8 თებერვალს პარიზში ჩატარებულ უეფას კონგრესზე მისმა პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა განაცხადა, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტზე კენჭს მეტად აღარ იყრიდა. ბრიტანულმა "გარდიანმა" ამ თემასთან დაკავშირებით მაშინ წერილი გამოაქვეყნა და სლოვენიელის შესაძლო მემკვიდრეთა შორის მთავარ კანდიდატად სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი დაასახელა.
გამოცემა წერდა, რომ პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის თავკაცი ფერნანდო გომეში საფეხბურთო წრეებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, მაგრამ ასაკოვანია (75 წლის); რუმინელი რაზვან ბურლიანუ ფიფას აღმასკომის წევრია, ახალგაზრდაა, მაგრამ პრეტენდენტად არ მოიაზრება; გასულ წელს უეფას აღმასკომის წევრად არჩეული კობიაშვილი კი ჩეფერინის თანამებრძოლად და მასთან დაახლოებულ
პირად ითვლება.
ახლა იმავე გამოცემის ცნობით, უეფას გააჩნია მოსაზრება, რომ თუ არჩევნებისას შესაფერისი შემცვლელი არ გამოინახა, შეიძლება ის პოსტზე დარჩენაში დაარწმუნონ და თუნდაც კერძო საუბრებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენის სურვილი არავის გამოუთქვამს. თუ ჩეფერინმა ისევ გადაწყვიტა, კენჭი იყაროს, მას საშუალო დონის დაახლოებით 20 ევროპული ფედერაცია მოლაპარაკებებისას მხარდაჭერას დაჰპირდა.
ამ ქვეყნებისთვის ჩეფერინის კანდიდატურის მიმზიდველობა დიდწილად განპირობებულია რწმენით, რომ ის იცავდა მათ ინტერესებს დიდი ევროპის ქვეყნებისა და მათი კლუბების ფინანსური სიძლიერის ფონზე. ითვლება, რომ ალექსანდერმა ხელი შეუწყო ფეხბურთის განვითარებას მცირე ევროპულ ქვეყნებში - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 32 კლუბიდან 36-მდე გაფართოებით, შექმნა კონფერენს ლიგა და შეცვალა სახსრების გადანაწილება მცირე ქვეყნებისა და კლუბების სასარგებლოდ.
თებერვალში გამართულ კონგრესზე ორგანიზაციის წესდებაში შეტანილ იქნა შესწორება, რაც ჩეფერინის პირველი ვადის განულებას და პოსტზე 2027 წელს კენჭისყრის უფლებას მისცემს. თუმცა მაშინ მან თქვა, რომ საკუთარ კანდიდატურას აღარ წამოაყენებდა.
ჩეფერინი უეფას 2016 წელს ჩაუდგა სათავეში. იმის გამო, რომ ის პრეზიდენტად დარჩენას აპირებს, მის წინააღმდეგ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ გაილაშქრა. აგრეთვე, უეფა პროტესტის ნიშნად ხორვატიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ზვონიმირ ბობანმა დატოვა. ისინი მიიჩნევენ, რომ დემოკრატიული პრინციპების დარღვევას აქვს ადგილი.
პატარა ქვეყნებისთვის თანადგომისა და განვითარებაში ხელშეწყობისათვის საქართველოსთვის ჩეფერინის პოსტზე დარჩენა მომგებიანი უნდა იყოს, რამეთუ სწორედ მისი მმართველობისას პირველად გავიდა ჩვენი ნაკრები დიდ ტურნირზე და თქვა კიდეც მან, რომ ქართველებმა და სლოვენიელებმა ტურნირზე მონაწილეობა დაიმსახურეს და დადებითი შთაბეჭდილება დატოვეს.