იურგენ კლოპის გუნდი "მალაგასთან" ორჯერ აგებდა და თამაში მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში, მარკო როისისა (91) და ფელიპე სანტანას (92) გოლებით შეატრიალა.
აღსანიშნავია, რომ გადამწყვეტი გოლის მომენტში ორი ეპიზოდი ჰგავდა თამაშგარე მდგომარეობას - ჯერ იულიან შიბერი გახლდათ ოფსაიდში, მერე კი სანტანა, მაგრამ აქ ისიც უნდა ვთქვათ, რომ "მალაგას" მეორე გოლიც თამაშგარე მდგომარეობიდან გავიდა (ელიზეუ).
"ორი ზღაპრული გოლი 91-ე და 92-ე წუთებზე! მთელი ღამე ვიზეიმებთ!" - თქვა მატჩის შემდეგ კლოპმა.
პირველი მატჩისგან განსხვავებით, დორტმუნდელებმა თამაში ძალიან ნერვიულად დაიწყეს და 25-ე წუთზე სამართლიანად დაისაჯნენ: ისკოს პასი ხოაკინმა შეირგო და ანგარიში გახსნა.
"ბორუსიამ" ისე ვერ მოუმატა, როგორც საჭირო იყო, მაგრამ კლოპის ბიჭებმა პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში მაინც გაათანაბრეს - გიოტცემ როისი მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი მოხდენილი პასით ბურთი ქუსლით გაატანა ლევანდოვსკის, რომელიც კაბალიეროს გასცდა და ცარიელი კარი დალაშქრა.
მეორე ტაიმის დასაწყისში დორტმუნდელთა პოლონელმა გოლეადორმა დუბლის შესრულების იდეალური შანსი გაანიავა - მას კაბალიერომ აჯობა. მერე კი უკვე "ბორუსიას" მეკარე რომან ვაიდენფელერმა იხსნა თავისიანები.
კლოპმა თამაშში ნური შაჰინი და იულიან შიბერი ჩართო, შეგირდებს ანდალუსიელთა დაწნეხვა უბრძანა, მაგრამ შავ-ყვითლები მასირებული იერიშების განხორციელებას ვერ ახერხებდნენ.
76-ე და 79-ე წუთებზე ჯერ როისს, მერე კი გიოტცეს მართებდათ გატანა. სამ წუთში კი, ყველასათვის მოულოდნელად, "მალაგამ" გაიტანა - ზემოთაც ვთქვით, რომ ელიზეუს გოლის მომენტი ძალიან ჰგავდა თამაშგარე მდგომარეობას.
იმ დროს, როცა ყველამ იფიქრა, რომ ჩემპიონთა ლიგის ამ გათამაშების ყველაზე სენსაციური გუნდი "მალაგა" ნახევარფინალში გავიდა, დორტმუნდელებმა მსაჯის მიერ დამატებულ პირველ და მეორე წუთებზე ორი გოლი გაიტანეს და წარმოგვიდგენია, ფეხბურთის რამდენ მოყვარულს გაახსენეს 1999 წლის ფინალი...
ჩემპიონთა ლიგა. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩი
დორტმუნდი-მალაგა 3:2 (0:0)
გოლები: 0:1 ხოაკინი (25), 1:1 ლევანდოვსკი (40), 1:2 ელიზეუ (82), 2:2 როისი (91), 3:2 ფელიპე სანტანა (92)
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, სუბოტიჩი, ფელიპე სანტანა, შმელცერი - გიუნდოგანი (86. ჰუმელსი), ს. ბენდერი (72. ნ. შაჰინი) - ბლაშჩიკოვსკი (72. შიბერი), გიოტცე, როისი - ლევანდოვსკი.
მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო - ხესუს გამესი, სერხიო სანჩესი, დემიკელისი, ანტუნეში - ტულალანი, კამაჩო - ხოაკინი (87. პორტილიო), ისკო, დუდა (74. ელიზეუ) - ჟულიო ბაპტიშტა (83. სანტა კრუსი).
გაფრთხილება: ს. ბენდერი, შმელცერი - ხესუს გამესი, ტულალანი
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 12-13; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 16(9)-8(5); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 65 829
Video
09.04.13. დორტმუნდი - მალაგა 3:2
09.04.13. დორტმუნდი - მალაგა 3:2
მატჩის შემდგომი კომენტარები:
იურგენ კლოპი: მე მგონი ექიმს უნდა მივაკითხო
მანუელ პელეგრინი: სისულელე იყო ფიქრი, რომ უეფას დასჯილი გუნდი ფინალში ითამაშებდა
"მალაგას" მფლობელი: ეს ფეხბურთი კი არა, ნათელი დისკრიმინაცია იყო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. ოთხშაბათის მატჩის მიმოხილვა: მეგობრობა "როსალედაზე"
მალაგა-დორტმუნდი 0:0 - დიდი უსამართლობა "ლა როსალედაზე" [VIDEO]