რუსეთის ნაკრების ყოფილი ფორვარდი ოლეგ სალენკო უკრაინაში მიმდინარე ომის დროს კიევში ცხოვრობს და მტრისგან თავდასაცავ აქტივობებშია ჩართული.
1994 წლის მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირი სალენკო სანკტ-პეტერბურგში დაიბადა. რამდენიმე წელი კიევის "დინამოში" იყო, ითამაშა ესპანეთის, შოტლანდიის, თურქეთისა და პოლონეთის ჩემპიონატებში.
სალენკოს უკრაინის ნაკრებში 1 მატჩი აქვს ჩატარებული, ამის შემდეგ კი რუსეთის ეროვნულ გუნდთან ერთად მსოფლიოს თასზე გაემგზავრა, სადაც კამერუნის წინააღმდეგ 5 გოლი გაიტანა, რაც დღემდე მსოფლიო ჩემპიონატის რეკორდია!
სალენკომ უკრაინულ გამოცემა segodnya.ua-სთან ჯერ საკუთარი ცოლის, შემდეგ კი პუტინის შესახებ ისაუბრა.
"ჩემი ოჯახური სიტუაცია
არასტანდარტულია. რუსეთში დავიბადე და ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იქ გავატარე. რუსეთში ერთი ოჯახი მყავს - პირველი ცოლი და ვაჟი. ცოლი უკვე "ერთ ადგილას" გავგზავნე, მისი დედაც, დაზომბებულია და კრემლის პროპაგანდის სჯერა."
პუტინზე საუბრისას სალენკო არანაკლებ კატეგორიული იყო.
"ცხოვრება სულ მუდამ გვაოცებს. 1990-იან წლებში, როცა პეტერბურგში ვცხოვრობდი, მერი სობჩაკის დაცვის ერთ-ერთ თანამშრომელზე მსმენოდა. ახლა ეს ყოფილი მცველი ატომური იარაღის მქონე ქვეყანას 22 წელია მართავს. ცხადია, მან უკვე დიდი ხანია თავი დაკარგა.
იგივე ითქმის ლუკაშენკოზე, რომელიც ბელარუსში 28 წელია მეფობს. ამერიკელებმა რამდენიმე ასეული წლის წინ ძალიან სწორი ნაბიჯი გადადგეს: ორი ვადა, 8 წელი, მოიხადე ვალი და კარგად იყავი!" - თქვა სალენკომ.