ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. IV ტური. სამშაბათის მატჩების წინ

AutoSharing Option
6 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ნახევარი იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურნირის ეს რაუნდი გადამწყვეტ ფაზაში შედის.

კლუბები უკვე იწყებენ მერვედფინალის საგზურების განაღდებას.

ამ საკითხის სათავისოდ გადაწყვეტა სამშაბათს "პორტუს" და "მალაგას" შეუძლიათ. "რეალს" და "არსენალს" კი გერმანულ კლუბებზე შურისძიება სურთ.


A ჯგუფი
პორტუს კიევში ფრეც აწყობს
რაკი საკუთარ მოედანზე 3:2 მოუგო, "პორტუს" კიევში "დინამოსთან" ფრეც აწყობს იმისათვის, რომ მერვედფინალში თამაში გაინაღდოს.

პორტუგალიის ჩემპიონებმა 6 ნოემბერს გასამართი შეხვედრის "გენერალური რეპეტიცია" წარმატებით ჩაატარეს და "მარიტიმუ" 5:0 გაანადგურეს, რის შემდეგაც სატურნირო
ცხრილს კვლავ ლისაბონის "ბენფიკასთან" ერთად ლიდერობენ.

კიევის "დინამოს" მხოლოდ გამარჯვება სჭირდება. მართალია, უკრაინელებმა დღემდე მხოლოდ სამ ქულას მოუყარეს თავი, მაგრამ მოგების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლის შანსი შერჩებათ.

უკრაინის ჩემპიონატში სიმფეროპოლელებთან მოგებული მატჩის (2:0) შემდეგ კიეველები მესამე ადგილზე არიან და ლიდერ დონეცკის "შახტარს" (42 ქულა 14 მატჩის შემდეგ) 14 ქულით ჩამორჩებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩენის შემთხვევაში "დინამოს" ასპარეზობა ძალიან უარყოფითად შეფასდება.

"დინამოს" თავკაცმა ოლეგ ბლოხინმა, რომელიც 5 ნოემბერს 60 წლის გახდა, პრესკონფერენციაზე თქვა, მხოლოდ სამი ქულისთვის ვიბრძოლებთ, ეს თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთო...

დინამო (კ)-პორტუ 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
დინამო /კ/ (4-3-2-1): შოვკოვსკი - ბეტაო, მიხალიკი, ხაჩერიდი, ტაიო - გარმაში, ვუკოიევიჩი, მიგელ ველოზო - იარმოლენკო, გუსევი - იდეიე.
პორტუ (4-3-2-1): ელტონი - დანილო, მაიკონი, ოტამენდი, მანგალა - ლუჩო გონსალესო, ფერნანდო, ჟოაო მოუტინიო - ვარელა, ჯეიმს როდრიგესი - ჯეკსონ მარტინესი.
არბიტრი: ალბერტო უნდიანო მალენკო (ესპანეთი)

* * *
A ჯგუფის მეორე შეხვედრაში ზაგრების "დინამო" პსჟ-ს სტუმრობს და ამ დუელში როლები მკვეთრადაა გადანაწილებული.

პარიზელებმა ზაგრებში 2:0 გაიმარჯვეს. დღეისათვის უქულოდ და უგოლოდ მყოფი ხორვატიის ჩემპიონის ჯგუფიდან გასვლის შანსები პრაქტიკულად უკვე ნულის ტოლია.

მართალია, პსჟ დაუმარცხებელი არ არის, რაც ახლახან, "სენტ ეტიენთან" შეხვედრაშიც გამოჩნდა, რომელიც კარლო ანჩელოტის შეგირდებმა 1:2 წააგეს. ხსენებულ თამაშში პარიზელებს ნერვების მოთოკვა უჭირდათ - ეს, პირველ რიგში, ზლატან იბრაჰიმოვიჩზე ითქმის, რომელმაც მეტოქის მეკარეს კუნგ-ფუს ილეთი ჩაუტარა და მოედნიდან გააძევეს...

პსჟ-დინამო (ზ) 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
პსჟ (4-3-2-1): სირიგუ - ჟალე, სახო, ტიაგო სილვა, მაქსველი - ვერატი, შანტომი, სისოკო - პასტორე, მენეზი - იბრაჰიმოვიჩი.
დინამო /ზ/ (4-3-1-2): კელავა - ვიდა, პულიჩი, შიმუნიჩი, პივარიჩი - ვრსალკო, კოვაჩიჩი, ადემი - სამირი - ბეჩირაი, რუკავინა.
არბიტრი: პაველ ჟილი (პოლონეთი)

გუნდი
1 პორტუ 3 3 0 0 6-2 9
2 პსჟ 3 2 0 1 6-2 6
3 დინამო (კ) 3 1 0 2 5-7 3
4 დინამო (ზ) 3 0 0 3 0-6 0


B ჯგუფი
იძიებს შურს არსენალი?
ლონდონში მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ (2:0) "შალკე" ჯგუფის ლიდერია და თუ გელზენკირხენელები რევანშის სურვილით შეპყრობილ ლონდონელებს 6 ნოემბერსაც დაამარცხებენ, მერვედფინალის საგზურს, პრაქტიკულად, გაინაღდებენ.

გასულ უქმეებზე "შალკე" ბუნდესლიგაში "ჰოფენჰაიმთან" დამარცხდა (2:3) და ფანებისთვის ბოდიში აქვს მოსახდელი, რისთვისაც საუკეთესო გამოსავალი "არსენალთან" მეორე გამარჯვება იქნებოდა.

"მერე რა, რომ "ჰოფენჰაიმთან" წავაგეთ - ფაქტია, ძალიან კარგ ფორმაში ვართ. "ჰოფესთან" უამრავი მომენტი და ბურთის ფლობის მხრივ უდიდესი უპირატესობა გვქონდა. იმედია, "არსენალთანაც" ასე იქნება და უპირატესობა ტაბლოზე დაფიქსირებულ შედეგშიც აისახება", - ეს "შალკეს" საყრდენი ნახევარმცველის, რომან ნოიშტედტერის სიტყვებია.

გელზენკირხენელთა თავკაცი ჰუუბ სტევენსი ნამდვილად ვერ გამოიყენებს ცენტრალურ მცველ კრისტოფ მეტცელდერს, თუმცა ეს უკანასკნელი სასტარტო შემადგენლობაში მაინც იშვიათად თამაშობს ხოლმე.

კითხვის ნიშნის ქვეშაა კიდევ ერთი ცენტრალური უკანახაზელის, კირიაკოს პაპადოპულოსის ასპარეზობაც. ამრიგად, "შალკეს" დაცვის ცენტრში აუცილებლად ჰიოვედესისა და მატიპის ტანდემს ვიხილავთ.

შესაძლოა, სტევენსმა გამთამაშებლად ჰოლტბის ნაცვლად დრაქსლერი გაამწესოს.

"არსენალს", როგორც უკვე ვთქვით, შურისძიება უნდა, რადგან "შალკესთან" საკუთარ მოედანზე წაგება ევროტურნირების საშინაო მატჩებში არაინგლისურ მეტოქესთან 45-მატჩიანი წაუგებელი სერიის (!) დასასრული გახლდათ.

შალკე-არსენალი 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
შალკე (4-2-3-1): უნერშტალი - უჩიდა, ჰიოვედესი, მატიპი, ფუხსი - ნოიშტედტერი, ჯონსი - ფარფანი, ჰოლტბი, აფელაი - ჰუნტელაარი.
არსენალი (4-2-3-1): მანონე - სანია, მერტეზაკერი, ვერმაელენი, გიბსი - არტეტა, უილშირი - უოლკოტი, კასორლა, არშავინი - პოდოლსკი.
არბიტრი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)

* * *
ამავდროულად, "ოლიმპიაკოსი" "მონპელიეს" უმასპინძლებს და ეს შეხვედრა ორივე გუნდისთვის მერვედფინალში გასასვლელად გაბრძოლების ფაქტობრივად უკანასკნელი შანსია.

წინა ტურში ბერძნებმა საფრანგეთიდან სამი ქულა წაიღეს (2:1) და კარგ ხასიათზე არიან, "მონპელიე" კი ჩემპიონთა ლიგაში ერთი ქულით ბოლო ადგილზეა, საფრანგეთის ჩემპიონატში კი მოქმედი ჩემპიონი მე-14 პოზიციაზე იმყოფება...

ოლიმპიაკოსი-მონპელიე 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
ოლიმპიაკოსი (4-2-3-1): კეროლი - ტოროსიდისი, მანოლასი, კონტრერასი, ჰოლებასი - მანიატისი, მოდესტო - ფუსტერი, გრეკო, მიტროღლუ - ჯებური.
მონპელიე (4-2-3-1): პიონირი - ბოკალი, იანგა-მბივა, ჰილტონი, ბედიმო - საი, სტამბული - უტაკა, ბელჰანდა, მუნიე - შარბონი.
არბიტრი: მარიო სტრაჰონია (ხორვატია)

გუნდი
1 შალკე 3 2 1 0 6-3 7
2 არსენალი 3 2 0 1 5-4 6
3 ოლიმპიაკოსი 3 1 0 2 4-6 3
4 მონპელიე 3 0 1 2 4-6 1


C ჯგუფი
მილანი წნეხის ქვეშ
"მალაგა" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მთავარი აღმოჩენაა: ანდალუსიელებს სამივე თამაში მოგებული აქვთ და კარს დღემდე მშრალად ინახავენ.

საკუთარ კედლებში "მილანის" დამარცხებით (1:0) "მალაგამ" მერვედფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა და 6 ნოემბერს "როსონერის" "სან სიროზე" დაუპირისპირდება.

მილანელებს სამი ტურის შემდეგ მხოლოდ ოთხი ქულა აქვთ მოპოვებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მასიმილიანო ალეგრის გუნდი უკვე წნეხის ქვეშაა. "მილანმა" იტალიის ჩემპიონატში "კიევო" 5:1 გაანადგურა, რამაც ტიფოზერიას შედეგების გაუმჯობესების იმედი გაუჩინა. თუმცა "მალაგა", რომელიც "რაიო ვალეკანოსთან" 1:2 დამარცხდა, სხვა კალიბრის გუნდია და მილანელებს სიფრთხილე მართებთ.

აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ესპანური კლუბის მფლობელმა შეიხმა ალ თანიმ დანაპირები არ შეასრულა და ხელფას-პრემიები 31 ოქტომბერს არ გადაიხადა...

მილანი-მალაგა 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
მილანი (3-4-3): ამელია - მექსე, ბონერა, საპატა - აბატე, მონტოლივო, ამბროზინი, ემანუელსონი - ბოიანი, პაცინი, ელ შაარავი.
მალაგა (4-1-4-1): კაბალიერო - გამესი, ველიგტონი, დემიკელისი, ელისეუ - კამაჩო - ხოაკინი, ისკო, პორტილიო, დუდა - სავიოლა.
არბიტრი: ჰოვარდ ვები (საფრანგეთი)

* * *
თუ "ანდერლეხტს" რამე უნდა და შეუძლია, ეს "ზენიტთან" შეხვედრაში უნდა დაამტკიცოს - წინააღმდეგ შემთხვევაში, ბელგიელები ჯგუფში ჩარჩებიან.

რუსეთის ჩემპიონს ამ მატჩისთვის 4-კვირიანი შიდა დისკვალიფიკაციის შემდეგ დენისოვი უბრუნდება. შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი გუნდის კაპიტანია, შიდა დისკვალიფიკაცია კი იმის გამო ჰქონდა მისჯილი, რომ ხელფასის მომატება მოითხოვა და 22 სექტემბერს "კრილია სოვეტოვთან" თამაში იუარა.

ახლახან დენისოვმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში. სამაგიეროდ, პეტერბურგელებს ჰალკი დააკლდებათ, რომელსაც იშიაზი აქვს...

ანდერლეხტი-ზენიტი 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
ანდერლეხტი (4-2-3-1): პროტო - ვასილიევსკი, კუიატე, ნუიტინკი, დეშახტი - ბილია, კანუ - ჟილე, პრო, იოვანოვიჩი - დე სუტერი.
ზენიტი (4-4-2): მალაფეევი - ანიუკოვი, ჰუბოკანი, ლომბერტსი, კრიშიტო - ფაიზულინი, ვიტსელი, შიროკოვი, სემაკი - ბუხაროვი, კერჟაკოვი.
არბიტრი: ანტონი გაუტიე (საფრანგეთი)

გუნდი
1 მალაგა 3 3 0 0 7-0 9
2 მილანი 3 1 1 1 3-3 4
3 ზენიტი 3 1 0 2 3-6 3
4 ანდერლეხტი 3 0 1 2 0-4 1


D ჯგუფი
ეშველება სიტის?
გერმანიის ჩემპიონმა და თასის მფლობელმა დორტმუნდის "ბორუსიამ" ორი კვირის წინ "რეალი" მადრიდში ხელცარიელი გააბრუნა (2:1), ახლა კი თავად სტუმრობს "სამეფო გუნდს" "სანტიაგო ბერნაბეუზე".

მატჩისწინა კომენტარებიდან ჩანს, რომ დორტმუნდელები "რეალს" უფრთხიან.

"გვესმის, რომ ორი კვირის წინ მადრიდელები ძალიან გავაბრაზეთ და ფაქტია, შურისძიებისთვის ყველაფერს გააკეთებენ. შევეცდებით, მაქსიმალური კონცენტრაციით ვითამაშოთ და მადრიდში არ დავმარცხდეთ", - ეს "ბორუსიას" მარცხენა მცველის, მარსელ შმელცერის სიტყვებია, რომელმაც ორი კვირის წინ "რეალის" კარში გამარჯვების გოლი გაიტანა.

დორტმუნდელთა კაპიტან სებასტიან კელს "შტუტგარტთან" შეხვედრაში (0:0) ყვრიმალის ძვალი გაუტეხეს, თუმცა ამ უკანასკნელს 6 ნოემბერს მოედანზე გასვლა შეეძლება - ოღონდ დამცავი ნიღბით.

"რეალმა" "სარაგოსა" 4:0 გაანადგურა და ამ შეხვედრაში მადრიდელებს ჩაბი ალონსო ჰყავდათ დისკვალიფიცირებული, რომელიც ახლა ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდება. სამაგიეროდ, ჟოზე მოურინიო კვლავ ვერ გამოიყენებს სამი ხედირას და ფაბიო კოენტრაოს - ორივე ტრავმირებულია.

რეალი-ბორუსია (დ) 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - სერხიო რამოსი, პეპე, რაულ ალბიოლი, არბელოა - მოდრიჩი, ჩაბი ალონსო - დი მარია, იოზილი, კ. რონალდო - იგუაინი.
ბორუსია /დ/ (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - გიუნდოგანი, კელი - როისი, გიოტცე, გროსკროიტცი - ლევანდოვსკი.
არბიტრი: ჩიუნეით ჩაქირი (თურქეთი)

* * *
სიკვდილის ჯგუფის მეორე მატჩში "მანჩესტერ სიტი" "აიაქსს" მასპინძლობს და უმძიმესი წნეხის ქვეშაა, რადგან რობერტო მანჩინის შეგირდები ამსტერდამში 1:3 დამარცხდნენ და სამი ტურის შემდეგ მხოლოდ ერთი ქულა აქვთ.

კიდევ ერთი წაფორხილება და "სიტი" იძულებული გახდება, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი დაივიწყოს. ამ უქმეებზე "სიტიმ" ვერც "ვესტ ჰემს" მოუგო, რის შემდეგაც თავად მანჩინიც დაიწნეხა.

თუმცა "აიაქსს" ჰოლანდიის ჩემპიონატში უფრო უარესად აქვს საქმე - ამსტერდამელები საკუთარ მოედანზე "ვიტესთან" 0:2 დამარცხდნენ და ასეთი ცუდი სტარტი 2005 წლის შემდეგ არ ჰქონიათ.

მანჩესტერ სიტი-აიაქსი 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი - საბალეტა, კომპანი, ნასტასიჩი, კლიში - იაია ტურე, ბერი - ნასრი, ტევესი, ბალოტელი - აგუერო.
აიაქსი (4-3-3): ვერმეერი - ვან რინი, ალდერვეირელდი, მოისანდერი, ბლინდი - შონე, პოულსენი, დე იონგი - სანა, ერიკსენი, ბაბელი.
არბიტრი: პეტერ რასმუსენი (დანია)

გუნდი
1 ბორუსია (დ) 3 2 1 0 4-2 7
2 რეალი 3 2 0 1 8-5 6
3 აიაქსი 3 1 0 2 4-6 3
4 მანჩესტერ სიტი 3 0 1 2 4-7 1

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სამი ჰედირას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან "დორტმუნდის" გასვლა სურს
ჩემპიონთა ლიგა. სტატისტიკა: "მალაგა" - ევროპის საუკეთესო გუნდი
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტური. ოთხშაბათის მატჩების მიმოხილვა
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტური. სამშაბათის მატჩების მიმოხილვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული