"დღეს არ ვმუშაობთ, პელეს სანახავად მივდივართ" - მესამე მუნდიალის მოგების ისტორია

AutoSharing Option
1970 წელს ბრაზილიის ნაკრების ავტობუსი მექსიკის ქუჩებში გზას "აცტეკას" სტადიონისკენ მიიკვლევდა. იქ მსხდომი მოთამაშეები თავს "სამბას" ცეკვით ირთობდნენ: წვიმიანი ფანჯარა, სახურავი, თავისუფალი სავარძელი - ეს ყველაფერი მათთვის მხოლოდ დასაკრავი ინსტრუმენტები იყო.

"სელესაოს" მთავარი შემსრულებელი ჟაირზინიო გახლდათ, რომლის შეჩერებას ვერცერთი ფლანგის მცველი ვერ ახერხებდა და აქამდე ჩატარებულ ხუთივე მატჩში თითო გოლი ჰქონდა გატანილი. მას მხარს რობერტო რიველინო, კაპიტანი კარლოს ალბერტო ტორესი, ჟერსონი, ტოსტაო და კლოდოალდო უბამდნენ.

მართალია, ბრაზილიის ნაკრებში "ცეცხლოვან სამბას" მხოლოდ ერთი მოთამაშე არ ქმნიდა, თუმცა გუნდის ლიდერი, თილისმა და
სახე მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი პელე გახლდათ.

ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ პელემ კარგად იცოდა, რომ სანაკრებო კარიერაში 8-წლიანი პაუზის შემდეგ მესამედ მუნდიალის მოგება მისთვის დიდების კარის მთავარი გასაღები იქნებოდა.

ის სულ რაღაც 16 წლის იყო, როდესაც 1957 წელს ბრაზილიის ნაკრებში პირველი მატჩი ჩაატარა. სულ მალე მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ შვედეთის ნაკრებთან ფინალში დუბლი შეასრულა და "სელესაოს" ნანატრი მუნდიალის ტიტული პირველად მოაპოვებინა. 4 წლის შემდეგ ჩილეში ლეგენდა ტრავმამ შეაწუხა, თუმცა პელესთვის ამას ხელი არ შეუშლია და ბრაზილიის ნაკრებმა აღნიშნული ტურნირის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიგო.

პლანეტის უძლიერესი ფეხბურთელი - სწრაფი, ძლიერი, ტექნიკური, ჭკვიანი, შემქმნელი და რაც მთავარია, გუნდური მოთამაშე, ის იყო გლობალური ვარსკვლავი, რომლის სანახავადაც ადამიანებს სტადიონზე მოხვედრა ოცნებად ჰქონდათ. პელეს ფეხბურთი უყვარდა და სპორტის ეს მშვენიერი სახეობაც იმავეს აძლევდა მას.

წარმატებისკენ სწრაფვა მსხვერპლის გაღებას გულისხმობს. ბრაზილიელი გენიოსის შემთხვევაშიც ასე აღმოჩნდა. შემტევის შეჩერება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. ამიტომ მცველები მის წინააღმდეგ წესების გარეშე მოქმედებდნენ. პორტუგალიის ნაკრების მცველს, ჟოაო მორაესს, მწვრთნელმა შემდეგი დავალება მისცა: "10 ნომერი, ნებისმიერ ფასად შეაჩერე". მორაესმა მითითება შეასრულა და პელეს წინააღმდეგ ორივე ფეხით ვარდნა გააკეთა, რის გამოც ბრაზილიელმა მოედანი ნაადრევად დატოვა და მატჩი პორტუგალიის გამარჯვებით, 3:1 დასრულდა. 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ყველასთვის მოულოდნელად, "სელესაო" ჯგუფში ჩარჩა.

Sportall.Ge

"ეს იყო უდიდესი სირცხვილი, - აღწერს პელე საკუთარ ავტობიოგრაფიულ წიგნში. - ყველა ელოდა, რომ მარტივად გავიმარჯვებდით, თუმცა სათანადოდ არ მოვემზადეთ. ინგლისში ჩამოსვლისთანავე ვიგრძენი, რომ წარმატებას ვერ მივაღწევდით." - იხსენებს სინანულით "ფეხბურთის ღმერთი".

დრო ყველაფრის მკურნალია, პელემ თავდაუზოგავად შრომა განაგრძო და მომდევნო მუნდიალს უფრო მომზადებული შეხვდა. ის თითქოს სრულად შეცვლილი ადამიანი იყო, რომელსაც ზურგს ინგლისში მიღებული მწარე გამოცდილება უმაგრებდა.

1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატი თანამედროვე ფეხბურთის ერთგვარ საწყისად ითვლება. ბრაზილიელს დაჰპირდნენ, რომ მის წინააღმდეგ ხისტი თამაში შესაბამისად დაისჯებოდა და მუნდიალების ისტორიაში პირველად, მსაჯებს ყვითელი და წითელი ბარათების გამოყენების უფლება მიეცათ.

ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის დაწყებამდე ბრაზილიელთა ბანაკში სიტუაცია აირია. "სელესაოს" თავკაცი ჟოაო სალდინია თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მან მედიასთან საუბრისას ამ ყველაფრის მიზეზად 10-იანი დაასახელა და განაცხადა, რომ პელე უვარგისი იყო და ქრონიკული ტრავმისგან იტანჯებოდა.

ცხადია, იმ პერიოდში პელე მექსიკაში ყველაზე პოპულარული ადამიანი გახლდათ. გვადალახარის ქუჩებში სხვადასხვა კუთხეში წარწერებს შეხვდებოდით: "დღეს არ ვმუშაობთ, პელეს სანახავად მივდივართ".

Sportall.Ge

ბრაზილიელთა სავარჯიშო ბანაკს 24 საათის განმავლობაში პოლიცია იცავდა, პელეს კი მუდამ რამდენიმე შეიარაღებული მცველი დაჰყვებოდა. უდავოა, რომ "სელესაოს" იმ პერიოდის ნაკრები ყველაზე ფერად საფეხბურთო პალიტრას ქმნიდა.

პელე თავისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირს საუცხოო ფორმაში შეხვდა, ბურთს მაგნიტივით იზიდავდა, მისი ყველა მოქმედება მოედანზე გააზრებული და განსაზღვრული იყო, ძალა, სისწრაფე, ხედვა... რთულია იპოვო ფეხბურთელი, რომელსაც ყველა ეს თვისება უმაღლეს დონეზე გააჩნია.

Sportall.Ge

1958 წელს ტურნირზე ასპარეზობა ტრიუმფით დაიწყო, 1962 წელს მძიმე ტრავმა მიიღო, 1966 წელს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუება ჰქონდა, 1970 წლის მუნდიალზე ისე თავდაჯერებულად გამოიყურებოდა, როგორც არასდროს.

"სელესაო" ჯგუფური ეტაპის გახსნით მატჩში ჩეხოსლოვაკიას დაუპირისპირდა. მატჩამდე ჩეხოსლოვაკიის მწვრთნელმა იოზეფ მარკომ პელე გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას წარმატების მისაღწევად საკმარისი ძალა აღარ გააჩნდა, რადგან ზედმეტად ასაკოვანი იყო.

როგორც ჩანს, ეს სიტყვები პელემ მხოლოდ მოტივაციისთვის გამოიყენა. ულამაზესი საჯარიმო დარტყმით შეხვედრაში ანგარიში რიველინომ გახსნა, "ასაკოვანმა" პელემ კი ჟერსონის 50-მეტრიანი გადაცემით ისარგებლა და სხვაობა გაზარდა. საბოლოოდ, ჟაირზინიოს დუბლის წყალობით, ბრაზილიის ნაკრებმა ჩეხოსლოვაკია 4:1 დაამარცხა.

"იგი მექსიკაში სპექტაკლებს დგამდა. ასევე გააჩნდა ყველაზე დიდი ნიჭი - თავმდაბლობა. მზად იყო ნებისმიერ სიტუაციაში პასი გაეკეთებინა, თუ ეს წინსვლისთვის აუცილებელი იყო. პელე "სელესაოს" ძალა და სული იყო", - აღნიშნა ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გორდონ ბენკსმა.

მერვედფინალში ბრაზილიამ რუმინეთს 3:2 სძლია. მომდევნო ეტაპზე "სელესაო" მეოთხედფინალში პერუს დაუპირისპირდა და 4:2 დაამარცხა.

ნაკრები ერთი შეკრული ოჯახივით გამოიყურებოდა, საღამოობით პელე ლოცვას ატარებდა, თუმცა აქ ერთი პატარა დეტალია, რომელიც ყველაზე დიდ აღფრთოვანებას იწვევს. ისინი არა გამარჯვებისთვის, არამედ გაჭირვებულთათვის, ავადმყოფებისთვისა და ვიეტნამის ომში დაღუპულთათვის ლოცულობდნენ.

პელე 9 წლის იყო, როდესაც 1950 წელს მუნდიალის ფინალში ბრაზილია საკუთარ კედლებში მთავარ კონკურენტ ურუგვაის ნაკრებთან დამარცხდა. თვალებცრემლიანმა პატარა ბიჭმა კედელზე იესოს სურათს შეხედა და თქვა: "იქ რომ ვყოფილიყავი, ბრაზილიის წაგებას არ დავუშვებდი; იქ რომ ვყოფილიყავი, ბრაზილია აუცილებლად მოიგებდა" - ოცი წლის შემდეგ პელემ თავისი პირობა შეასრულა.

ბრაზილიელთათვის ნახევარფინალი კარგად არ დაიწყო. მატჩი ურუგვაელთა უპირატესობით წარიმართა და მე-20 წუთისთვის უკვე იგებდნენ. "სელესაომ" თამაშში დაბრუნება შეძლო და პირველი ტაიმის დასრულებამდე 1 წუთით ადრე კლოდოალდომ ნაკრებში გატანილი პირველი გოლით ანგარიში გაათანაბრა.

პელე მშვიდი იყო, თუმცა თამაშზე მისი გავლენა უფრო და უფრო იზრდებოდა... ურუგვაელებს დაღლა ეტყობოდათ, რადგან მეოთხედფინალში საბჭოთა კავშირის ნაკრებთან დამატებით დროში თამაში მოუწიათ. ბრაზილიელებმა მეტოქის გატეხა მოახერხეს და ჟაირზინიომ შეხვედრის დასრულებამდე 15 წუთით ადრე საკუთარი გუნდის დაწინაურება მოახერხა. ურუგვაელთა მეკარემ, ლადისლო მაზურკევიჩმა, არაერთი რთული ბურთი მოიგერია, პელემ მუნდიალის ნახევარფინალში საგოლე პასი მიითვალა, მატჩი "სელესაოს" გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

თამაშის შემდეგ ემოციებმა იფეთქა. განსაკუთრებით ემოციურად პელე გამოიყურებოდა, მას 20 წლის წინ დადებული პირობის შესრულებამდე სულ რაღაც ერთი ნაბიჯი აშორებდა.

როგორც იცით, ბრაზილია 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იტალიას დაუპირისპირდა. მე-18 წუთზე რიველინომ კარგი შანსი მიიღო, თუმცა შემტევმა მომენტი ვერ გამოიყენა. პელე მცველს ოსტატურად დაუსხლტა და ზუსტი თავური დარტყმით "სელესაო" დააწინაურა.
გატანილი გოლის შემდეგ "სელესაომ" უკან დაიხია, რაც შეცდომა აღმოჩნდა და რობერტო ბონინსენამ ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმში ბრაზილია უკეთ გამოიყურებოდა. 66-ე წუთზე ჟერსონმა საჯარიმოს გარედან ულამაზესი დარტყმით "ყვითლები" წინ გაიყვანა. ჟაირზინიოსა და კარლოს ალბერტოს გოლების წყალობით "სელესაომ" მეტოქე 4:1 გაანადგურა და პელემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული კარიერაში მესამედ მოიპოვა.

Sportall.Ge

ბრაზილიელი მატჩის შემდეგ გასახდელისკენ გაემართა, რათა სალოცავად განმარტოებულიყო და ღმერთისთვის მადლობა გადაეხადა. თუმცა ლეგენდას ეს არ დასცალდა, მასთან ერთ-ერთი ჟურნალისტი შეიჭრა, მის წინაშე მუხლებზე დადგა და პატიება სთხოვა იმისთვის, რომ მის შესაძლებლობებში ეჭვი შეიტანა.

დუ ნასიმენტუმ ჟურნალისტი ფეხზე წამოაყენა და უთხრა: "მე ღმერთი არ ვარ".

წლების შემდეგ იტალიელთა მცველ ბურგნიჩს, რომელსაც მწვრთნელმა მატჩის წინ პელეს მეურვეობა დაავალა, ბრაზილიელის შესახებ ჰკითხეს.
"თამაშის წინ საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ისიც ჩემნაირი იყო, პელეც ხორცითა და სისხლით არის შექმნილი. მატჩის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ვცდებოდი", - თქვა იტალიელმა.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
ტოპიკ ბახრამოვი აზერი იყო. მაგას მაინც ნუ დავაბრალებთ სომხებს
0
66ში ინგლისი რომ ლევად გახდა ჩემპიონი და სომეხი მსაჯიც დაიხმარეს ეგ ყველამ იცის. პირველად და უკანასკნელად. დეგენერატობის ზეიმი, ეგ 66 წლის მოგება მერე სამასხარაოდ და საცინიკოსოდ გადაიქცა . პელე და ბრაზილია რომ ზეობდა მაშინ, დამპლებმა მოინდომეს საკუთარი შელახული "ღირსების" რეაბილიტაცია და შურისძიება ბრაზილიურ ფეხბურთზე ნამდვი ნამდვილ ფეხბურთზე საკუთარი ყალბი "დიდების" შექმნა. ეს პირადა პელეს საწინააღმდგეგოდ პელეს გაუჩალიჩეს. მერე სამაგიეროდ დედოფალმა პელე რაინდად აკურთხა და თან სამეფო კარის რაინდების წევრად გახადა. მაინც ხომ გახდა მეფე მაინც ხომ დამტკიცდა რომ მეფე იყო და რაღათ უნდოდათ ის 66 წლის "მოგება". ვითომ ფეხბურთის სამშობლო, შეშურდათ რომ ბრაზილიამ აჩვენათ ფეხბურთის თამაში როგორ უნდა და ყველაზე მთავარი საფეხბურთო ქვეყანა გახდა. სამართლიანად მოხდა ის რომ ბრაზილიამ სამუდამოდ დაისაკუთრა ჟიულ რიმეს თასი
inkvizitori.
13:45 30-12-2022
6

სიახლეები პოპულარული