ფიფამ და უეფამ რუსულ ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობა აუკრძალა, თუმცა თავიანთი რიგებიდან არ გარიცხა. უფრო სწორად, ჯერ არ გარიცხა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორგანიზაციები საკმაოდ მდიდარი, გავლენიანი და თითქოს დამოუკიდებლები არიან, ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისას სულაც არ გახლავთ არჩევანში თავისუფალნი. ისინი "ზემოდან" პოლიტიკურ ზეწოლას განიცდიან და იძულებულნი არიან "რეკომენდაციები" შეასრულონ, თორემ რუსეთის მიმართ არავითარი სანქციის გატარების სურვილი არ გააჩნიათ, რაც ფინანსური ინტერესებითაა განპირობებული. ფინანსური ინტერესები მათთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ უსაფრთხოება - უპირველესია. ფიფასა და უეფას ხელმძღვანელებს ამის თავიანთი წინამორბედების კარგი
მაგალითები აქვთ.
უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა რუსეთის ფეხბურთის კავშირის შესაძლო გარიცხვაზე გააკეთა კომენტარი.
"განიხილება თუ არა ეს საკითხი? არსებობს მრავალი ნიუანსი, რომლებიც ამაზე გავლენას ახდენს. სიტუაცია დღიდან დღემდე იცვლება. მე უეფას პრეზიდენტი ვერ გავხდებოდი, რომ აღმასკომის სხდომისა და გენერალური ასამბლეის შემდეგ პირველ რიგში მედიასთან გამოვდიოდე სიტყვით", - განუცხადა ჩეფერინმა ТАСС-ს.