ყველაზე კარგი, რაც "რეკორდმაისტერს" პირველ ტაიმში გამოუვიდა, ალაბა-რიბერის კომბინაცია გახლდათ, რომელსაც ტიაგო ალკანტარა აგვირგვინებდა ახლო მანძილიდან, მაგრამ მარსელომ ეს დარტყმა დაბლოკა. ეს სტილი "რეალს" ხელს აძლევდა და ნელ-ნელა მადრიდელებმა მომენტების შექმნა დაიწყეს. ვნახეთ დანი კარვახალის დარტყმა და მანუელ ნოიერის "სეივი". მერე ნოიერმა უხერხულად მოიგერია და დარტყმის შემდგომ ბოატენგმა კარის ხაზიდან გამოიტანა.
დაბრუნებულმა ჰუმელსმა ბურთი მეტოქეს გაარტყა და კინაღამ კურიოზული
მეორე ტაიმის სტარტზეც ჯერ "რეალს" ჰქონდა მორიგი ნახევრად მომენტი, როდესაც გარეთ ბეილის ნაცვლად მოთამაშე ისკომ სახიფათოდ დაარტყა. იყო მომენტი, როდესაც არტურო ვიდალმა კაზემიროზე იუხეშა, მას ყვითელი უკვე ჰქონდა და ვიქტორ კასაიმ იგი არ გააძევა. მოგვიანებით მსაჯმა მსგავს სიტუაციაში კაზემირო დაინდო.
"ბაიერნმაც" დაარტყა ზუსტად და მერე როგორ... რობენი პასისას ბურთზე წინ დარჩა და ძლიერად ვერ დაარტყამდა, ამიტომაც ბურთს ფეხი ამოუსვა, რაც ნავასის გაუვნებელყოფას ეყო, მაგრამ მარსელომ ხაზიდან გამოიტანა.
ცოტა ხანში კი არიენმა პენალტი გამოიმუშავა,რომელიც ლევანდოვსკიმ შეაგდო.
64-ე წუთზე ზინედინ ზიდანმა საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო, მან ქარიმ ბენზემა მოხსნა და მინდორზე მარკოს ასენსიო შეიყვანა, რომელსაც მოგვიანებით ლუკასი დაემატა.
პირველი მატჩის გმირმა რონალდომ თავისი სიტყვა ისევ თქვა - კაზემირომ პატარა შეცდომა იმით გამოისყიდა, რომ ბურთისთვის კარგად იბრძოლა და მერე პორტუგალიელს კოხტად ჩაუგდო. ბოატენგი და ლამი უძლურნი იყვნენ და ნოიერიც, კრიშტიანომ თავურით შორეულ კუთხეში აუღებლად ჩაჭრა.
"ბაიერნის" მიზანი უცვლელი დარჩა - მეორე გოლი. როდესაც ჩაბი ალონსო გადიოდა და თომას მიულერი შემოდიოდა, "რეალის" ფანებმა აპლოდისმენტები უძღვნეს მათ ყოფილ ფეხბურთელს. მალე რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა - ქაოსი მასპინძელთა საჯარიმოში, სერხიო რამოსმა ბურთს უხერხულად მიჰკრა ფეხი და ავტოგოლი გაიტანა. ამას მიუნხენელები, ალბათ, თავადაც არ ელოდნენ.
"ბაიერნს" აღარ გაუმართლა 84-ე წუთზე, როდესაც "სცენას დაუბრუნდა" პატივცემული კასაი - უნგრელმა არბიტრმა ვიდალი სუფთა თამაშისთვის გააძევა. "ბაიერნი" 10 კაცით დარჩა და ისღა დარჩენოდა, როგორმე ეს ანგარიში შეენახა და თამაში დამატებით დროში გადაეყვანა.
ცოტა მოულოდნელი იყო, რომ საწყის წუთებში ტერიტორიულ უპირატესობას "ბაიერნი" ფლობდა. ერთხელ რობენმაც შემოგვთავაზა პატარა სოლო-რეიდი, მაგრამ გატანა აღარ გამოუვიდა. მერე "რეალმა" მოუმატა, კრიშტიანოს ნოიერმა აუღო, მარსელომ ააცილა. სერხიო რამოსმა კი დანაშაული იმით გამოისყიდა, რომ რონალდოს ლამაზად ჩაუგდო და კრიშტიანომ ამჯერად გაიტანა, მაგრამ...
პორტუგალიელი თამაშგარეში იყო, ეს კი ლაინსმენმა ვერ დაინახა, გოლი ჩაითვალა.
110-ე წუთზე ყველაფერი დამთავრდა - მარსელო მორიგი სოლო-რეიდით გასცდა რამდენიმე ფეხბურთელს, მსაჯსაც ჩაუქროლა და ბოლოს, როდესაც თავადაც შეეძლო გატანა, რონალდოს მიუგორა, ჰეთ-თრიკი შეასრულებინა და ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 (!) გოლი გაატანინა. კრიშტიანომ მიუნხენელებს ორ მატჩში 5 გოლი გაუტანა.
"ბაიერნი" საბოლოოდ გატყდა და ასენსიომაც ლამაზი გოლი გაიტანა. კასაისა და მისი ბრიგადის საშინელ მსაჯობაზე კიდევ ბევრს ილაპარაკებენ, თუმცა ეს "რეალის" ფეხბურთელების ბრალი არ არის, "სამეფო კლუბი" ტიტულის შესანარჩუნებლად ბრძოლას აგრძელებს.
რეალი-ბაიერნი 4:2 დ.დ (1:2) (2:1)
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (53-პენ), 1:1 რონალდო (76), 1:2 სერხიო რამოსი (78 ს. კ.), 2:2 რონალდო (105), 3:2 რონალდო (110), 4:2 ასენსიო (112)
რეალი (4-3-3): ნავასი - კარვახალი, ნაჩო, სერხიო რამოსი, მარსელო - კაზემირო, მოდრიჩი, კროოსი - ისკო (71. ლუკას ვასკესი), რონალდო, ბენზემა (64. ასენსიო)
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - ლამი, ჰუმელსი, ბოატენგი, ალაბა - ჩაბი ალონსო (75. მიულერი) - ვიდალი, ტიაგო ალკანტარა, რიბერი (71. დუგლას კოშტა), რობენი - ლევანდოვსკი (88. კიმიხი)
გაძევება: ვიდალი (84)
მაყურებელი: 78 346
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"