"სლოვანის" ნახევარმცველი დრაკულას შეადარეს - მეტოქის კბენის გამო მას დისკვალიფიკაცია ემუქრება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "სლოვანი" საკუთარ მოედანზე ლუქსემბურგის "სვიფტს" დაუზავდა - 1:1. 45+6-ე წუთზე მასპინძელთა გუნდის 36 წლის ნახევარმცველმა იურაი კუცკამ მეტოქე გუნდის მცველს ნიეგო ეკოფოს უკბინა და გააძევეს.

ადგილობრივმა მედიამ კუცკა გააკრიტიკა, "პრავდა" კი აღნიშნავს, რომ ვეტერანი ფეხბურთელის საქციელმა გულშემატკივრების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, ისინი მას სოციალურ ქსელში აქილიკებენ და დრაკულას უწოდებენ.

გამოცემა წერს, რომ კუცკა კარგი პიროვნებაა და მსგავსი რამ ადრე არასოდეს ჩაუდენია. სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის თავმჯდომარემ პიტერ მიხაიმ Sportweb-ს განუცხადა, რომ სტადიონზე ისეთ ადგილზე
იმყოფებოდა, საიდანაც ეპიზოდი კარგად ვერ დაინახა, ჩანაწერი სახლში ნახა და დარწმუნდა, რომ კუცკამ ეკოფოს მართლა უკბინა, ასეთი ფაქტი სლოვაკეთში პირველად მოხდა და ცხადია, იურაისაც დასჯიან და კლუბსაც.

მიხაიმ გაიხსენა, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ანალოგიური საქციელის გამო ლუის სუარესი ცხრამატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს (ჯორჯო კიელინის უკბინა) და ნაკრებში ოთხი თვე თამაში აუკრძალეს, კუცკა უხეში ფეხბურთელი არაა, ცუდი რეპუტაცია არ აქვს, თუმცა "სლოვანი" უეფაში პრობლემურ კლუბად ითვლება და ჯერ უცნობია, რა სახის სანქციებს დაუწესებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული