ისლანდიის ფეხბურთის ასოციაციის (KSI) სრული ხელმძღვანელობა სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული სკანდალის გამო გადადგა.
ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ ისლანდიის ნაკრების ერთ-ერთ წევრს ბრალი სექსუალურ ძალადობაში ედება.
25 წლის ტორნჰილდურ გინა არნაგსდოუთირმა განაცხადა, რომ ეროვნული გუნდის ერთ-ერთმა წევრმა მასზე 2017 წელს იძალადა. გოგონა ამტკიცებს, რომ რეიკიავიკის ერთ-ერთ ღამის კლუბში ფეხბურთელი მას ფეხებშუა შეეხო და ყელში სწვდა.
ფეხბურთელის სახელი და გვარი არ სახელდება, თუმცა "გეტებორგმა" გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მათი გუნდის ერთ-ერთი მოთამაშე 2017 წელს ჩადენილი სექსუალური ძალადობის გამო დააკავეს. ამჟამად გუნდში ისლანდიის ნაკრების
მხოლოდ ერთი ფეხბურთელი თამაშობს - კოლბეინ სიგტორსონი.
მომხდარის გასაჯაროების შემდეგ KSI-ს პრეზიდენტმა გუდნი ბერგსონმა განაცხადა, რომ ასოციაციას ფეხბურთელის მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესახებ უწყება არ მიუღია. სწორედ ამ განცხადების შემდეგ გაჩნდა საზოგადოებაში მოთხოვნები მისი გადადგომის შესახებ.
მალე ბერგსონმა და KSI-ს სხვა ხელმძღვანელებმა ბოდიში მოიხადეს, წინა კომენტარები შეცდომად გამოაცხადეს და თანამდებობები დატოვეს.
მომხდარი ამბის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ისლანდიის პრემიერ-მინისტრი კატრინ იაკობს დოუთირი გამოეხმაურა. ქალბატონმა განაცხადა, რომ მომხდარით გაოგნებულია, დაზარალებულებს სოლიდარობა გამოუცხადა, ასევე გამოთქვა იმედი, რომ ეს ისტორია საფეხბურთო საზოგადოებისათვის მაგალითი გახდება.
მომზადებულია BBC-ის მიხედვით