15:00 11-05-2017
იუვენტუსი-მონაკო. გამოხმაურება: ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს
AutoSharing Option
"ვეკია სენიორას" წაგებული ფინალები დაუგროვდა - გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ტურინულ გრანდს 4 ფინალი აქვს წაგებული: 1997 წელს დორტმუნდის "ბორუსიასთან" (1:3), 1998 წელს მადრიდის "რეალთან" (0:1), 2003 წელს "მილანთან" თერთმეტმეტრიანების სერიაში და 2015 წელს "ბარსელონასთან" (1:3).
მიმდინარე სეზონში "იუვეს" გულშემატკივართა სლოგანია: "დროა" - დიახ, დროა, რომ "ბებერმა ქალბატონმა" ლიგა მოიგოს, თუმცა ფინალში შანსები თანაბარი იქნება. "ბიანკონერიმ" ნახევარფინალური ეტაპი განსაკუთრებული პრობლემების გარეშე გაიარა - "მონაკო" ორივე შეხვედრაში დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგაზე წაუგებელ მატჩთა რაოდენობა 12-მდე გაზარდა: 9 მოგება და 3 ფრე - ეს "იუვეს" რეკორდია...
"მონაკოსთან" განმეორებითი მატჩების შემდეგ "იუვეს" მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა საინტერესო კომენტარები გააკეთეს...
მასიმილიანო ალეგრი: "მიხარია, რომ ჩემს ფეხბურთელებს შრომა დაუფასდათ და ფინალში გავედით. თუმცა, ხვალიდან სრული მობილიზება გვმართებს, რადგან ჯერ კიდევ არაფერი მოგვიგია. არ მჭირდება ზედმეტი ქება - მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, რომელიც სიამოვნებას მანიჭებს. არ ვიძაბები, არ ვიტანჯები და უბრალოდ ვაკეთებ იმას, რაც მომწონს. როდესაც ამ შეგრძნებას დავკარგავ, ცვლილებებზეც დავფიქრდები. კამილ გლიკის უხეშობამ და გაშვებულმა გოლმა გამოგვაფხიზლა - მივხვდით, რომ ბრძოლა გრძელდება და საქმის ბოლომდე მიყვანაა საჭირო. კუთხურის დროს ყურადღებით უნდა გვეთამაშა და კარს მშრალად შევინახავდით. ეს მაგალითი უნდა იყოს, რომ მომავალში მსგავსი შეცდომა არ დავუშვათ. ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის მოგების კარგი შანსი გვაქვს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. წინ რთული მატჩი გვაქვს "რომასთან" და ასევე, იტალიის თასის ფინალი "ლაციოსთან". იმედია, ეს "იუვენტუსის" წელია და წინ დიდი გამარჯვებები გველოდება".
ჯანლუიჯი ბუფონი: "მიუხედავად იმისა, რომ პირველი მატჩი დამაჯერებლად მოვიგეთ, მეორე პაექრობას სრული კონცენტრაციით შევხვდით. რთული მატჩი იყო და ყურადღება რომ მოგვედუნებინა, აუცილებლად დავისჯებოდით. გარკვეულ პრობლემებს წავაწყდით, თუმცა მთლიანობაში, ვაჯობეთ მეტოქეს. ფინალში ვართ და ეს კარგია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მიზანი არა ფინალში გასვლა, არამედ ტურნირის მოგებაა. ამიტომ, ჯერ ზეიმის დრო არაა. გოლი არ უნდა გაგვეშვა - ეს ჩვენი მინუსია და ეპიზოდი კარგად უნდა გავარჩიოთ. არის თუ არა "იუვეს" ფინალში გასვლა პირველ რიგში ჩემი დამსახურება? - ფეხბურთი გუნდური თამაშია და წარმატებაში თითოეული ჩვენგანი თავის აგურს დებს. კარგ ფორმაში ვარ და ეს მახარებს, მაგრამ მარტო მეკარე ვერაფერს გახდება, თუ გუნდმა არ შეუწყო ხელი".
დანი ალვეში: "ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა და ამის საშუალება კიდევ ერთხელ მომეცემა. ბედნიერი ვარ, რომ "მონაკო" დავამარცხეთ და კარდიფში მივდივართ. ზამთარში "ბარსელონაში" მსურდა დაბრუნება, თუმცა კატალონიელებმა უარი შემომითვალეს. რა გაეწყობოდა, დავრჩი ტურინში და ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ვემზადები. წინ დიდი მატჩი გველოდება, თუმცა იქამდე იტალიის ჩემპიონატი და თასი უნდა მოვიგოთ - ჩემპიონთა ლიგის ფინალს ტიტულებით უნდა შევხვდეთ".
ლეონარდო ბონუჩი: "კარგად ვითამაშეთ და ფინალში დამსახურებულად გავედით. "იუვენტუსი" არავისთვისაა სიურპრიზი - ყველამ იცის, რომ უმაღლესი მიზნისთვის ბრძოლა შეგვიძლია. დასანანია, რომ კონცენტრაცია დავკარგეთ და გოლი გავუშვით. ყურადღება მოვადუნეთ, რაც სამომავლოდ აღარ უნდა განმეორდეს. ჩვენი სურვილი იყო, რომ კარი მშრალად შეგვენახა, მაგრამ ამ მიზანს ვერ მივაღწიეთ. ფინალში რთული მატჩი გველოდება, თუმცა ჩვენ დიდი ბრძოლისთვის მზად ვართ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული