ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტური. A ჯგუფი: ორი ნამდვილი ერთი მოჩვენების შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტური. A ჯგუფი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იუნაიტედი 3 2 1 0 6-3 7
2. ლევერკუზენი 3 2 0 1 8-5 6
3. შახტარი 3 1 1 1 3-5 4
4. სოსიედადი 3 0 0 3 1-5 0

შესაძლოა, ინგლისურ პრემიერლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედის" საქმეები მთლად კარგად ვერ მიდის; შესაძლოა, არც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს ინგლისური გრანდი დამაჯერებლად, მაგრამ ფაქტია, დევიდ მოიესის გუნდმა I წრე კომფორტულად, პირველ ადგილზე დაასრულა.

ფეხბურთში კი ტაბლო ძალიან ბევრს ნიშნავს.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ოლდ ტრეფორდზე" 3 ქულა ესპანეთის ნაკრების ახალწვეული მცველის, ინიგო მარტინესის ავტოგოლით მოიპოვა. გოლი კი ყველაზე სწრაფი იყო მე-3 ტურში, ის უკვე მე-2 წუთზე გავიდა:
უეინ რუნიმ მცველები მოატყუა, კარშიც კარგად დაარტყა, მაგრამ ძელმა ბურთი უკან უკუაგდო. აი, ზუსტად აქ შეცდა მარტინესი.

რობინ ვან პერსის გარეშე (ჰოლანდიელს ცერა თითი აქვს გასიებული) მოთამაშე "იუნაიტედს" აშკარად აკლდა შეტევაში სიმწვავე. მოიესი იძულებული იყო, შუახაზში 90 წუთი დაყრდნობოდა 39 წლის რაიან გიგზს. ვეტერანმა თითქმის 11 კილომეტრი გაირბინა, რაც დიდებული შედეგია მისი ასაკის ფეხბურთელისთვის.

მეორე ტაიმის მიწურულს, როცა ბასკებმა ზურგი მოაშიშვლეს, ეშლი იანგსა და რუნის გოლების გატანა შეეძლოთ, თუმცა "სოსიედადის" მეკარე კლაუდიო ბრავო დიდებულად თამაშობდა.

ბასკებმა წრე ნული ქულით დაასრულეს და მათი რეალური მიზანი ევროპალიგის პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლა თუ იქნება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
იუნაიტედი-სოსიედადი 1:0
გოლი: 1:0 ი. მარტინესი (2 ს.კ.)
მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა - რაფაელი (59. სმოლინგი), ჯონსი, ევანსი, ევრა - ვალენსია, კერიკი, გიგზი, კაგავა - ხ. ერნანდესი (80. ე. იანგი), რუნი
რეალ სოსიედადი (4-3-3): ბრავო - კ. მარტინესი, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, დე ლა ბელა - ზურუტუზა (75. გ. კასტრო), ბერგარა, ჩაბი პრიეტო (68. პარდო) - ველა, სეფეროვიჩი (75. აგირეჩე), გრიზმანი
გაფრთხილება: რაფაელი, კაგავა - ველა, ბერგარა, ჩაბი პრიეტო
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 18-15; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 18-12 (10-5); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 74 500

მატჩის შემდგომი კომენტარები:
დევიდ მოიესი: დღეს უეინ რუნი უბრალოდ ბრწყინვალე იყო

* * *
"ბაი არენაზე", ყველასთვის მოულოდნელად, უკრაინულ "შახტარს" სამი ჰიიპიას ბიჭებმა კუდით ქვა ასროლინეს - 4:0 მოუგეს.

დუბლი შეასრულა შტეფან კისლინგმა, რომელიც მუდმივად ყურადღების ცენტრშია - ხან იმიტომ, რომ შედეგიანი თამაშის მიუხედავად, არა და არ ეძახიან გერმანიის ნაკრებში, ხან კი კურიოზული გოლების გატანით.

შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის ბოლო ტურში მან კარის ბადეს გარედან მოარტყა ბურთი, ბადე გარღვეული იყო და ბურთი კარში აღმოჩნდა. შედეგად კი 2013 წლის ყველაზე კურიოზული გოლი მივიღეთ.

კისლინგმა დაამტკიცა, რომ "მოჩვენება-გოლების" გარდა, ნამდვილების გატანაც კარგად შეუძლია. ისევე, როგორც 5 დღის წინ, კისლინგმა თავურით გაიტანა, მაგრამ ამჯერად წესების სრული დაცვით.

მე-2 ტაიმში ისევ კისლინგმა იყოჩაღა: დარიო სრნასთან ორთაბრძოლაში მსაჯს პენალტი გამოსტყუა, რომელიც როლფესმა გოლად აქცია.

შემდეგ სიდნი სემმა იყოჩაღა, ვისაც ბრწყინვალე სეზონი აქვს; ბოლოს კი "შახტარის" რბევა ისევ კისლინგმა ახლო მანძილიდან დაასრულა მეკარე პიატოვის ძალიან უხეში შეცდომის შემდეგ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ლევერკუზენი-შახტარი 4:0
გოლები: 1:0 კისლინგი (22), 2:0 როლფესი (50-პენ), 3:0 სემი (57), 4:0 კისლინგი (72)
ლევერკუზენი (4-3-3): ლენო - დონატი, სპაჰიჩი (56. ვოლშაიდი), თოფრაქი, ბიონიში - ჩანი, როლფესი, კასტრო - სემი (57. ), კისლინგი (76. დერდიოკი), სონი (71. ჰეგელერი)
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - სრნა, რაკიცკი, კუჩერი, შევჩუკი - ფერნანდო (61. ილსინიო), ჰუბშმანი - დუგლას კოშტა, ალექს ტეიშეირა, ტაისონი (46. ბერნარდი) - ადრიანო (78. ფ. ფერეირა)
გაფრთხილება: დონატი, კისლინგი, ჩანი - სრნა
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 11-12; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 13-11 (9-7); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 27 000

მომდევნო ტური
5 ნოემბერი:
შახტარი-ლევერკუზენი, რეალ სოსიედადი-მანჩესტერ იუნაიტედი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული