისიამ დაადგინა, რომ ონანას მოქმედებაში ბოროტი განზრახვა არ ყოფილა, მაგრამ სპორტსმენმა მაინც უნდა მიაქციოს ყურადღება იმას, რომ მის ორგანიზმში აკრძალული ნივთიერება არ მოხვდეს.
ონანა და "აიაქსი" გადაწყვეტილების გასაჩივრებას სპორტული
არბიტრაჟის სასამართლოში აპირებენ.
მომზადებულია AS-ის მიხედვით