ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან საშინაო მარცხის შემდეგ, ბულგარელთა მწვრთნელი იასინ პეტროვი გადააყენეს, თუმცა საქმეს ამან ვერ უშველა და სტუმრად გიბრალტართან ფრეს დასჯერდნენ. 12 ივნისს, მეოთხე ტურში ჩვენი გუნდი ბულგარეთს უმასპინძლებს და გაზეთი "ტრუდი" მკითხველს ატყობინებს, რომ "დინამო არენაზე" ყველა ბილეთი რამდენიმე საათში გაიყიდა:
"ბულგარეთთან შეხვედრის წინ საქართველო ეიფორიამ მოიცვა. სამი მოგების შედეგად მათი გუნდი სანიოლის ხელმძღვანელობით გალიდერდა. კვირას "ტრიკოლორებს" მიიღებენ, მაგრამ ბილეთები უკვე არ არის - ყველა, 54 ათასი გაიყიდა.
საქართველო ჯგუფს დამაჯერებლად ლიდერობს და თუ ჩვენს გუნდს სძლია და
ჩრდილოეთ მაკედონიას გიბრალტართან ფეხი დაუცდება, ევრო 2024-ის პლეი-ოფის საგზურს ნაადრევად მოიპოვებს".
წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა დიმიტარ ბერბატოვმა გადაწყვიტა შექმნილი მძიმე სიტუაციით ისარგებლოს და ფედერაციის პრეზიდენტ ბორისლავ მიხაილოვს გადადგომისკენ მოუწოდა. მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რიგგარეშე ყრილობის ჩატარება მოითხოვა და მზადყოფნა გამოთქვა, ფედერაციას თვითონ ჩაუდგეს სათავეში.
ბერბატოვი აცხადებს, რომ გიბრალტართან გუშინდელი თამაშის შემდეგ რაიმეს თქმა ზედმეტია, ამჟამინდელი ხელმძღვანელობის 15-წლიანმა ამორალურმა მმართველობამ ასეთი სავალალო შედეგი გამოიღო და ერთადერთი სწორი მოქმედება მათი გადადგომა იქნება. ის მთელ საფეხბურთო საზოგადოებას მოუწოდებს არ იყვნენ გულგრილნი, აგონია უნდა დაასრულონ, ვინაიდან ასე გაგრძელება არ შეიძლება და მოვიდა დრო შანსი იმათ მიეცეთ, ვისაც სხვა შესაძლებლობები და ხედვები გააჩნიათ, კორუფცია და დამცირება მოისპობა და ახალგაზრდა ფეხბურთელებს განვითარების საშუალება მიეცემათ.