ციხე და ფეხბურთი - მკვლელთა "მანჩესტერ იუნაიტედი", მოძალადეთა "ბარსელონა"...

AutoSharing Option
ამ ათიოდე წლის წინათ ოპიო მოზესი სამხრეთ უგანდის პოლიციაში მუშაობდა. ის ქუჩებში ხელკეტით დადიოდა და წესრიგს ამყარებდა, მაგრამ სიყვარულში არ გაუმართლა - ერთ დღეს მეგობარი ქალის ბიძა, რომელსაც პოლიტიკასთან ჰქონდა რაღაც კავშირი, მასთან შინ მივიდა, პისტოლეტი მიუშვირა და კატეგორიულად გამოუცხადა, რომ სატრფოს თავი უნდა დაანებოს, რადგან მათი კავშირი მიუღებელია. პისტოლეტი, ცხადია, მოზესსაც ჰქონდა. მანაც ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი ბუდიდან და... გაისმა ორმაგი გასროლის ხმა.

ბიძა ადგილზე მოკვდა, დაჭრილმა მოზესმა კი, რომ დაინახა, რაც ჩაიდინა, მეორე ტყვია თვითონ დაიხალა, მაგრამ... სიკვდილი არ
ეწერა. დღეს გაჭაღარავებული ყოფილი პოლიციელი, რომელსაც სახეზე საკუთარი ნატყვიარის კვალი ემჩნევა, პატიმარია. მას 20 წელი მიუსაჯეს და უგანდის დედაქალაქ კამპალას გარეუბანში მდებარე მკაცრი რეჟიმის ციხეში გადაიყვანეს. ციხეს ლუზირა ჰქვია...

აი, ახლა კი ფეხბურთს მივუახლოვდით. საქმე ის არის, რომ ლუზირა გახლავთ საპატიმრო, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის მიწურულს ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ადგილად ითვლებოდა და მის ხსენებაზე ხალხს აჟრჟოლებდა, დღეს კი ის სამაგალითო ადგილია: მსოფლიოს ციხეთა შორის ყველაზე ძლიერი და საინტერესო ჩემპიონატი კამპალაში ტარდება! უგანდის მკაცრი რეჟიმის საპყრობილე სხვა მიზეზებთან ერთად (მათზე სპორტულ ჟურნალში არ შევჩერდებით) ფეხბურთმაც გარდაქმნა!

როდესაც მოზესი ლუზირაში მიიყვანეს, ის დათრგუნული იყო. დღე დღეს მისდევდა, მის ცხოვრებას კი აზრი აღარ ჰქონდა. ჩადენილი ცოდვის სიმძიმისა და უიმედოობისგან განადგურებულს წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ უნდა გადაეტანა ამ გარემოში 20 წელიწადი, მაგრამ როდესაც შოკმა გადაუარა, მან აღმოაჩინა, რომ ცხოვრება, თუნდაც საპყრობილეში, არც ისე საშინელი იყო.

მიზეზი: პატიმრები ფეხბურთს თამაშობდნენ და განა ისე, კინოებში მოედანზე უნდილად მობურთავე პატარა ჯგუფს რომ აჩვენებენ, დანარჩენები კი ამ დროს სხვა, შავი საქმეებით რომ არიან დაკავებულები.

აქ ნამდვილი ჩემპიონატი ტარდებოდა, გუნდებით, ფორმებით, ფანებითაც კი... 2006 წელს ოპიო მოზესი საპყრობილის ერთ-ერთი გუნდის თავდამსხმელი გახდა.

დღეს, 9 წლის შემდეგ, ყოფილი პოლიციელი UPSA-ს თავმჯდომარეა. სხვა სიტყვებით, ის კვლავ პატიმარია, მაგრამ მკაცრი რეჟიმის საპატიმროს სპორტის დამოუკიდებელ ასოციაციას უდგას სათავეში.

ფეხბურთთან რა კავშირშია, მაგრამ იმავდროულად, ის ოცდაათამდე ფსიქიკურად დაავადებული პატიმრის პატრონიცაა. მათ საკნებსა და ყოველდღიურობას უვლის.

"UPSA-ს თავმჯდომარეობა ყველაზე საინტერესო და საპასუხისმგებლო საქმეა", - ამბობს ის და განმარტავს, რომ თავმჯდომარის მოვალეობებში შედის სპონსორების მოძიება, ტურნირების მოწყობა, სადისციპლინო საკითხების გარჩევა, მოთამაშეთა რეგისტრაციისა და სატრანსფერო საკითხების მოგვარება.

მათთვის, ვინც თვალებს არ უჯერებს, შეგვიძლია ყველაფერი გავიმეოროთ, თუმცა... არაფერი შეგვშლია და გამეორებას აზრი არ აქვს. თუ მაინცდამაინც, შეგიძლიათ უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებული წინადადება ერთხელაც გადაიკითხოთ.

როგორც ზემოთ გითხარით, ბოლო ოც წელიწადში ლუზირამ საოცარი მეტამორფოზა განიცადა - გადაიქცა საპყრობილედ, საიდანაც გათავისუფლების შემდეგ რეციდივის მაჩვენებელი 30%-ზე ნაკლებია.

ასეთი შედეგი ევროპის გაზიმზიმებული ქვეყნების საპატიმროებსაც არ აქვთ. ერთხელაც გავიმეორებთ, ამის მიზეზი უამრავია, თუმცა ფეხბურთს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

ციხეში ათზე მეტი კლუბია, რომელთაგან ზოგს მალე 20 წელიწადი შეუსრულდება. ყოველ კლუბს აქვს თავისი წესდება, ჰყავს ფეხბურთელები და დირექტორატი. მოზესის ყოფილი კლუბის, "ასტონ ვილას" გარდა, აქ არის "ლივერპული", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ჩელსი", "არსენალი" და "ნიუკასლ იუნაიტედი".

საპყრობილის ჩემპიონატში "იუვენტუსი", "ბარსელონა" და "ჰანოვერ 96"-იც გამოდიან, მაგრამ ლუზირაში, ისევე, როგორც მთელ უგანდაში, ყველაზე პოპულარული პრემიერლიგაა.

2000-იანი წლების დასაწყისში, სატელიტური ტელევიზიის განვითარებასთან ერთად, უგანდის ეთერი მთლიანად დაიპყრო ინგლისურმა სპორტმა.

ქვეყნის გაზეთებმა მეტწილად პრემიერშიფზე დაიწყეს წერა. პრემიერშიფით შეივსო რადიოგადაცემები. ლუზირას პატიმართა აბსოლუტური უმრავლესობაც ამა თუ იმ ინგლისური გუნდის გულშემატკივარი გახდა.

პრემიერლიგის კლუბებს გულშემატკივრობენ ზედამხედველებიც, პატიმარი ქალების თითქმის 100% კი "არსენალს" უჭერს მხარს. ინგლისელი ჟურნალისტი დევიდ გოლდბლეტი, რომელმაც ლუზირაზე სტატიის დასაწერად გარკვეული ხანი უგანდელ ტუსაღებთან ერთად იცხოვრა, წერს, რომ ერთ-ერთი მათგანი, მეტსახელით "თეთრი ანგელოზი" (როგორც თვითონ განმარტა, ასე იმიტომ ეძახიან, რომ სულით არის ქათქათა) ყოველდღე მიდიოდა მასთან და "არსენალისა" და "ტოტენჰემ ჰოთსპურის" ახალ ამბებზე ელაპარაკებოდა.

"როგორ ფიქრობ, სოლდადო ღირდა ასეთ ფულად?"

"არსენ ვენგერის მისამართი ხომ არ იცი? წერილი მინდა მივწერო და შეგიძლია, რომ გადასცე?"

გოლდბლეტმა პატიმრებთან ერთად კი იცხოვრა, მაგრამ, ცხადია, ღამღამობით სასტუმროში ბრუნდებოდა, რადგან ციხეში დარჩენის ნებას არ აძლევდნენ.

ჰოდა, მძღოლი, რომელსაც ის ყოველ დილით სასტუმროდან ლუზირაში, საღამოობით კი უკან დაჰყავდა, გზაზე მხოლოდ "ჩელსიზე" ელაპარაკებოდა და ლონდონის კლუბს ასე იხსენიებდა: "ჩემი ჩელსი". ავტომობილის რადიოში კი ხშირად ისმოდა ადგილობრივი კომენტატორის აღტაცებული "სტოკატო რეპი": "ღმერთო, ჩემო! როს ბარკლი! როს ბარკლი! როს ბარკლი! გოლ!" როგორც ჩანს, ეს რიტმულ-მელოდიური შეძახილი გადაცემათა შორის ტიხრის ფუნქციას ასრულებდა.

კამპალას მკაცრი რეჟიმის საპატიმროში საფეხბურთო ცენტრს ჰქვია "ბომა A". ეს არის მთავარი მოედანი, რომელიც საკმაოდ დიდია და მასზე სტანდარტული საფეხბურთო სარბიელი ეტევა.

წვიმების სეზონში "ბომა A"-ზე მწვანე ბალახი ბიბინებს, თუმცა თაკარა მზეში ფეხბურთელები გამომხმარ წითელ მიწაზე თამაშობენ. რას იზამ, აფრიკაა! ორივე კარის უკან დგას ორსართულიანი საცხოვრებელი ბლოკი, აუტის ხაზის გასწვრივ კი სკოლის დაბალი შენობაა, რომელსაც გოფრირებული მეტალის სახურავი აქვს და ხუთასამდე მაყურებელს აქ შეუძლია ჩრდილს შეაფაროს თავი. ამხანაგურია თამაში თუ ოფიციალური, გუნდებს ფორმები აცვიათ.

საერთოდ, ლუზირაში ფერებს საგანგებო მნიშვნელობას ანიჭებენ - პატიმრების დახარისხებისთვის მათ დიდი მნიშვნელობა აქვს. ვისაც 20 წლამდე პატიმრობა აქვს მისჯილი, ყვითლები აცვია; 20 წელზე მეტი ნარინჯისფერს შეესაბამება; ვინც გაქცევა სცადა, სამოსზე წითელი ზოლი დასდევს, ხოლო ლურჯი დაწინაურებულ, "თანამდებობაზე მყოფ" პატიმარს ნიშნავს.

ზედამხედველებისა და რეჟიმის სამსახურის თანამშრომლებისთვის თეთრი სამკლავურია სავალდებულო. ფსიქიკურად დაავადებული პატიმრები ყველაზე გაცრეცილ, მოუწესრიგებელ ტანსაცმელში არიან გამოწყობილები. მათ მწვანე აცვიათ. რაც შეეხება სიკვდილმისჯილებს, ანუ ლუზირას ენაზე რომ ვთქვათ, დაწყევლილებს, ისინი თეთრებში ჰყავთ გამოწყობილი.

ზემოთ ჩრდილს შეფარებული ხუთასამდე მაყურებელი ვახსენეთ, მაგრამ როდესაც საინტერესო თამაშია, იმ ხუთასკაციანი ტრიბუნის გარეთ, მთელ პერიმეტრზე, შეიძლება 3500-მა პატიმარმაც კი მოიყაროს თავი. მათ 100 შეიარაღებული ჯარისკაცი აკონტროლებს. ბრიტანეთში 5 პატიმარზე ერთი წესრიგის დამცველი მოდის, კამპალას ციხეში კი -15-ზე ერთი. თავად პატიმრების თქმით, მათი დიდი ნაწილი აქ არ უნდა იყოს და, რომ იცოდეთ, შესაძლოა, სულაც არ იტყუებიან.

ნუ დაგვავიწყდება, რომ აფრიკაზე ვლაპარაკობთ, სადაც სამართალწარმოება ძალიან დასახვეწია. ასე მაგალითად, უგანდის სასამართლო კუს ნაბიჯებით ირჯება და შესაძლოა, ბევრი საქმის გარჩევასა თუ გადახედვას წლობით უნდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანი მთელი ამ ხნის განმავლობაში ოთხ კედელშია გამომწყვდეული, მაგრამ ისეც არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ლუზირას კონტინგენტი უდანაშაულოა.

აქ მოხვედრილი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას საშინელი დანაშაული აქვს ჩადენილი: მკვლელობა, გაუპატიურება, გატაცება და სხვა.

დევიდ გოლდბლეტი წერს, რომ საპატიმროში ყოფნის დროს მას ერთი აგრესიული გამოხდომაც არ უნახავს. რასაკვირველია, ზედამხედველები მუდამ ყურადღებით იყვნენ, მაგრამ ჟურნალისტს დარჩა შთაბეჭდილება, რომ მკვლელებისა და მოძალადეების კვალობაზე პატიმრები მეტისმეტად წყნარად იქცეოდნენ.

როგორ ფეხბურთს თამაშობენ უგანდელი პატიმრები? ძალისმიერს, ოღონდ მათი შესრულებით ვერ ნახავთ დროის გაყვანას, ჭიჭყინს, ბინძურ ილეთსა და მსაჯის მოსატყუებლად, თეატრალურ გაშოტვას. თუ გრუნტის სიმყიფესაც გავითვალისწინებთ, არ გაგვიკვირდება, რომ თითოეულ მათგანს კარგად ეხერხება დროული პასის გადაწოდება - წითელ გრუნტზე მუხლების გადაყვლეფა მაინცდამაინც სასიამოვნო არ უნდა იყოს. ასეთ პირობებში ტექნიკურ ფეხბურთელებს ყველაზე მეტი ფასი აქვთ. ისინი ბურთს ერთი მოძრაობით იმორჩილებენ, აწვდიან ან არტყამენ.

ერთ-ერთი ამხანაგური თამაშის შემდეგ მოზესმა გოლდბლეტს აუცილებლად შესაძენი საგნების სია აჩვენა: 5 წყვილი ბუცი; 12 ფეხბურთის ბურთი; 3 ფრენბურთის ბურთი; ერთი ყუთი სარეცხის საპონი; მაისურების კომპლექტი და თასი.

ერთ კვირაში უგანდის მკაცრი რეჟიმის ციხეში ოფიციალური ტურნირი უნდა დაწყებულიყო, ლუზირას ჩემპიონატს კი წინ ყოველთვის უძღვის ვარჯიშები, ამხანაგური შეხვედრები და სხვა სამზადისი...

...წყაროში, რომლიდანაც კამპალას მკაცრი რეჟიმის ციხის ამბები ამოვკრიბეთ და წერილად შევკარით, პატიმართა ოფიციალური ტურნირი დაწვრილებით იყო აღწერილი. ავტორს თამაშების მიმოხილვა გაზავებული ჰქონდა კონკრეტული საპატიმროსა და მთელი უგანდის ისტორიით, ბევრი ისეთი თემით, რომელიც ზოგადად შეიძლება საინტერესოა, მაგრამ ჩვენს თხრობასა და ამოცანას აღარ მოუხდებოდა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, აქ გავჩერებულიყავით. გვწამს, აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნის საპატიმროს ამბავი, თუნდაც ასეთი დოზითა და ფორმით მოთხრობილი, შორეულ საქართველოში დაფიქრების საბაბს მოგვცემს და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ფეხბურთი მხოლოდ გართობის ინდუსტრიის ნაწილი არ არის.

რა ვიცი, იქნებ რაიმე სასიკეთოც მოგვივიდეს თავში აზრად...

ილია ბაბუნაშვილი
ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული