მესი(ა) რომ არა - ბარსელონა-პარი სენ ჟერმენის მატჩის მიმოხილვა

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, "ბარსელონა" და "ბაიერნი" ნახევარფინალში გავიდნენ, თუმცა არ ორმა გუნდმა რადიკალურად განსხვავებული გზა გაიარა - თუ "ბაიერნის" საგზურს არაფერი დამუქრებია და მიუნხენელებმა ტურინშიც განსაკუთრებული ნერვიულობის გარეშე იმარჯვეს, კატალონიელებს საკმაოდ გაუჭირდათ და "ბარსას" ქომაგებმაც ინერვიულეს.

"პარი სენ ჟერმენმა" ფავორიტად მიჩნეულ მასპინძელს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია და საბოლოოდ, ისე გავარდა, რომ "ბარსასთან" ერთი მატჩიც არ წაუგია.

ცოტა მეტი იღბალი და ვინ იცის, იქნებ ნახევარფინალში ერთი ფრანგული გუნდიც გასულიყო...

რეაქციები
ჟორდი როურა (ბარსელონას მეორე მწვრთნელი): "ძალიან რთული მატჩი გამოდგა, რადგან ჩვენ საკმაოდ
ძლიერ გუნდს ვეთამაშებოდით. მართალია, ბევრი წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა, მაგრამ გამარჯვებისთვის საჭირო კლასი და ოსტატობა აღმოგვაჩნდა. ყველანი ძალიან ბედნიერები და ამაყები ვართ".

კარლო ანჩელოტი (პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი): "ძალიან დამწუხრებული, მაგრამ ამავე დროს ამაყი ვარ. გამარჯვებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. ბოლომდე ვიბრძოლეთ, მეტოქეს არაფერი დავუთმეთ და საკმაოდ კარგადაც ვითამაშეთ. ძირითადად თავს ვიცავდით, მაგრამ როდესაც ბურთს ვეუფლებოდით, კარგ შეტევებსაც ვახორციელებდით. საბოლოო ჯამში, იმედგაცრუებული ვარ, რადგან მეტის მიღწევაც შეგვეძლო".

პედრო (ბარსელონა): "ძალიან ბედნიერები ვართ. ანგარიშის გათანაბრებას და მომდევნო ეტაპზე გასვლას აშკარად ვიმსახურებდით. "პარი სენ ჟერმენი" შესანიშნავი გუნდია, რომელმაც დღეს ძალიან კარგად ითამაშა. მატჩის დასაწყისში ჩვეული რიტმის პოვნა გაგვიჭირდა, რის გამოც თავიდან პრობლემები შეგვექმნა".

ანდრეს ინიესტა (ბარსელონა): "პსჟ ბრწყინვალე გუნდია - მათ ძალიან ძლიერი, ტექნიკურად სრულყოფილი ფეხბურთელები ჰყავთ. ვიცოდით, რომ რთული მატჩი გვექნებოდა, რადგან ისეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში, როგორიც არის "პარი სენ ჟერმენი", იოლი გასეირნება გამორიცხულია. ჩვენი მოლოდინი გამართლდა, მაგრამ საბედნიეროდ დასახულ მიზანს მივაღწიეთ".


შემადგენლობები
"ბარსელონას" სერიოზული საკადრო პრობლემები ჰქონდა. კატალონიელებს კარლეს პუიოლი და ხავიერ მასკერანო არ ჰყავდათ, რის გამოც დაცვის ცენტრში ასპარეზობამ ადრიანოს მოუწია. მთავარი პრობლემა კი ლეო მესის ჯანმრთელობა იყო - არგენტინელი ბოლომდე მზად არ გახლდათ და ის სათადარიგო სკამზე აღმოჩნდა.

კარლო ანჩელოტის ყველა წამყვანი ფეხბურთელი ჯანზე ჰყავდა, ერთადერთი მოთამაშე ვინც გუნდს ვერ დაეხმარა ბლეზ მატუიდი იყო - პირველი მატჩის ერთ-ერთმა გმირმა, პარიზულ შეხვედრაში ლიგაში მესამე ყვითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიცირებული გახლდათ.

ორივე გუნდმა ტრადიციული ტაქტიკა და განლაგება აირჩია. "ბარსელონას" 4-3-3-ს ანჩელოტიმ 4-4-2 დაუპირისპირა. კატალონიელებს ნახევარდაცვაში ბუსკეტსი-ჩავი-ინიესტას ტრიო მოქმედებდა, ცენტრფორვარდად დავიდ ვილია მოგვევლინა, ვისაც უკნიდან ფაბრეგასი, მარცხენა ფლანგიდან კი პედრო ეხმარებოდნენ. ტრადიციულად, მარჯვენა ფლანგი მთლიანად დანი ალვეშს ჰქონდა ჩაბარებული.

პარიზელთა ნახევარდაცვის ცენტრში მარკო ვერატი და ყოფილი კატალონიელი, ტიაგო მოტა მოქმედებდნენ, მარჯვნივ ლუკას მოურა იყო, მარცხნივ კი ხავიერ პასტორე. დანი ალვეშის შეტევებში ხშირი ჩართვების გამო, კატალონიელთა დაცვის მარჯვენა ფლანგი არაერთხელ ჩავარდა. ერთ-ერთ ასეთ ჩავარდნას, ხავიერ პასტორეს გოლიც მოჰყვა.

გმირი
ლიონელ მესი
(ბარსელონა)
მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე ჯანმრთელი არ იყო და ხშირად სირბილსაც ერიდებოდა, მატჩის გმირად მაინც ლეო მესი უნდა გამოვაცხადოთ.

არგენტინელის შემოსვლამდე კატალონიელებს მომენტების შექმნა უჭირდათ. როდესაც "ლა პულგა" მინდორზე გამოვიდა, მასპინძლები უფრო თავდაჯერებულნი გახდნენ და ჩვეულად შეუტიეს. მართალია, გოლი პედრომ გაიტანა, ხოლო საგოლე პასი დავიდ ვილიამ გააკეთა, მაგრამ ამ გოლში ყველაზე დიდი როლი მაინც მესის მიუძღვის, ვინც გარშემო რამდენიმე მეტოქე შემოიკრიბა და ვილიას შესანიშნავი პასი გაუკეთა.

ასევე უნდა აღვნიშოთ ვიქტორ ვალდესის დამაჯერებელი თამაში. "ბარსას" კიპერმა პირველ ტაიმში რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია. პასტორეს გოლის მომენტში ბურთს ფეხი კი წაარტყა, მაგრამ გუნდის გადარჩენა ვეღარ შეძლო.

ანტიგმირი
სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)

განსაკუთრებით ცუდად არავის უთამაშია, მაგრამ რამდენიმე ფეხბურთელის არადამაჯერებელი ასპარეზობის აღნიშვნა ნამდვილად შეიძლება. გაცილებით მეტს ველოდით ფაბრეგასისგან, ვინც შაბათს ჰეთთრიქი შეასრულა და კარგ განწყობაზე უნდა ყოფილიყო - სესკი პირველ ტაიმში კი აქტიურობდა, მაგრამ მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან დაბალი ჰქონდა.

ცუდი მატჩი ჩაატარა ესეკილ ლავეციმ, რომელიც მუდამ აქტიურია და ბევრს მოძრაობს. არგენტინელ ფორვარდს პირველ ტაიმში ერთი რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ მარცხენა ფეხის ნაცვლად, დარტყმა მარჯვენათი გადაწყვიტა და ვალდესს ბურთის მოგერიების საშუალება მისცა.

ძალიან ინერტული იყო სერხიო ბუსკეტსი, რომელმაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ორთაბრძოლა წააგო. შეცდომები ჰქონდა ადრიანოს, მაგრამ მას საპატიო მიზეზი აქვს - ბრაზილიელი ხომ მისთვის უჩვეულო პოზიციაზე თამაშობდა.

მსაჯი
ამ გუნდების პირველი მატჩისგან განსხვავებით, არბიტრს სერიოზული შეცდომები არ დაუშვია. საბოლოო ჯამში, ბიორნ კუიპერსმა და მისმა ბრიგადამ დამაჯერებლად იმსაჯეს და მაღალი შეფასებაც დაიმსახურეს.

მწვრთნელები
კარლო ანჩელოტიმ ძალიან თამამი გადაწყვეტილება მიიღო და გუნდი შეტევაზე მომართა. მართალია, "ბარსელონა" ბურთს უფრო ხშირად ფლობდა, მაგრამ "პარი სენ ჟერმენი" უფრო სახიფათოდ უტევდა. პარიზელებმა განსაკუთრებით პირველ ტაიმში იაქტიურეს, როდესაც კონტრშეტევებზე ორი მომენტი შექმნეს, თუმცა ლავეციმ და მოგვიანებით ლუკას მოურამ გატანა ვერ მოახერხეს.

მეორე ტაიმის დებიუტში, ასევე კონტრშეტევაზე გატანილი გოლის შემდეგ, იტალიელმა საკუთარი გუნდი დაცვაზე გადააწყო. მესის გამოსვლამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ არგენტინელის ერთი გააქტიურება საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ "ბარსელონას" საჭირო გოლი გაეტანა.

გამეიროს, ბექჰემის და ვან დერ ვილის გამოყვანას დიდი შედეგი არ მოუტანია. პარიზელებმა კატალონიელები კი ანერვიულეს, მაგრამ საგოლე მომენტი ვეღარ შექმნეს.

ტიტო ვილანოვაზე სათქმელი ბევრი არაფერია, კატალონიელთა მწვრთნელს განსაკუთრებული არაფერი მოუფიქრებია.

დასკვნა
ორი მატჩის ჯამში პარიზელებს ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებიათ. ოდნავ მეტი გამართლება და მომდევნო ეტაპზე კარლო ანჩელოტის გუნდი გავიდოდა.

ასეა თუ ისე, "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ზედიზედ მეექვსედ გავიდა და მიუხედავად იმისა, რომ პსჟ-ს კატალონიელებთან ერთი მატჩიც არ წაუგია, მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ გზას უფრო ძლიერ გუნდი აგრძელებს.

პსჟ კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული კლუბია, რომელსაც ჯერ კიდევ სჭირდება დრო იმისთვის, რომ ძლიერ გუნდად ჩამოყალიბდეს.

ჩემპიონთა ლიგა. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩი
ბარსელონა-პსჟ 1:1
გოლები: 0:1 პასტორე (50), 1:1 პედრო (71).
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, ადრიანო (62. ბარტრა), ალბა - ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა - პედრო, ფაბრეგასი (62. მესი), ვილია (84. სონგი).
პარი სენ ჟერმენი (4-4-2): სირიგუ - ჟალე (88. ვან დერ ვილი), ალექსი, ტიაგო სილვა, მაქსველი - ლუკას მოურა, ვერატი (83. ბექჰემი), ტიაგო მოტა, პასტორე - ლავეცი (81. გამეირო), იბრაჰიმოვიჩი.
გაფრთხილება: ადრიანო - ლავეცი, ტიაგო სილვა, ბექჰემი.
მაყურებელი: 96 022

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბარსელონა-პსჟ 1:1 - ერთხელაც ვერ მოუგო, მაგრამ გავიდა! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნამდვილად მესიაა
messi10
10:38 12-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული