ტერორიზმი და ფეხბურთი: აფეთქება დორტმუნდში [VIDEO]

AutoSharing Option
აქ "დორტმუნდი"-"მონაკოს" მატჩის მიმოხილვა უნდა წაგეკითხათ, მაგრამ ვერ წაიკითხავთ - გუშინ დორტმუნდში ინციდენტი მოხდა, რის გამოც შეხვედრა დღეისთვის გადმოიტანეს. მასპინძელთა ავტობუსთან რაღაც აფეთქდა.

საბედნიეროდ, ინციდენტი დიდ ტრაგედიაში არ გადაზრდილა, მხოლოდ ერთი ადამიანი დაშავდა - "დორტმუნდის" ესპანელი მცველი მარკ ბარტრა, ისიც მსუბუქად.

მატჩის დაწყებამდე ორი საათიღა რჩებოდა. "სიგნალ იდუნა პარკზე" ფანებმა შეკრება დაიწყეს, გუნდები სტადიონისკენ გაემგზავრნენ, როცა ხმა დაირხა, "დორტმუნდის" ავტობუსი ააფეთქეს და გუნდის ესპანელი მცველი მარკ ბარტრა დაჭრილიაო. დღევანდელ ვითარებაში დაუჯერებელი რომ არაფერია, ყველამ იცის და სიტუაციის სერიოზულობაც ყველამ სწორად
აღიქვა.

მალევე გაჩნდა ოფიციალური ინფორმაციაც - "დორტმუნდის" პრესსამსახური იტყობინებოდა აფეთქების შესახებ. "ბომბი ჩვენს ავტობუსთან აფეთქდა, ფეხბურთელები სამშვიდობოს არიან.

სტადიონს არანაირი საშიშროება არ ემუქრება. გთხოვთ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე. სტადიონზე იმყოფება უშიშროების სამსახური, მეტ დეტალს შემდეგ გამოვაქვეყნებთ".

ბუნებრივია, კლუბის წარმომადგენლებს შეეშინდათ, რომ ფანებში პანიკა დაიწყებოდა და თავდაპირველად არც ბარტრას დაჭრის შესახებ იუწყებოდნენ.

შემდეგ გამოაცხადეს, რომ ცოტა ხანში მიიღებდნენ გადაწყვეტილებას თამაშის ჩატარების ან გადადების შესახებ. ორგანიზატორებმა ვერ გარისკეს და ორივე კლუბთან მოლაპარაკების შემდეგ მატჩის 12 აპრილისთვის გადადების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. ეს ბუნებრივიც იყო, ტერორისტული აქტის გამეორების საფრთხეც არსებობდა და თან, "დორტმუნდის" მთელი შემადგენლობა შოკში იყო და არ ეფეხბურთებოდა.

შეხვედრა დღეს, საქართველოს დროით 20:45-ზე გაიმართება.

პოლონურმა მედიამ შეძლო ლუკაშ პიშჩეკთან დაკავშირება. აი, რა თქვა მან:

"აფეთქების ხმა მაშინ გაისმა, როცა ავტობუსისკენ მივდიოდით. იქვე ავტომანქანები იყო გაჩერებული. ახლა ყველაფერი რიგზეა. მარკ ბარტრას ხელის ჭრილობა აქვს, ის საავადმყოფოში წაიყვანეს".

დორტმუნდის "ბორუსიამ" ოფიციალურად გადაუხადა მადლობა "მონაკოს" ფანებს, რომელთაც მხარი დაუჭირეს გერმანულ კლუბს ამ ძნელ მომენტში. სამაგიეროდ, მადლიერი გერმანელი ფანები სოციალური ქსელის მეშვეობით (ჰეშტეგებით) ეპატიჟებოდნენ ფრანგებს ღამის გასათევად.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"დორტმუნდმაც" აღიარა, რომ დაზარალებული სწორედ ბარტრაა. დორტმუნდის პოლიციის ინფორმაციით, კლუბის ავტობუსის სიახლოვეს სამი (!) აფეთქება მოხდა. პოლიციის თხოვნა იყო, ქალაქში ნაკლებად გამოეყენებინათ ავტოტრანსპორტი.

"დორტმუნდის" მეკარე რომან ბიურკი: "ავტობუსი მთავარ გზაზე გადიოდა, როცა გაისმა აფეთქების ხმა. ეს ნამდვილი აფეთქება იყო. მე უკან ბარტრასთან ერთად ვიჯექი. მას შუშის ნამსხვრევი მოხვდა ხელში. ყველანი ძირს დავწექით, ეს იყო ნამდვილი შოკი. პოლიცია ძალიან მალე მოვიდა".

ბარტრას ტრავმა სერიოზული გამოდგა, მას მაჯაზე ერთი ძვალი აქვს მოტეხილი. ესპანელს ოპერაცია ჩაუტარეს და გამოწერეს კიდეც.

იმ დროს, როცა თამაში უნდა ყოფილიყო, "მონაკომ" ივარჯიშა "იდუნა პარკზე" და სასტუმროში დაბრუნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სოლიდარობა მაგარი ვეშია, ყველა ვარიანტში ჟრიალის ბუსუსები მოაქვს სადაც არ უნდა იყოს!
Irakli apkhaidze
11:40 12-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული